თუკი 4 ნოემბრამდე "ცენტრ პოინტის" საქმეზე საპროცესო შეთანხმება არ გაფორმდება, გუკა რჩეულიშვილი, შესაძლოა, საპატიმროში დაბრუნდეს. ბათუმის "მაგნოლიას" საქმეზე სასამართლო განხილვის 2-წლიანი ვადა 4 ნოემბერს გადის.
როგორც მისი ადვოკატი ქეთევან ჩომახაშვილი "რეზონანსთან" ამბობს, მომდევნო სხდომა 24 ოქტომბერსაა ჩანიშნული, რომელზეც საპროცესო შეთანხმება თუ არ გაფორმდება, ბრალდების მხარე დასკვნით სიტყვას იტყვის. ამის მერე დასკვნითი სიტყვით დაცვის მხარე გამოვა, ბრალდებულების საბოლოო სიტყვის შემდეგ კი მოსამართლე განაჩენს გამოიტანს. საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი თუ დადგა, გუკა რჩეულიშვილი, შესაძლოა, საპატიმროში დაბრუნდეს.
ადვოკატის განცხადებით, საპროცესო შეთანხმება, რომელიც "ცენტრ პოინტის" საქმეზე უნდა გაფორმდეს, გუკა რჩეულიშვილის გარდა, მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილსაც ეხებათ. გარიგების საფუძველზე, ისინი საპატიმროს დატოვებენ და დარჩენილი სასჯელი პირობით მსჯავრად დაეკისრებათ. საპროცესო შეთანხმების გაფორმებისთვის კი დაუსრულებელი ობიექტების დასრულება და "ცენტრ პოინტისგან" დაზარალებულთა თანხმობაა საჭირო. ჯერჯერობით უცნობია, როგორი იქნება პროკურატურისა და დაზარალებულების გადაწყვეტილება.
"4 ნოემბერს სასამართლოში საქმის განხილვის ვადა იწურება. ახლა მოსამართლეზეა დამოკიდებული, ამ დრომდე საქმის განხილვას დაასრულებს თუ არა. ამჟამად პროკურატურასთან საპროცესო ხელშეკრულებაზე მიმდინარეობს მოლაპარაკება და დააკავებენ თუ არა მას, ვერ გეტყვით. მანამდე ძალიან ბევრი რამე შეიძლება მოხდეს. 24 ნოემბერს შემდეგი სხდომაა ჩანიშნული და გუკა რჩეულიშვილმა უნდა გადაწყვიტოს, მისცეს თუ არა სასამართლოს ჩვენება. საქმის განხილვის ვადა კანონმდებლობით არის გაწერილი, ამიტომ წინასწარი შეთანხმება მოსამართლესთან, რომ კონკრეტულ ვადაში ჩავეტევით, არ ხდება ხოლმე. მოკლედ, 4 ნოემბრამდე პროკურატურაზე ვართ დამოკიდებული. რასაც ის გადაწყვეტს, 4 ნოემბერსაც სიტუაცია ისე შეიძლება განვითარდეს," - აღნიშნავს ადვოკატი "რეზონანსთან".
აპრილის თვეში კომპანია "მ2 უძრავ ქონებასა" და კომპანია "ცენტრ-პოინტს" შორის წინასწარი ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების მიხედვით, თუკი 6 თვის ვადაში "ცენტრ-პოინტი" გარკვეულ წინაპირობებს შეასრულებს, მ2 "ცენტრ-პოინტის" დაუსრულებელ კომპლექსებში სამშენებლო სამუშაოებს დაიწყებს და 3 წლის ვადაში დაასრულებს.
მ2-ის მიერ წარდგენილი გეგმის მიხედვით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული წინაპირობების შესრულების შემთხვევაში, მ2 მხოლოდ სამუშაოების შემსრულებელ კომპანიად მოგვევლინება, რომელსაც "ცენტრ-პოინტი" დაიქირავებს. სანაცვლოდ კი "ცენტრ-პოინტმა" მ2-ს მის საკუთრებაში არსებული თავისუფალი უძრავი ქონება გადასცა. რაც შეეხება დაზარალებულ ბინათმესაკუთრეებთან ურთიერთობას - ეს საკითხი "ცენტრ-პოინტის" პრეროგატივად დარჩება.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ "ცენტრ პოინტის" დამფუძნებლები მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი 31 მარტს თაღლითობისა და მენაშენეთა კუთვნილი თანხების მითვისებაში დამნაშავედ ცნო და 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. საქმე რამდენიმე ობიექტს, მათ შორის სააკაძის მოედანზე, კრწანისში და წყნეთის ობიექტებს ეხება.
მაია რჩეულიშვილის წინააღმდეგ კიდევ ორ საქმეზე მიმდინარეობს სასამართლო განხილვა, რომელთაგან ერთზე, რომელზეც ბრალდებული გუკა რჩეულიშვილიცაა, განაჩენი, შესაძლოა, 4 ნოემბრამდე გამოცხადდეს.