ტატა შოშიაშვილი
13.10.2018

 20 ოქტომბერს თბილისში, დედაენის ბაღში პოლიტიკური პარტია „გირჩის" „კანაფის ფესტივალის" მოწყობას გეგმავს, სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება კანაფის შეძენა, გაყიდვა და მოხმარება. პარტიის ლიდერისა და პრეზიდენტობის კანდიდატის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ამ აქციის მიზანია, რომ ქვეყანაში დაინერგოს მარიხუანას შეძენის, მოხმარებისა და გაყიდვის პრაქტიკა ე.წ. კოფი შოპების მეშვეობით.

ამასთან დაკავშირებით შსს-მ საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც „გირჩის" მიერ დაანონსებული აქცია შეფასებულია, როგორც დანაშაულის ორგანიზების განზრახვა, სამართალდარღვევების ჩადენისკენ მოწოდება და მოქალაქეთა წახალისება ჩაებან კანონსაწინააღმდეგო საქმიანობაში.

„იმ შემთხვევაში, თუ ე.წ. ფესტივალზე ადგილი ექნება რაიმე ტიპის სამართალდარღვევას - ნარკოტიკული საშუალების გასაღებას, ფლობას, მოხმარებას თუ პოპულარიზაციას, პოლიცია ყველა სამართალდამრღვევი პირის მიმართ გაატარებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მკაცრ ზომებს", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საპარლამენტო მდივანმა ნიკა სიმონიშვილმა „რეზონანსთან" საუბრისას განმარტა, რომ მარიხუანას მოხმარებისთვის, კანონიდან გამომდინარე, დაჯარიმება არ მოხდება, მაგრამ, რაც შეეხება მარიხუანას შეძენასა და გასხვისებას, ამ შემთხვევაში, მთელი რიგი სანქციებია გათვალისწინებული კანონდამრღევის წინააღმდეგ.

„ახლა, ფაქტობრივად, ისეთი მოცემულობაა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ბევრი საკითხია დასარეგულირებელი. საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელა მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით - ეს არის პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლების სფეროში შემავალი უფლება. მაგრამ აქ არის ერთი დეტალი - საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა ისიც, რომ დასაშვებია მარიხუანას თავისფლად მოხმარების შეზღუდვა იმ შემთხვევაში, თუ ეს განხორციელდება არაპრივატულ გარემოში და არასრულწლოვნების თანდასწრებით.

„ახლა გვაქვს ასეთი საკანონმდებლო რეალობა - მართალია, საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ შესაძლოა დადგინდეს შეზღუდვები ქუჩაში მოხმარებასთან დაკავშირებით, მაგრამ, ფაქტობრივად, ჩვენ გვაქვს ისეთი სიტუაცია, რომ ჯერჯერობით არ არის მიღებული კანონი, რომელიც ამას აკძალავს და სანქციას დაადგენს. ერთ მხრივ, მართალია, მოხმარება არაპრივატულ სივრცეში (საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში) შეიძლება კანონით შეიზღუდოს, მაგრამ ჯერ ასეთი რეგულაცია არ არის. არის მხოლოდ ინიციატივა. აქედან გამომდინარე, საზოგადოებრივ სივრცეში მოხმარებისთვის ახლა ვერავინ ვერ ჯარიმდება და ვერ დაჯარიმდება ფესტივალზეც", -ამბობს სიმონიშვილი.

რაც შეეხება კანაფის შეძენასა და გასხვისებას, ამ შემთხვევაში არსებობს მთელი რიგი შემზღუდველი რეგულაციები და კანონის დარღვევის შემთხვევაში სანქციებიც კი:

„საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელა მხოლოდ მოხმარების საკითხზე, მაგრამ არ უმსჯელია შეძენისა და გასხვისების შესახებ. კანონი მარიხუანას შეძენას და კულტივაციას ზღუდავს ყველანაირად. მოხმარებას კანონი გარკვეულ შემთხვევებში უშვებს. აქედან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, რომ შეძენისა დას გაყიდვისთვის მოხდეს ამ ადამიანების სამართალდამრღვევებად ცნობა.

„თუ ადამიანი ამ ფესტივალზე მოიხმარს მარიხუანას, ვერ დაჯარიმდება საკანონმდებლო რეგულაციების არარსებობის გამო, მაგრამ ამავე რეგულაციების არასათანადოობის გამო შესაძლებელია, რომ შეძენაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით დამაჯარიმონ 500 ლარის ოდენობით.

„რაც შეეხება გაყიდვას, ეს პროცესი რეგულირებულია სისხლის სამართლის კოდექსით. სისხლის სამართლის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გაღარება არის დანაშაული და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 12-წლამდე. მართალია, კანონი არსებობს ამ სახით, მაგრამ ეს კანონი თვითონ არ არის შესაბამისობაში საქართველოს კონსტიტუციასთან და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან - თუ ადამიანს მოხმარებუის უფლება აქვს (შეზღუდული არ აქვს), მაშინ მას ლეგალურად შეძენის და ლეგალურადვე გასხვისების უფლებაც უნდა ჰქონდეს", -დასძინა საიას საპარლამენტო მდივანმა.

ნიკა სიმონიშვილმა განმარტა, თუ როგორ უნდა მოიქცეს მსგავსს სიტუაციაში სამართალდამცავი პირი:

„კანონიდან გამომდინარე, მოხმარებისთვის, რა თქმა უნდა, ჯარიმას ვერ დააკისრებს პოლიციელი მომხმარებელს. მართალია, საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ საჯარო მოხმარება დაუშვებელია, მაგრამ კანონით არ არის ეს გათვალისწინებული. რაც შეეხება შეძენას, ამ შემთხვევაში კანონი ამბობს, რომ ყველანაირი შეძენა არის უკანონო და შესაძლებელია, რომ პოლიციამ გამოიყენოს ეს და დააკისროს მყიდველს 500 ლარიანი ჯარიმა. გასხვისებასთანაც იდენტური შემთხვევა გვაქვს-ამის რეგულირებამდე ყველანაირ შეძენას კანონი ცნობს უკანონოდ.

„გასხვისების დროს, არ გამოვრიცხავთ ჩვენ, რომ შესაძლებელია ამასთან დაკავშირებით გამოძიებაც კი დაიწყოს პოლიციამ. თუმცა არ მიგვაჩნია, რომ კანონის დარეგულირებამდე გამოძიების დაწყება მართებულია, ესეც, რა თქმა უნდა, არასრულყოფილი საკანონმდებლო რეგულაციებით გამოწვეული-ასეთი ხისტი მიდგომა და დევნის დაწყება არ მიგვაჩნია სწორად, სანამ არ დარეგულირდება კანონი საკანონმდებლო დონეზე", - აცხადებს საია-ს იურისტი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×