"წესით, დეკემბრის ბოლომდე ნავთობის ფასი კვლავ უნდა დაეცეს, რასაც ტრენდის სახე ექნება"
თამარ მუკბანიანი
13.10.2018

 ნავთობის ფასმა კლება დაიწყო. ბოლო ორი დღის განმავლობაში ბარელი ერთბაშად 5 დოლარით გაიაფდა, რაც სრულიად საპირისპირო მომენტია იმ პროგნოზის ფონზე, რომ "შავი ოქროს" ღირებულებ 100 დოლარს მიაღწევდა. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ 20 დეკემბრამდე კლების ტენდენცია გაგრძელდება. შესაბამისად, ადგილობრივი ბაზარი ტოტალურ გაძვირებს გადაურჩა.

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასმა შეუქცევადი მატების ტენდენცია, ბოლო ორი დღეა, შეწყვიტა და ბარელის ფასი მოულოდნელად 5 დოლარით დაეცა. არის თუ არა ეს დაღმავალი ტრენდის საწყისი, ჯერ ექსპერტებს საუბარი უჭირთ, თუმცა შეცვლილია ერთიანი პროგნოზი, რომლის მიხედვითაც, ნავთობის ფასს ბარელზე 100 დოლარისათვის უნდა მიეღწია, რაც საქართველოში ბენზინის 3 ლარამდე გაძვირებას გამოიწვევდა.

"ფინექს 1970"-ის ანალიტიკოსი ნიკა შენგელია ამბობს, რომ ნავთობის გაიაფების ტენდენცია დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება. ამ ეტაპზე გაძვირების არავითარი ობიექტური ფაქტორი არ არსებობს.

"დიდი ხანია, საფონდო ბაზრის ანალიტიკას ვაკეთებთ და ნავარაუდევიც გვქონდა, რომ დაახლოებით 15 სექტემბრიდან ნავთობის ფასს კლება უნდა დაეწყო და 2-თვიან მონაკვეთში უნდა ჩამოსულიყო 65-70-დოლარიან ნიშნულზე. თუმცა ასე არ მოხდა, რადგან ოპეკის შეკრებაზე აშშ-ს წნეხით გადაწყდა, რომ ირანს შეეზღუდებოდა ნავთობმოპოვება, რაც აჟიოტაჟურად აიტაცა ბაზარმა.

მიუხედავად იმისა, რომ ამის არვითარი ობიექტური ფაქტორი არ არსებობდა, პანიკა მაინც ძალიან დიდხანს გაგრძელდა. ეს იყო მოკლევადიანი ფაქტორი, რომელიც მხოლოდ 10 დღე უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა აშკარად გახანგრძლივდა.

ახლა ყველაფერი კალაპოტში დგება. ჩვენი ანალიზით, დეკემბრის ბოლომდე ნავთობის ფასი კვლავ უნდა დაეცეს, რასაც ექნება ტრენდის სახე.

აქედან გამომდინარე, ეს იყო დროებითი აჟიოტაჟი და გაუგებარია, რატომ აიტაცა ზოგიერთმა ქართველმა ანალიტიკოსმა, რომ ზრდის ტენდენცია გაგძელდებოდა და მეტიც - 100 დოლარს მიაღწევდა 1 ბარელის ფასი. ეს, რა თქმა უნდა, შეიძლება მოხდეს, მაგრამ ამის ანალიზი მხოლოდ 15 ნოემბრის შემდეგ იქნება შესაძლებელი. ასეთი ტენდენცია გამოიკვეთება, თუკი ირანს ახალი სანქციები დაუწესდება", - აღნიშნა "რეზონანსთან" შენგელიამ.

მისივე თქმით, ანალიტიკა, რომელსაც მისი ჯგუფი აკეთებს, მართლდება და ამის მაგალითად ოქროს ფასის აღმავალი ტრენდი მოჰყავს, რომლის პროგნოზიც ზუსტი აღმოჩნდა.

ეკონომისტი სექტემბრის დასაწყისიდანვე აანონსებდა ნავთობის ფასის კლებას, რაც ჯერჯერობით არ გამართლდა. ახლა კი შენგელია ამ ტენდენციის დასაწყისად მიიჩნევს "შავი ოქროს" ორ დღეში 5 დოლარით გაიაფებას.

"გთხოვთ, გაითვალისწინოთ მსოფლიო სასაქონლო ბირჟებზე შექმნილი სიტუაციებიდან მომდინარე მოლოდინი. კერძოდ ის, რომ 10-13 სექტემბრიდან, დიდი ალბათობით, 20-22 დეკემბრამდე მოსალოდნელია ნავთობპროდუქტებზე ფასების მნიშვნელოვანი დაწევა და, აქედან გამომდინარე, დღევანდელი მაღალი ფასებით ნუ შეავსებთ მარაგს. დიდი შანსია, ხელში შეგრჩეთ ძვირად ღირებული ნავთობპროდუქტები და თუ მხედველობაში მივიღებთ იმასაც, რომ ლარს დოლარის მიმართ აღმავალი ტრენდი აქვს, წლის ბოლოსათვის მოსახლეობას გაძვირებული საწვავი ნამდვილად არ წაადგება", - ამბობდა ცოტა ხნის წინ შენგელია.

ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი კი ამბობს, რომ 2 დღის ტენდენციით მომავალზე საუბარი რთულია და ამის პროგნოზს დრო სჭირდება.

"უნდა დავიწყოთ იმით, თუ რა ახდენდა გავლენას 2014 წლის შემდეგ ნავთობის ფასის ყველაზე მაღალ ნიშნულზე. პირველია ვენესუელაში ნავთობის მარაგის შემცირება, მეორე კი - ირანისათვის დაწესებული სანქციები.

ბოლო ორი დღის განმავლობაში ფასი 5 დოლარით ნამდვილად დაეცა, მაგრამ ეს პროცესი რამდენად შეინარჩუნებს ტენდენციას, ამაზე საუბარი ნაადრევია. ფასის შემცირების მიზეზია საუდის არაბეთის მიერ წარმოების გაზრდასთან დაკავშირებით დაწყებული საუბარი, რაც მომავალი თვიდან ძალაში შევა და გარდა ამისა, ნავთობის საერთაშორისო სააგენტოს პროგნოზი, რომელიც უკვე გამოქვეყნდა.

თუ მარაგი მატულობს, ფასი მცირდება, მაგრამ ახლა არასერიოზულია იმაზე საუბარი, რა იქნება მომავალში. შენარჩუნდება თუ არა ეს ტენდენცია, ძნელი სათქმელია, მით უფრო, რომ ყველა სერიოზული გამოცემისა და ანალიტიკური ჯგუფის პროგნოზი ურთიერთგამომრიცხავია.

არ არსებობს მყარი ტენდენცია. ნავთობის ბაზარზე ხშირია შემთხვევები, როცა ფასები ყოველდღიურად რადიკალურად შეიძლება შეიცვალოს. მოგეხსენებათ, ამ სფეროში მხოლოდ მოთხოვნა-მიწოდება და საბაზრო ტენდენციები არ განსაზღვრავს ფასს, დიდია პოლიტიკური შემადგენელიც", - განუცხადა ვანო მთვრალაშვილმა "რეზონანსს"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×