ანდრო ასლანიშვილი: "სუბსიდირებიდან გამოსვლა აბსოლუტურად გამართლებული ნაბიჯი იყო და ამაში დამეთანხმებიან მევენახეებიც"
მარი გოცირიძე
16.10.2018

 "რთველი 2018" დასასრულს უახლოვდება. მთავრობის შეფასებით, ეს არის ყველაზე ორგანიზებული და წარმატებული სეზონი, რამაც მევენეხეობის რეგიონებს მნიშვნელოვანი მოგება მოუტანა. წელს რეკორდული რაოდენობის ყურძენი გადამუშავდა - 230 ათას ტონამდე, რაც თითქმის ბოლო 30-წლის საუკეთესო მაჩვენებელია. ასევე, რეკორდულია ყურძნის რეალიზაციის შედეგად მიღებული მევენახეების შემოსავალი - 300 მლნ ლარი.

ყურძენი ღვინის კომპანიებს უკვე 21 ათასმა მევენახემ ჩააბარა. ყურძნის მიღებისა და გადამუშავების პროცესში რთველის სხვადასხვა ეტაპზე სულ 280-ზე მეტი კერძო კომპანია იყო ჩართული.

როგორც ცნობილია, წელს მთავრობამ ყურძნის სუბსიდირებისადმი მიდგომა შეცვალა და ამან გაამართლა კიდეც. მიუხედავად იმისა, რომ რაჭა-ლეჩხუმში ჯერჯერობით რთველი არ დასრულებულა, შეიძლება ითქვას, რომ რეგიონში მოსავლის დიდი ნაწილი დაბინავებულია. წელს ძალიან მაღალია ალექსანდროულისა და მუჯურეთულის გადამუშავების მაჩვენებელი. თუ შარშან 800 ტონა გადამუშავდა, წელს ეს მაჩვენებელი უკვე 1500 ტონას აღწევს.

ეს იყო პირველი არასუბსიდირებული რთველი 2007 წლის შემდეგ და ყურძენზე ფასების დადგინდა საბაზრო ეკონომიკის პრინციპით - ყურძენზე ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარე. ფასზე მეწარმეები და მევენახეები თავად შეთანხმდნენ.

უფრო ვრცლად, როგორია წლევანდელი სეზონი, რამდენად მომზადებული შეხვდა მეღვინეობის დარგი ცვლილებას და რას გეგმავს მთავრობა სამომავლოდ, "ბიზნეს-რეზონანსის" კითხვებს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე, რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსი ანდრო ასლანიშვილი პასუხობს.

ბ.რ: რამდენად გაამართლა ახალმა მიდგომამ, რა კონკრეტული ფაქტები იძლევა საფუძველს, ითქვას, რომ წლევანდელი სეზონი ყველაზე წარმატებულია ბოლო ათწლეულების განმავლობაში?

ანდრო ასლანიშვილი: 20 ოქტომბრისთვის წლევანდელი რთველი საბოლოოდ დასრულდება. ამჟამად მიმდინარეობს ყურძნის კრეფა რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონში, ასევე, ტვიშის მიკროზონაში, სადაც ცოლიკაურის ჯიშის ყურძენი იკრიფება. კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ტრადიციულად, შედარებით გვიან იწყება კრეფა და იქაც უკვე დასასრულს უახლოვდება.

ჩვენი სურვილია, რომ დაუბინავებელი ყურძენი არ დარჩეს. მოსახლეობას მოვუწოდებთ, რაც შეიძლება დროულად დასრულდეს ეს პროცესი და აღარ გაჭიანურდეს სუბიექტური გარემოებების გამო. თუმცა რთველის საკოორდინაციო შტაბი კვლავ აგრძელებს მუშაობას, სანამ ბოლო კილოგრამი არ დაბინავდება.

რაც შეეხება სუბსიდიის საკითხს, მისივე შეფასებით, ეტაპობრივად მოხდა გადაწყვეტილების მიღება, რომ სახელმწიფო ამ პოზიციიდან მთლიანად გამოვიდეს.

"ბ.რ": სუბსიდიიდან გამოსვლამ მოახდინა თუ არა გავლენა ფასზე, რამდენად მისაღებია ყურძნის ღირებულება და რამდენად კმაყოფილია მოსახლეობა?

