ხელისუფლება და ოპოზიცია სხვადასხვა ენაზე საუბრობენ
მარი ჩიტაია
13.10.2018

 მომავალი წლიდან პენსიონერების ნაწილს საპენსიო თანხა არ გაეზრდება. ასეთები, როგორც დეპუტატები განმარტავენ, შესაძლოა, ნაკლებად მძიმე კატეგორიის პენსიონერები აღმოჩნდნენ. ძირითადად ესენი არიან შშმ პირები 18 წლის ზემოთ, რომლებზეც პენსიის მატება პროექტის თავდაპირველ ვარიანტში განსაზღვრული არ არის. სახელმწიფოსგან გაზრდილ თანხას ვერ მიიღებს 23 000 მარჩენალდაკარგული და 125 000 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირიც. გადაწყვეტილება საბოლოო არ არის, მაგრამ მოსალოდნელია, რომ ეს კატეგორია დანამატის გარეშე დარჩეს.

სპეციალისტები იმაზეც საუბრობენ, რომ პენსიის 20 ლარით ზრდა ინფლაციის ურყოფით გავლენას ვერ შეამცირებს. იგი მცირე შეღავათსაც ვერ მისცემს პენსიონერებს და მათ დუხჭირ მდგომარეობას ვერაფრით უშველის.

პენსიის ზრდას 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინებს. მთავრობა აპირებს, რომ მომდევნო წლიდან პენსია 20 ლარით გაზარდოს. პროექტის პირვანდელი ვარიანტით, პენსიონერების "ნაკლებად მძიმე კატეგორიაზე" მატება განსაზღვრული არ არის. ამ სქემით, 30 ათასამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი 1-ლი იანვრიდან გაზრდილ პენსიას ვერ აიღებს. თუმცა, დეპუტატების თქმით, ეს მხოლოდ ვერსიაა და პარლამენტი შეეცდება მაქსიმალური შესაძლებლობის გამოყენებას, რათა პენსიაზე დანამატი ყველამ მიიღოს.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის 1-ლი იანვრიდან გაიზრდება როგორც ასაკობრივი, ასევე მნიშვნელოვნად და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და 0-დან 18 წლამდე შშმ პირთა პენსია. როგორც 2019 წლის ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული: "სოციალური დაცვისა და საპენსიო უზრუნველყოფისათვის - 2 684.2 მლნ ლარი, საიდანაც 1 925.0 მლნ ლარი მიიმართება მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფისთვის, რის ფარგლებშიც გათვალისწინებულია პენსიის 20 ლარით ზრდა 2019 წლის პირველი იანვრიდან".

პენსიის ზრდის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ამ რამდენიმე თვის წინ განაცხადა და აღნიშნა, რომ 2 წლის განმავლობაში პენსია 40 ლარით გაიზრდება. საქართველოში რეგისტრირებულია 720 000 ასაკით პენსიონერი (500 000 ქალი, 220 000 მამაკაცი), მათი რაოდენობა ყოველწლიურად 2-3%-ით იზრდება. 2018 წელს საპენსიო უზრუნველყოფაზე ბიუჯეტიდან 1.7 მილიარდი ლარი უნდა დაიხარჯოს.

2019 წლის ბიუჯეტის პროექტის პირვანდელი ვარიანტის განხილვა საპარლამენტო კომიტეტებში უკვე მიმდინარეობს. დეპუტატი გია ჟორჟოლიანი "რეზონანსთან" ამბობს, რომ მსჯელობა დაწყებულია უმრავლესობის შიგნით და ყველა შესაძლებლობა განიხილება, რათა დანამატი ყველა პენსიონერმა მიიღოს.

