"დღისით-მზისით ამდენი მიუღებელი ნაბიჯი ხელისუფლების მხრიდან, რასაკვირველია, ვერ მოიტანს კარგ შედეგს. როდესაც მაღალ ეშელონებში თავხედურად სრული იგნორირებაა საქართველოს მოქალაქეებისა, არჩევნების შედეგებზე წინასწარ ვერაფერს ვერ ვიტყვით. ერთი კი გარდაუვალია - ყველანი უნდა ვეცადოთ, რომ 29, 30 და 31 ოქტომბერი სისხლიანი არ აღმოჩნდეს," - აცხადებს დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტი სოსო ცისკარიშვილი.
"მთელი კვირა": ამ წინასაარჩევნო პერიოდში ხელისუფლების მიმართ ბევრი პრობლემა დაგროვდა - კანაფის თემა, "ომეგას" საქმე უამრავი ფარული ჩანაწერით, ფარცხალაძის გამდიდრებაში კორუფციული ნიშნები და სავარაუდო ბიზნესრეკეტი, სალომე ზურაბიშვილის ზოგიერთი განცხადება და არასამთავრობოების დიდი კრიტიკა. ამათგან ხელისუფლებისთვის ყველაზე პრობლემური რომელი თემაა, რომელიც არჩევნებში ყველაზე მეტად დააზარალებს?
სოსო ცისკარიშვილი: თქვენ მიერ ჩამოთვლილი თემები მიუღებელია დემოკრატიული ქვეყნისთვის, თუმცა ხელისუფლება პასუხის გაცემის ნაცვლად არასამთავრობოებს ფაშისტებად ნათლავს სწორედ კრიტიკის გამო და ალბათ თქვენს მკითხველებს თავი უნდა წარვუდგინო, როგორც ფაშისტმა, რადგან მეც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი ვარ.
მეორე მხრივ, რასაც ვაკვირდები, ძალიან გული გვწყდება, ვბრაზდებით, მაგრამ ჯერ ადრეა საუბარი რაიმე სახის არჩევნებზე. ჩემი აზრით, ჯერჯერობით ეს პროცესი გამოიყურება როგორც პრიმიტიული პუტინიადა.
ვხედავთ, რომ ჩვენი სახელისუფლებო პარტიის შემქმნელი 6 წლის განმავლობაში არც ერთხელ არ მოიხსენიებს სიტყვას "ნატო"; ვხედავთ, რომ მისი ფავორიტი ქალბატონი სალომე არ მალავს, რომ მას არ ძალუძს ოცნებები არც ნატო-ში და არც ევროკავშირში გაწევრიანებაზე, რადგან თურმე ის კარგად იცნობს ამ სისტემებს; ვხედავთ, რა პროცესები მიმდინარეობს, თუმცა ამ ყველაფრის მიმართ ადამიანების აღშფოთების მიუხედავად, ჩვენი საზოგადოება მაინც დარდიმანდად აღიქმება, რომელსაც არ ძალუძს საკითხების საკმარისად წარმოჩენა და მასზე შეჯერება.
"მ.კ.": ფიქრობთ, რომ ეს კომპრომატების ომი და "ოცნების" მიმართ გაჩენილი ამდენი კითხვა ხელისუფლებას არჩევნებში ხელს არ შეუშლის?
ს.ც.: სიტყვა "ხელისუფლება" უკვე კარგავს შინაარსს ქართულ ენაში. როდესაც ხელისუფლება ერთ კაცს აქვს მუჭში მოქცეული, რასაკვირველია, დემოკრატიულ პროცესებზე საუბარი გაჭირდება. ამ ერთ კაცს უკავშირდება კანაფის თემაც, რომელიც ასე უეცრად იატაკქვეშეთიდან გამოაცხადეს და გულგახეთქვით წარადგინეს ინიციატივა, კანაფი უნდა დავრგოთ მთელ ქვეყანაში, რომ ფული მივიღოთო. ხოლო დიდი ფული ვისთან მიდის, ეს არცთუ ძნელად გასარჩევი ფაქტია.
"მ.კ.": სწორედ კანაფი გახდა ყველაზე დიდი აღშფოთების მიზეზი ადამიანების ჯგუფისათვის და შესაძლოა, ამან "ოცნების" საარჩევნო შედეგზე ნეგატიურად იმოქმედოს?
ს.ც.: ვერ დავიჯერებ, რომ იქნება უმწიკვლო და სამართლიანი შედეგები. ჩვენი ცესკო-ს საქმიანობა შევამოწმეთ 2016-ში, 2017-შიც და რაიმე განსაკუთრებული არც 2018-შია მოსალოდნელი. თუმცა საქართველოს "ბარიგების ქვეყნად" გადაქცევის თემა "ოცნების" მომხრეებშიც იწვევს ბრაზს. კიდევ კარგი, რომ პარლამენტარების 100%-იანი პრივატიზაცია ვერ მოახდინა პარტიის თავმჯდომარემ და არიან დეპუტატები, რომლებიც ამ ინიციატივას ეწინააღმდეგებიან.
"მ.კ.": "ომეგას საქმეზე" სკანდალურ ჩანაწერებს ბოლო არ უჩანს და როგორ დამთავრდება ეს, მოუწევს "ოცნებას" საქმის სწორად გამოძიება?
