გვანცა წულაია
15.10.2018

 გუშიდელი გავრცელებული სკანდალური ჩანაწერების გამო, ქვეყანაში საპროტესტო აქციები დაიწყო.

გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია", მხარდაჭერებთან ერთად ზუგდიდში სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან საპროტესტო აქციას მართავს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, გავრცელებული ფარული ჩანაწერების შემდეგ, მმართველ გუნდს აღარ აქვს ხელისუფლებაში ყოფნის უფლება.

"აქ მჯდომი ადამიანი ფაქტიურად არის მუნჯი, მე არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ ის არ ფუნქციონირებს როგორც პოლიტიკოსი. მე მესმის, რომ ის არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში, მას აქვს გაცნობიერებული, რომ დაუშვა ძალიან მძიმე შეცდომა, როცა დათანხმდა "ქართულ ოცნებას" გამხდარიყო გუბერნატორი სამეგრელოში.

"დღეს, უკვე, როცა ბოლო პროცესები დაიწყო, მიმდინარეობს პროცესები, რომელიც ეხება სამეგრელოსაც, იმიტომ, რომ ადამიანი, რომელიც მირზა სუბელიანს ესაუბრებოდა, არის მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი, რომელიც უმძიმეს ამბებში არის ჩართული და ფაქტიურად ჩამოეხსნა ნიღაბი დანაშაულებრივ რეჟიმს, ბიძინა ივანიშვილის ჩვეულებრივ, მაფიოზურ რეჟიმს, ამ ეტაპზე ეს ადამიანი აგრძელებს დუმილს და მე მას მივმართავ, ან ამოიღოს ხმა, რამე მაინც თქვას ან დაწეროს განცხადება და წავდიეს ამ თანამდებობიდან და ეს იქნება მისი მხრიდან ღირსეული ნაბიჯი", - განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.

 აქცია აჭარაშიც მიმდინარეობს. აჭარის მთავრობის სახლშინ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები საპროტესტო აქციას მართავენ.

მათი განცხადებით, აჭარაში სიმბოლურად „41 კორუმპირებული პირია, რომელიც რეგიონის ბიუჯეტს ფაროსანასავით აზის".

აქციის მონაწილეების განცხადებით, ხელისუფლება სარდაფებიდან იმართება. ისინი მთავრობას მოუწოდებენ, ბიუჯეტიდან ფულის არამიზნობრივი ხარჯვა შეწყვიტონ.

„გუშინდელ დღემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რაზეც მთელი 6 წლის განმავლობაში ვსაუბრობდით. ფარული ჩანაწერები არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ ამ ქვეყანას არ ჰყავს ხელისუფლება და ქვეყანა იმართება სარდაფებიდან. 90-იან წლებში დაბრუნდა ქვეყანა, ამიტომ 28 ოქტომბერი უნდა იყოს განაჩენის გამოტანის დღე",- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა მირდატ ქადამაძემ.

 აქცია მსვლელობა ასევე ქუთაისსა და გორშიც მოეწყო. ქუთაისში, გუბერნიის შენობასთან "ძალა ერთობაშიას" მხარდაჭერები შეიკრიბნენ და გავრცელებული ფარული ჩანაწერი გააპროტესტეს.

აქციის მონაწილეები პროტესტს გამოთქვამენ და აცხადებენ, რომ 28 ოქტომბერს „ქართული ოცნების" მმართველობა დასრულდება და აღნიშნულში მონაწილეობა თითოეულმა მოქალაქემ უნდა მიიღოს. მათ მიაჩნიათ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, უნდა დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რათა მოხდეს კრიმინალური რეჟიმის საბოლოოდ დასრულება.

რაც შეეხება გორს, ქალაქში აქცია რაიონულ ოფისთან „ნუ ასარდაფებ", „მოძალადე ხელისუფლება ციხეში" - ლოზუგნებით გაიმართა. მოსახლეობა "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებთან ერთად აპროტესტებს ხელისუფლების ქმედებებს, რომელზეც აუდიოჩანაწერში, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი საუბრობდა.

საპროტესო აქციის მიზეზი "რუსთავი 2"- ის მიერ გავრცელებული ფარული ჩანაწერია, სადაც სავარაუდოდ მირზა სუბელიანი ფიგურირებს, რომელიც გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძესთან საუბარში, სკანდალურ განცხადებებს აკეთებს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×