ა.ა: სუბსიდიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ეფუძნებოდა სხვადასხვა ფაქტორს, რაც ნაბიჯის გადადგმის საშუალებას იძლეოდა. თუმცა ბედის ანაბარა არ დაგვიტოვებია ეს პროცესი. 2013 წელს 80 კომპანია მონაწილეობდა რთველში, წელს 280 კომპანია დავარეგისტრირეთ. ბოლო წლებში მათი რაოდენობა ერთბაშად გაიზარდა. შესაბამისად, ამან შექმნა მოთხოვნაც, რომ კონკურენტულ გარემოში, საბაზრო პირობების დაცვით, მოხდეს ნედლეულის ათვისება. დღეს უკვე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ეს იყო აბსოლუტურად გამართლებული ნაბიჯი და ვფიქრობ, ამაში დამეთანხმებიან მევენახეებიც, რომლებმაც წარმატებით წარმართეს ვაჭრობა. ფასების დიაპაზონი იყო ძალიან კარგი, საფერავის ფასი 1,70-დან 3,30 ლარის ფარგლებში მერყეობდა. ვაჭრობა ხარისხიდან და ადგილწარმოშობიდან გამომდინარეა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

ჩვენ შეჩვეული ვართ, რომ მევენახეს ყოველთვის მეტის გადახდა სურს, მაგრამ კარგი ვენახი და ყურძენი თავის თავს ყოველთვის აბინავებს ისევე, როგორც კარგი ღვინო. ვნახე შემთხვევები, როცა კომპანია თვითონ აკითხავს მევენახეს, სადაც კი ხარისხიანი ყურძენი ეგულება. ცხადია, ეს იქნება გადამდები სხვა მევენახეებისთვსიაც და მოხდება მოვლა, ჩანაცვლება, რეინვესტირება და ა.შ. წითელი ყურძნის მხრივ, ვფიქრობ, ფერმერების უმრავლესობა კმაყოფილია, რადგან ბაზრის მოთხოვნა მაღალია. ასევე, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონში, სადაც სახვანჭკარე ჯიშებია, მოსავალი საკმაოდ ძვირად ჩაიბარეს. ამ ზონაში 1500 ტონამდე გადამუშავდა, პატარა რეგიონია და ნამდვილად იყო კმაყოფილება მევენახეებში.

"ბ-რ": როგორ ფიქრობთ, სუბსიდიიდან გამოსვლამ რა შესაძლებლობა მისცა სექტორს, რა მიმართულებით გააგრძელებს სააგენტო მუშაობას, რათა დარგი უფრო მდგრადი და წარმატებული გახდეს?

ა.ა: მართალია, სახელმწიფო სუბსიდიიდან უშუალოდ გამოვიდა, მაგრამ გადაიდგა სხვა მნიშვნელოვანი ნაბიჯი, კერძოდ, სახელმწიფო კონიუნქტურის გაჯანსაღებაზე გადაერთო, ხელოვნური ჩარევა ჩანაცვლდა კონკრეტული ბუნებრივი ჯანსაღი გარემოს შექმნით, რაც გამოიხატება იმაში, რომ ექსპორტი მზარდია. ყოველი თვის განმავლობაში, ფაქტობრივად, 20-30%-იანი მატება იყო.

სახელმწიფო ამიერიდან იმ საქმიანობით დაკავდება, რაც ევალება. მევენახეებიც თანხმდებიან, რომ სუბსიდია დარგზე დადებითად არ მოქმედებს. ჩვენ გვაქვს ვაზისა და ღვინის სამშობლო და ჩვენი ინდუსტრია მზარდი და განვითარებადია. მან მიაღწია საკმაოდ მაღალ შედეგს. ცხადია, არ გვინდა, რომ ყავარჯნით ვიაროთ.

2017 წელს 76,7 მლნ ბოთლი ღვინო გავიდა ბაზარზე, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. წელს კიდევ უფრო მეტის გაყიდვას ველოდებით. აქტიურად ვატარებთ მარკეტინგულ კამპანიას, რათა ცნობადობა გაიზარდოს და ქართული ღვინო საერთაშორისო ბაზრებზე უფრო მოთხოვნადი გახდეს.

 "ბ-რ": წინა წლებში საქართველო საკმაოდ აქტიურად იყო წარმოჩენილი საერთაშორისო ფესტივალებსა და გამოფენებზე, შარშან ამ მხრივ ბორდოს ღვინის ფესტივალი აშკარად გამორჩეული იყო. იგეგმება თუ არა წელს მსგავს გამოფენებში მონაწილეობა და რა სიახლეს უნდა ველოდოთ?

ა.ა: საერთაშორისო ბაზრებზე - ჩინეთში, ევროპის ქვეყნებსა თუ ამერიკაში ყველა მნიშვნელოვან ღვინის საერთაშორისო გამოფენაში უკლებლივ ვმონაწილეობთ, ვესწრებით და ვეხმარებით ქართულ კომპანიებს, რომ საკუთარი პროდუქცია გლობალურ ბაზრებზე წარადგინონ. იგეგმება მასშტაბური ღონისძიება, საგენტო ცდილობს, სტრატეგიულ ბაზრებზე - იაპონია, აშშ, დიდი პრიტანეთი და სხვა, არა მხოლოდ ღონისძიებებში მიიღოს მონაწილეობა, არამედ ამ ქვეყნებში არსებულ ყველა პროექტში, რომელიც ღვინის გაყიდვას ემსახურება - ღვინის მაგისტრი, დისტრიბუტორი, ვთქვათ, ღვინის სპეციალიზებული მაღაზიის წარმომადგენელი, ჟურნალისტი, სომელიები, ყველა პროექტში ვმონაწილეობთ. ასევე, აქტიურად იმართება სემინარები, ვგეგმავთ ჟურნალისტური ტურების ორგანიზებას, რასაც ყოველთვის აღფრთოვანებაში მოჰყავს ვიზიტორი. ვცდილობთ, ყველა მეთოდით ყველა შრეში შევიტანოთ ინფორმაცია ქართული ღვინის შესახებ, რაც შემდეგში მოთხოვნას განაპირობებს.