"საკითხი განიხილება, თავდაპირველად საუბარი იყო, რომ ნაკლებად მძიმე კატეგორიაზე არ ასახულიყო ზრდა, მაგრამ ამაზე მსჯელობა დაწყებულია უმრავლესობის შიგნით. კატეგორიებზე ჯერჯერობით ვერ ვილაპარაკებთ, სანამ საბოლოო გადაწყვეტილება არ იქნება ცნობილი. შემოტანილ ვარიანტში ნაკლებად მძიმე კატეგორიაზე მატება განსაზღვრული არ არის.

ეს არ ნიშნავს, რომ პენსიას ყველა ვერ მიიღებს. ვცდილობთ, გამოინახოს რესურსი და ყველას შეეხოს ცვლილება. ოპოზიცია ლაპარაკობს შემოტანილ ვარიანტზე. ცხადია, ეს არ არის საბოლოო ვერსია", - აცხადებს ჟორჟოლიანი.

საპარლამენტო უმცირესობის განცხადებით კი, სახელმწიფოსგან გაზრდილ თანხას ვერ მიიღებენ 23 ათასი მარჩენალდაკარგული და 125 ათასი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირიც.

"ასაკით პენსიონერებს ნამდვილად სჭირდებათ 50 ლარით მომატება, როგორც ამას "ევროპული საქართველო", დიდი ხანია, ამბობს, მაგრამ ამავდროულად, არ უნდა დაგვავიწყდეს შშმ პირები, რადგან თუნდაც 2015-2016 წლების 10 და 20-ლარიანი მატება არ შეეხოთ მეორე ჯგუფის შშმ პირებს, რომელთაც დარჩათ 100 ლარი და დღემდე ითხოვენ მთავრობისგან, რომ პენსია მოემატოთ მათაც", - ამბობს "ევროპული საქართველოს" წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი.

კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს, მაგრამ რა შედეგს მოიტანს პენსიონერებზე 20-ლარიანი მატება, ამაზე ჯერჯერობით მხოლოდ სპეციალისტები საუბრობენ. ისინი დაუფარავად აცხადებენ, რომ 20 ლარი შეჭირვებულ კატეგორიას პრობლემას ვერ შეუმსუბუქებს, მიზეზად კი გაზრდილ ინფლაციას მიიჩნევენ.

სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე ფიქრობს, რომ ხელფასების ზრდის ფაქტორი ფასების ზრდაზე უფრო სერიოზულ გავლენას მოახდენდა, ვიდრე პენსიაზე 20-ლარიანი დანამატი.

"საშუალო ხელფასის სიდიდე, დღეის მდგომარეობით, დაახლოებით 5-ჯერ და მეტად აღემატება საშუალო პენსიის სიდიდეს, ამიტომ ხელფასების ზრდის ფაქტორი ფასების ზრდაზე გაცილებით სერიოზულ გავლენას მოახდენდა, ვიდრე ეს 20-ლარიანი დანამატი. დიდად არაფერი შეიცვლება. ინფლაცია გაისად იმაზე მეტია ნავარაუდევი, ვიდრე 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით არის გათვალისწინებული. ხელისუფლება ვარაუდობს ინფლაციის 3%-იან ზრდას, ხოლო სავალუტო ფონდის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ იგი 2,8%-ზე მაღალი არ იქნება.

მთიანი რეგიონის პენსიონერებს, მთის კანონის მიხედვით, 240 ლარი გაუხდებათ პენსია, მაგრამ მთაში ხომ ბევრი ადამიანი არ ცხოვრობს! ტერიტორია დიდად მოჩანს, მაგრამ იქ მოსახლეობის რაოდენობა საგრძნობლად გამეჩხერებულია.

თითოეული კაპიკი პენსიონერებისთვის ღირებულია. ყვავს კაკალი რომ გააგდებინო, ისიც კარგიაო, - ასე ფიქრობს დღეს ყოველი მეორე პენსიონერი, მაგრამ ცხადია, ეს არ არის ისეთი შეღავათი, რომ პენსიის მიმღები მოქალაქეების მდგომარეობა შეცვალოს", - ამბობს "რეზონანსთან" არჩვაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×