ს.ც.: ჩვენი დღევანდელი აზრთა გამრიგე, ბატონი ბიძინა, არც ამ საქმის და არც უშუალოდ ფარცხალაძესთან დაკავშირებული ბრალდებების გამოძიებას არც აპირებს, რაც რატომღაც მიმანიშნებს იმაზე, რომ ჩვენი მოსახლეობის გონიერი ნაწილის არსებობა არც გაუგიათ ასეთ ვაიპოლიტიკოსებს.
"მ.კ.": ყველა არჩევნებზე პრობლემა იყო უკანონო შემოწირულობები და ახლაც აუდიტის სამსახური სწავლობს, ბანკის ვალის მქონე ექიმებმა როგორ გადაურიცხეს ზურაბიშვილს ათასობით ლარი. თქვენთვის თუ ჩნდება აქ კითხვები?
ს.ც.: რა თქმა უნდა. რიგით ექიმებს აიძულებენ, ხმა არ ამოიღონ მათი სახელით გადარიცხული თანხის გამო. მე ვიცნობ ექიმებს, რომლებისთვისაც არც უკითხავთ, ისე აღმოჩნდა მათი გვარები გაზეთების ფურცლებზე, თითქოსდა ისინი არიან ქალბატონი ზურაბიშვილისათვის ფულის გადამრიცხავები.
ასევე, ბანკი "ქართუს" მიერ ქალბატონი ზურაბიშვილისათვის 1 მილიონის მიცემაც უკიდურესი იგნორირებაა საქართველოს მოსახლეობისა. დღისით-მზისით ამდენი მიუღებელი ნაბიჯი ვერ მოიტანს კარგ შედეგს და ყველანი ერთად უნდა ვეცადოთ, რომ 29 ოქტომბერი არ გაშავდეს ჩვენს კალენდარში.
"მ.კ.": ამბობთ, რომ ამდენი მიუღებელი რამ დაგროვდა და ეს ყველაფერი ოპოზიციას აძლევს თუ არა გამარჯვების შანსს? მეორე ტურამდე მისვლის შანსს მაინც?
ს.ც.: შესაძლებლობა, რასაკვირველია, არის, მაგრამ როდესაც ხელისუფლების მაღალ ეშელონებში თავხედურად სრული იგნორირებაა საქართველოს მოქალაქეებისა, წინასწარ ვერაფერს ვერ ვიტყვით.
ერთი კი გარდაუვალია - ყველანი უნდა ვეცადოთ, რომ 29, 30 და 31 ოქტომბერი სისხლიანი არ აღმოჩნდეს.
"მ.კ.": მოლოდინი გაქვთ, რომ ხელისუფლება პირველსავე ტურში გაამარჯვებინებს სალომე ზურაბიშვილს და ამას ქუჩაში ოპოზიციის დიდი პროტესტი და არეულობა მოჰყვება?
ს.ც.: ყველაფერი შესაძლებელია იქ, სადაც სამართლიანობა არ ზეიმობს, რაც უნდა დიდი იყოს მიუღებლობა მოქალაქეების მიერ. როცა დასრულდება პროცესი და გავიგებთ, ვინ გამოვა გამარჯვებული და რა ხდება ცესკო-ში, იმისდა მიხედვით იქნება ქმედება უკან დაუხევლად, რაც უნდა მტკივნეული იყოს ჩვენი ქვეყნისთვის.
მოვუწოდებ ყველას, ვისაც კი საქართველოს მომავალი აწუხებს, გულთან ახლოს მიიტანოს არსებული რეალობა და არავითარ შემთხვევაში არ მივცეთ ვინმეს ისეთი დავიდარაბის უფლება, რომ ისევ და ისევ კრემლი ვასიამოვნოთ, ჩვენი მიუღებელი ქმედებითა და ველური გამონათქვამებით კი დასავლელ პარტნიორებს ჩვენი ურთიერთობის გამყარების გზა არ ავურიოთ.
"მ.კ.": რუსეთი ახსენეთ და ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილს სწორედ კრემლის ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს. თქვენც მიგაჩნიათ, რომ ზურაბიშვილი კრემლის ინტერესებს ატარებს?
ს.ც.: აბა, რა?! დიახ, თვითონ ეს ქალბატონი არ მალავს, რომ ევროკავშირთან და ნატოს-თან მას არაფერი ესაქმება და, აბა, რა ვქნათ, გადავსახლდეთ ყველანი ჭორვილაში?! მე მგონი, ვერ დავეტევით.
"მ.კ.": თქვენი აზრით, ივანიშვილს ასე ღიად პრორუსული კანდიდატი რაში დასჭირდა?
ს.ც.: ჯერ ის უნდა გავიგოთ, ვინ შეარჩია თავად ბატონი ბიძინა საქართველოს მთავარ მწყემსად.
"მ.კ.": ამ ბრალდებაზე "ოცნებიდან" აუცილებლად გიპასუხებდნენ, რომ ამ ხელისუფლების პირობებში მივიღეთ ვიზალიბერალიზაცია, ასოცირების ხელშეკრულება და არც ნატო-სკენ სწრაფვა შეწყვეტილა.
ს.ც.: არც ერთი ეს საქმე ამათ არ დაუწყიათ, ნახევარზე მეტი გზა მათ გაკაფული დახვდათ.