2018 წლის სექტემბერში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი, წინა თვესთან შედარებით, შემცირდა, თუმცა საპირისპირო ტენდენციას ასახავს მიმდინარე წლის 3 კვარტალის მონაცემი, რითად დასტურდება, რომ აღნიშნულ პერიოდში ნავთობპროდუქტების იმპორტი, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს საგრძნობლად აღემატება. რაც შეეხება სექტემბრის ტენდენციას, როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ეს სეზონური მოცემულობაა, რითაც საწვავის ბიზნესი ხასიათდება და ამ პერიოდში იმპორტის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად არ იცვლება.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში ამბობენ, რომ თებერვლის კლება არ ადასტურებს საქართველოში ნავთობპროდუქტების მოხმარების აქტიურობის შემცირებას. ათეულ წელზე მეტია, რაც ქვეყანაში საწვავის იმპორტი მატულობს და რამდენიმეთვიანი კლება, რაც სეზონური ცვლილებაა, საერთო ტრენდს ვერ ცვლის.
ცხადია, იმპორტზე გავლენა ნავთობპროდუქტების გაძვირებამაც იქონია, თუმცა ეს არ არის ერთადერთი ფაქტორი, რამაც სექტემბერში ტენდენცია საპირისპიროდ შემაობრუნა. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში ამბობენ, რომ საშვებულებო პერიოდისა და ტურიზმის სეზონის დასრულების შემდეგ ეს პროცესი მოსალოდნელი იყო.
კერძოდ, კავშირის ინფორმაციით, მიმდინარე წლის სექტემბერში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 81,2 ათასი ტონა, რაც 26,3 ათასი ტონით ნაკლებია აგვისტოს მაჩვენებელზე და 28,3 ათასი ტონით ნაკლებია გასული წლის სექტემბრის მონაცემთან შედარებით. მათ შორის, 2018 წლის სექტემბერში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 42,6 ათასი ტონა (კლება წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით 14,9 ათასი ტონით), ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 38,5 ათასი ტონა (კლება 11,4 ათასი ტონით).
სულ მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა შეადგინა 814,4 ათასი ტონა, რაც 27,8 ათასი ტონით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. მათ შორის, 2018 წლის პირველი 9 თვის განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 405,3 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 409,1 ათასი ტონა.
2018 წლის სექტემბრის თვეში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: "რეგულარი" მარკის ბენზინი - 30,4 ათასი ტონა, ანუ 71,4%; "პრემიუმის" მარკის ბენზინი - 11,9 ათასი ტონა, ანუ 27,9%, "სუპერის" მარკის ბენზინი - 0,3 ათასი ტონა.
კატეგორიების მიხედვით, 2018 წლის 9 თვეში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: "რეგულარის" მარკის ბენზინი - 285,1 თასი ტონა, ანუ 70,3%; "პრემიუმის" მარკის ბენზინი - 113,6 ათასი ტონა, ანუ 28,0%, "სუპერის" მარკის ბენზინი - 6,6 ათასი ტონა, ანუ 1,6%.
"სეზონური ცვლილებაა და არ უნდა გვიკვირდეს, თუკი, ზაფხულის თვეებთან შედარებით, იმპორტი ნაკლებია. უნდა ითქვას, რომ საწვავის მოხმარებას ახასიათებს სეზონურობა. კერძოდ, ზაფხულის პერიოდში არის მოხმარების პიკი, ყველაზე მეტი მოთხოვნაა, ვიდრე წლის დანარჩენ პერიოდში. ამ ეტაპზეც საწვავის იმპორტის კლება განპირობებულია იმით, რომ ფაქტობრივად, დასრულდა შვებულების, დასვენებისა და მოგზაურობის აქტიური პერიოდი, როდესაც, ტრადიციულად, საწვავის მომხმარება და იმპორტიც ყველაზე მაღალ მაჩვენებელზე დგას. ესაა ზაფხულის თვეები.
საწვავის მაღალი ფასის გამო მოხმარების შემცირებაზე ეს ფაქტორიც მოქმედებს, თუმცა რამდენად რეალური იქნება გავლენა, მომდევნო თვეებში გამოჩნდება, იმპორტის მოცულობიდან გამომდინარე", - ამბობს "ბიზნეს-რეზონანსთან" ნავთოპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი.
რაც შეეხება იმპორტს ქვეყნების მიხედვით, მნიშვნელოვანია, რომ პროდუქცია ყველაზე დიდი მოცულობით რუმინეთიდან შემოვიდა. წინა წლებთან შედარებით, საქართველოში რუსეთიდან შემოტანილი ნავთობპროდუქტების რაოდენობაც დიდია, მათ შორის, ყველაზე დიდი წილი დიზელის საწვავზე მოდის. როგორც ვანო მთვრალაშვილი განმარტავს, წინა წლებში რუსეთიდან იმპორტი მინიმალურ ზღვარზე იყო, მაგრამ 2-3 წლის წინ მან გეზი ზრდისკენ აიღო და პოზიციას დღემდე არ თმობს.
2018 წლის სექტემბერში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა შემოვიდა რუმინეთიდან - 23,4 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 28,8%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუსეთი - 20,2 ათასი ტონა (24,9%), თურქმენეთი - 14,8 ათასი ტონა (18,2%); აზერბაიჯანი - 9,3 ათასი ტონა (11,5%), ბულგარეთი - 8,5 ათასი ტონა (10,5 %); საბერძნეთი - 4,8 ათასი ტონა (5,9%);
ქვეყნების მიხედვით, 2018 წლის პირველი 9 თვის განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა შემოვიდა რუსეთიდან - 211,7 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 26,0%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუმინეთი - 210,4 ათასი ტონა (25,8%); თურქმენეთი - 137,7 ათასი ტონა (16,9%); აზერბაიჯანი - 116,1 ათასი ტონა (14,2%), ბულგარეთი - 88,8 ათასი ტონა (10,9%); საბერძნეთი - 49,5 ათასი ტონა (6,1%).
მიუხედავად იმისა, რომ სეტქმბერში იმპორტი შემცირდა, ვანო მთვრალაშვილის ვარაუდით, ამ პროცესს გაგრძელება არ მოჰყვება და მომდევნო თვეებში საწვავის იმპორტის ზრდაა მოსალოდნელი, განსაკუთრებით ნოემბერ-დეკემბერში, რადან წლის ბოლოა, წინ კი სადღესასწაულო პერიოდი და ზამთრის ტურიზმია, რაც იმპორტზე, ტრადიციულად, დადებითად აისახება.
"ვითარებას მომდევნო პერიოდში უფრო თამამად შევაფასებთ, მაგრამ ამ ეტაპზე დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ნოემბრიდან მოსალოდნელია იმპორტის ზრდა. სადღესასწაულო პერიოდია, თანაც წინ არის ზამთრის ტურიზმი და მოსალოდნელია ტურისტების აქტიურობა, რა დროსაც ნავთობპროდუქტებზე დიდი მოთხოვნაა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ავტოპარკი ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ეს ფაქტორიც გამორიცხავს, რომ ჩვენთან მოხმარების შემცირებას ველოდოთ მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში ფასები საკმაოდ შეცვლილია", - დასძინა ვანო მთვრალაშვილმა.