ელზა პაპოშვილი
15.10.2018

 საპატრიარქოს ირგვლივ, შესაძლოა, ახალი სკანდალი დაიწყოს. როგორც ამბობენ, რომ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ილია ||-ის გარემოცვის ნაწილი ცდილობს, იგი გადადგომასა და პატრიარქად მისი თანამოსაყდრის - მეუფე შიოს გამოცხადებაზე დაითანხმოს და ამაში საერო პირებიც არიან ჩართული, ძირითადად ცნობილი ბიზნესმენები.

ამის შესახებ თეოლოგმა გიორგი ტიგინაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, სანდო წყაროსგან აქვს ინფორმაცია, რომ გარკვეული ჯგუფი, მათ შორის ცნობილი ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი, ცდილობდა პატრიარქის დაყოლიებას, მას კვირას, სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე, გადადგომის შესახებ განეცხადებინა. მაგრამ ასე არ მოხდა, რაც, ტიგინაშვილის თქმით, იმაზე მიუთითებს, რომ პატრიარქი წნეხს არ ემორჩილება.

"მთელი კვირა" შეეცადა, ამ თემაზე მეუფეების მოსაზრება გაეგო. მეუფე გერასიმემ ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ ის ამ აბსურდზე კომენტარს არ გამოთქვამს. დავუკავშირდით მამა მიქაელ ბოტკოველსაც, რომელმაც განაცხადა, რომ "პატრიარქს გადადგომის შესახებ განცხადება არ გაუკეთებია, ამიტომ ეს არის აბსურდი და ბოდვა. ყველა გიჟის ბოდვაზე კომენტარი რატომ უნდა გავაკეთოთ?" მეუფე პეტრე კი მხოლოდ ერთი წინადადებით შემოიფარგლა: "შორს პატრიარქის ინტრიგებისგან. გვფარავდეს კვართი უფლისა და მადლი სვეტიცხოვლისა".

გავრცელებული ინფორმაციის შესახებ კომენტარი თავად მეუფე შიომაც გამოთქვა. გუშინ სვეტიცხოველში საზეიმო ლოცვის დასრულების შემდეგ მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ "ეს არის უდიდესი ტყუილი და ცოდვა. მსგავსი რამ ბუნებაში არ არსებობს და სირცხვილია უწმინდესზე ასე საუბარი".

თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი კი "მთელ კვირასთან" აცხადებს, რომ პატრიარქის არგადადგომა 14 ოქტომბერს იმას კი არ ნიშნავს, რომ მსგავსი წნეხი მასზე არ არის, არამედ იმას, რომ უწმინდესი თავის სიმაღლეზე დგას და გადადგომა არ სურს.

ტიგინაშვილი აცხადებს, რომ უწმინდესმა ამით ღირსეული ნაბიჯი გადადგა და არ სურს, რომ რუსეთის მხრიდან დაწყებულ წნეხს დანებდეს. საპატრიარქოსთან და მეუფე შიოსთან დაახლოებული ბიზნესმენები კი ცდილობენ, რომ უწმინდესმა ეს ნაბიჯი რაც შეიძლება სწრაფად გადადგას და ერთ-ერთი მათგანია ვანო ჩხარტიშვილი.

თეოლოგი ამბობს, რომ ჩხარტიშვილს არაერთხელ ჰქონდა მცდელობა, საკუთარი კონსპირაციული მიზნები განეხორციელებინა. ცხადია, ეს თავაზიანი შეთავაზება იყო, მაგრამ გარკვეულწილად წნეხის ნიშნებსაც ატარებდა, რადგანაც, ბუნებრივია, უწმინდესთან მიმართებით აგრესიულად ვერავინ მოიქცევა.

"თუკი პატრიარქი საჯაროდ გამოვა განცხადებით და მეუფე შიოს პირდაპირ საკუთარ მემკვიდრედ დაასახელებს, სინოდის წევრებს მისი მხარდაჭერა გაუადვილდებათ და უხერხულობას აღარ შეუქმნით. ეს არის საპატრიარქოს ადმინისტრაციის გარკვეული ჯგუფის ინტერესი, რომელიც უშუალოდ სამდივნოსთან არის დაახლოებული და ამ თემების აქტიურად განხილვა და დამუშავება ხდება.

