ანალიტიკოსი და ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ სუბელიანის ფარული ჩანაწერებით ნათელი ხდება, რომ ქვეყანაში სისტემურ ჩამოშლასთან გვაქვს საქმე და სასწრაფო რეგირებაა საჭირო. ხუხაშვილი ფიქრობს, რომ ხელისუფლება სისტემის მსხვერპლი და მძევალია, რომელიც ვერაფრის კონტროლს ვეღარ ახერხებს.
ანალიტიკოსს მიაჩნია, რომ სასწრაფოდ დიდი და მძიმე თავები უნდა დაგორდეს და მოიკვეთოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანა თავზე დაგვენგრევა. ხუხაშვილის აზრით, ეს კვირა კიდევ უფრო ცხელი იქნება და საზოგადოება ბევრ მძიმე ფაქტებს მოისმენს. ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ შესაძლოა ეს ჩანაწერი თავად მირზა სბელიანმა გააკეთა და ეს მისი ვენდეტაა.
„რეზონანსი": მირზა სუბელიანის საუბრის ფარულ ჩანაწერზე რა შეფასება გაქვთ, რასთან გვაქვს საქმე და რა ხდება ქვეყანაში?
გია ხუხაშვილი: მე ამ ბოლო დროს უკვე კონკრეტული ჩანაწერების და საუბრების შეფასება ძალიან მიჭირს. საქმე იმაშია, რომ ამ ჩანაწერებიდან კარგად ჩანს, რომ ხელისუფლებამ მთლიანად სისტემაზე კონტროლი დაკარგა. ეს კი სახელმწიფოებრივად ძალიან საშიშია.
საკმაოდ სერიოზული საფრთხის წინაშე ვდგავართ. კონკრეტულად, მირზა სუბელიანის საუბრიდან რა ფაქტობრივი მასალაა, მისი შეფასებები და ემოციებია, როგორ ხედავს თავად ამ ყველაფერს, ეს არის გამოძიების საკითხი უკვე.
ამის შეფასებები მე გამიჭირდება, რადგანაც იქ რა არის მართალი და მტყუანი, უნდა გაირკვას. ასევე, ეს ადამიანი ამ ყველაფერს მიზანმიმართულად საუბრობს, თუ რეალურად ხდებოდა ეს ყველაფერი. ესენი უკვე ცალკე საკითხებია. დღეს ხელისუფლების მთავარი პრობლემა, არც სუბელიანი, არც „რუსთავი2"-ი და არც „ნაციონალური მოძრაობაა", მათ სისტემაზე კონტროლი დაკარგეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო სტაბილურობას საფრთხე ექმნება.
რა როდის გამოვარდება შიგნიდან და რა მოხდება, კაცმა არ იცის, ყველაფერზე და ყველაზე კონტროლია დაკარგული. სისტემამ, როგორც ურჩხულმა, დღეს ხელისუფლება მძევლად აიყვანა და თავის მშობელს სჭამს. ანუ „ქართული ოცნება", როგორც მშობელი თავისივე შვილის მსხვერპლი შეიძლება გახდეს. ეს არის პოლიტიკური საფრთხე, რაც სახელმწიფოებრივშიც გადადის. პოლიტიკური ალტერნატივის არ არსებობის პირობებში, ქვეყანა საკმაოდ დიდი რისკის წინაშე დგას.
„რ": ამ ჩანაწერებიდან შეგვიძლია ვთქვაათ, რომ სარალიძის საქმის გაყალბებაში ყველა აქტიურად იყო ჩართული?
გ.ხ: ეს არის მირზა სუბელიანის თვალით დანახული ისტორია. აქედან გამომდინარე ძალიან რთულია ამ კონკრეტული ფაქტების შეფასება, რადგანაც არ ვიცით ეს კაცი რას მართალს ამბობს და რას ტყუილს. ეს არის გამოძიების გასარჩევი.
მე როგორც ვხედავ, აქ პრობლემა ბევრად უფრო სახიფათო და მასშტაბურია. სახელმწიფო მართვის სისტემაზეა კონტროლი დაკარგული. ყველა აქედან გამომდინარე უმძიმესი შედეგებით. აქ უკვე მის მიერ ნალაპარაკებ თემებზე აღარ არის საუბარი. სიტუაცია გვაქვს საგანგაშო.
„რ": თქვენ რას ფიქრობთ, ვის შეიძლება ეს ჩანაწერები გაეკეთებინა? ფიქრობთ, რომ შესაძლოა თავად სუბელიანმა ჩაიწერა?
გ.ხ.: არ გამოვრიცხავ, რომ ჩანაწერები მან გააკეთა. ფაქტია, რომ ის საკმაოდ მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფება. არ გამოვრიცხავ, რომ ეს არის მისი ვენდეტა.
„რ": ხელისუფლებისგან რა სახის ქმედებებს ელით? რა უნდა გააკეთოს მან იმისთვის, რომ საზოგადოებაში ახლა ეს მძიმე მუხტი გაანეიტრალოს?
გ.ხ: პირველ რიგში ხელისუფლება სასწრაფოდ უნდა შეეცადოს, რომ იმ სისტემას, რომლის მძევალიც გახდა, თავი მოაჭრას. დიდი თავები უნდა დაგორდეს, სხვა გამოსავალი აღარ არის. სირაქლემის პოზიციით აღარაფერი აღარ გამოვა, უბრალოდ ქვეყანა თავზე დაგვენგრევა.
„რ": ელით კიდევ, რომ ამ დღეებში სხვა ჩანაწერებიც გამოქვეყნდეს? გვარამიამ სარალიძეს უთხრა, რომ სხვა ფარული ჩანაწერებიც იქნება...
გ.ხ: ვფიქრობ ეს კვირა საკამოდ ცხელი იქნება და ძალიან ბევრ მძიმე ამბებს უნდა ველოდოთ. ფაქტი სახეზეა, რომ ქვეყანაში სისტემურ ჩამოშლასთან გვაქვს საქმე და სასწრაფო რეგირებაა საჭირო.