როგორც ღვინის სააგენტოში აღნიშნავენ, წარმატებული რთველის პარალელურად, ქვეყანა დიდ შედეგს აღწევს ღვინის ექსპორტში, რასაც ადასტურებს ოფიციალური სტატისტიკა. კერძოდ, 2018 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში ექსპორტირებულია 60 მლნ-მდე ბოთლი ღვინო (0,75 ლ), რაც 13%-ით აღემატება 2017 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 142 მლნ აშშ დოლარია, ზრდამ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 22% შეადგინა.

ამასთან, იანვარ-სექტემბერში საქართველოდან მსოფლიოს 22 ქვეყანაში ექსპორტირებულია 13,5 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 19%-ით აღემატება გასული წლის 9 თვის მონაცემებს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა 27,6 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, ზრდამ 10% შეადგინა.

ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა 222,7 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 15%-ით აღემატება გასული წლის იანვარ-სექტემბრის მაჩვენებელს.

თამამად შეიძლება თქმა, რომ წლევანდელი რთველით ბიზნესიც კმაყოფილია და გლეხებიც. როგორც ფერმერებმა "ბიზნეს-რეზონანსს" განუცხადეს, მოთხოვნა მაღალია, რაც ფასზე და ხარისხზე დადებითად აისახება. მეწარმეები საუბრობენ იმაზეც, რომ სუბსიდიიდან გამოსვლამ დარგს მეტი შესაძლებლობა მისცა, რაც წლევანდელ სეზონს აშკარად დაეტყო.

კომპანია "ხომლის მარანის" დამუფუძნებელი თამაზ ომანაძე, რომელიც სახვანჭკარე ჯიშის ყურძენს აწარმოებს, შედეგით კმაყოფილია. მისი თქმით, კომპანია ფლობს ბიოსერტიფიკატს, რაც მთავარი პირობაა პროდუქციის ევროპაში გასატანად.

"მესამე წელია, რაც ბიოსერტიფიკატი გვაქვს აღებული და ვგეგმავთ ღვინის ევროპულ ბაზრებზე გატანას. ძალიან დიდი ამბიცია გვაქვს, რაც ჩვენ მიერ წარმოებული პროდუქციის ხარისხით არის გამყარებული. ამ ეტაპზე 1500 ბოთლამდე ვამზადებთ. საკმაოდ მაღალ ფასში შევისყიდე ყურძენი, ასე რომ, ჩვენც კმაყოფილი ვართ და გლეხებიც მადლიერები არიან.

წელს დარგი არასუბსიდირებულია, რაც შედეგზე პოზიტიურად აისახა. რთველთან დაკავშირებულ ყველა პროცესს ბაზარი უნდა არეგულირებდეს. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. სუბსიდიის პირობებში ხალხი აქცენტს ყურძნის რაოდენობაზე სვამდა, ახლა ყველა ხარისხზე გადაერთო და საბოლოოდ ფასზეც აისახა. მიმაჩნია, რომ სუბსიდიიდან გამოსვლა დროული გადაწყვეტილება იყო, რამაც ხალხს და ბიზნესსაც დიდი მოგება მოუტანა", - ამბობს ფერმერი.

წლევანდელი სეზონით კმაყოფილია წინანდალელი ფერმერი ოთარ ბერძენიშვილიც, რომლის თქმითაც, ყველაფერი გაკეთდა რთველის ორგანიზებულად ჩატარებისთვის.

"ბევრი კმაყოფილია და მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ. ხარისხით და რაოდენობითაც კარგი მოსავალი ავიღე. წელს 1 კგ საფერავი 2 ლარი ღირს. ფაქტობრივად, უფრო მეტია, ვიდრე წინა წლებში სუბსიდიით იყო შესაძლებელი. თანაც, კარგი მოსავალია, სული და გული ჩავდე, რომ ყურძენი არ გაფუჭებულიყო. მთავრობა ჩვენ მაგივრად ვერ იმუშავებს და ვერ შექმნის იმ დოვლათს, რომელიც ჩვენ უნდა შევქმნათ. მოთხოვნა დიდია და ხარისხზე ამანაც კარგად იმოქმედა", - უთხრა "ბიზნეს-რეზონანსს" ფერმერმა.

(ბიზნესპრესი) 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×