"მე ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ, რომ ამ ჯგუფში ზუსტადაც ე.წ. ციანიდის საქმის მთავარი ფიგურანტები არიან. ვხედავთ, რომ ეს ადამიანები ამ საქმეში აქტიურად ოპონირებენ. ისინი დაუცხრომელი აქტიურობით ცდილობენ მეუფე შიოს პოპულარიზაციასაც. ამიტომაც არ გამოვრიცხავ, რომ ეს ყველაფერი ე.წ. ციანიდის საქმესთან იყოს მიბმული.

"ასევე, უკრაინის ავტოკეფალიის მინიჭების პერიპეტიებიც ეჭვს აღძრავს, რეგიონში რუსული ნარატივის გაძლიერება ხომ არ ხდება და კრემლი ხომ არ ცდილობს, რომ საქართველოს სახით უკანასკნელი მოკავშირე არ დაკარგოს. ჩვენს საპატრიარქოს აქვს ავტორიტეტი, რომელსაც რუსეთი ინსტრუმენტად გამოიყენებს. ამიტომაც არ არის მოკლებული აზრს ეჭვი, რომ მათ პატრიარქად საკუთარი მოკავშირე სჭირდებათ. სწორედ მეუფე შიოა ის ადამიანი, რომელსაც რუსეთში საკმაოდ დიდი კონტაქტები აქვს და ის კრემლისთვის მისაღები კანდიდატურაა", - აცხადებს ტიგინაშვილი "მთელ კვირასთან".

მისივე თქმით, ანალიტიკოსები და თეოლოგები ამაზე ხმამაღლა იმიტომ არ საუბრობენ, რომ მოჰყვეს პრევენციული ღონისძიებები და საზოგადოებამ იცოდეს, რა ხდება სინამდვილეში. ცხადია, ვერც ეპისკოპოსები გამოვლენ განცხადებით, რადგანაც ამას არა ისინი, არამედ ადმინისტრაცია წყვეტს. ბევრმა მეუფემ ამის შესახებ არც არაფერი იცის.

ტიგინაშვილის ინფორმაციით, ეს ხდება კონსპირაციულად, რაშიც მეუფეების უმრავლესობა არც მონაწილეობს, ხოლო ვინც ამ "შეთქმულებაში" მონაწილეობს, ისინი, რა თქმა უნდა, კონსპირაციას დაიცავენ. არც ის არის გამორიცხული, ამ ყველაფერში ხელისუფლების წარმომადგენლებიც იყვნენ გარეულები.

ანალიტიკოსი გია ნოდია "მთელ კვირასთან" საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენებს აფასებს და ამბობს, რომ არ არის გამორიცხული, უწმინდესზე გარკვეული წნეხი მართლაც მიდიოდეს. იგი უკრაინის ავტოკეფალიის მხადაჭერასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრქიარქოზე რუსეთის მხრიდან წნეხს არ გამორიცხავს და ამბობს, რომ ამის ნიშნები უკვე იკვეთება.

"ძალიან რთულია, ვისაუბროთ უწმინდესზე, რომელსაც გარკვეული ჯგუფი საპატრიარქოში გადადგომას სთხოვს. მიჭირს იმის წარმოდგენაც, როგორ შეიძლება უწმინდესს ვანო ჩხარტიშვილმა მსგავსი რამ შესთავაზოს და შეჰბედოს. თუმცა რაღაც ყველაფერი კარგად რომ არ არის, ფაქტია.

"რუსეთს საქართველოს ეკლესიაში თავისი დასაყრდენი სასულიერო პირები ყოველთვის ჰყავდა. მით უმეტეს ახლა, როდესაც უკრაინის ავტოკეფალიის გამოცხადებაზე მთელი ამბავი მიდის, კრემლი საქართველოს ეკლესიაზე იმედს ამყარებს. ამიტომ თეოლოგების მოსაზრებები დამაჯერებელია. ბოლო დროს ძალიან ბევრი რამ მოხდა, რაც ამის თქმის საშუალებას გვაძლევს", - აცხადებს ნოდია "მთელ კვირასთან" საუბრისას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×