მერიის სატრანსპორტო კომპანიაში ამბობენ, რომ ხარვეზი სრულად აღმოიფხვრება და სისტემა გამართულად იმუშავებს
თამარ მუკბანიანი
16.10.2018

 დედაქალაქში ავტობუსების ტაბლოებზე სრული ქაოსია. მგზავრები იმდენად დაბნეულები არიან, რომ ვეღარ გაურკვევიათ, რამდენ ხანს უნდა ელოდონ ავტობუსს. ასევე, აცდენაა ტაბლოებსა და ინტერნეტაპლიკაციას შორის, რომელიც ლოდინის დროის დაგეგმვას უნდა უწყობდეს ხელს. პრობლემის შესახებ მერიაში იციან და ამბობენ, რომ მის მოსაგვარებლად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა კონკრეტულ ვადას, როდის გამოსწორდება ხარვეზი, ვერ ასახელებენ.

თითქმის ერთ წელიწადზე მეტია, დედაქალაქის თითქმის ყველა ქუჩაზე, ყველა ნომერი ავტობუსის ხაზზე, ტაბლოები აცდენილია კონკრეტულ გაჩერებამდე ავტობუსის მოსვლის რეალურ დროს. ცდომილებაა ტაბლოებსა და ონლაინაპლიკაციას შორისაც. მგზავრები ამბობენ, რომ სხვა დრო წერია ტაბლოზე, სხვა დროს აჩვენებს ვებ-გვერდი ინტერნეტში და ხშირად ავტობუსის მოსვლის დრო არც ერთს არ ემთხვევა.

იმ ფონზე, როცა დედაქალაქის მთავრობის მუდმივი მოწოდება საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობაზე გადასვლაა, ამ მხრივ ხარვეზებია და ინფრასტრუქტურაც გაუმართავია.

ხათუნა მჭედლიშვილი ავტობუსით ყოველდღე მგზავრობს. იგი ამბობს, რომ ყველა ნომერი, რომლითაც მგზავრობა უწევს, მოუწესრიგებელი განრიგით მოძრაობს, მაგრამ განსაკუთრებით 87 ნომერია მისთვის პრობლემური.

"დღეში ორჯერ მაინც მიწევს ავტობუსით მგზავრობა - სამსახურამდე და სამსახურიდან. გარდა ამისა, თუ სადმე ვარ მისასვლელი, მაშინაც ავტობუსს ვარჩევ. ბოლო დროს ძალიან გავწვალდი. დიდი იშვიათობაა, ტრანსპორტი მოვიდეს იმ დროში, რაც ტაბლოზე წერია, 5-8 წუთის დაგვიანდებით მოდის, თუმცა ხანდახან ადრეც მოვარდება ხოლმე. ეს შეიძლება საცობებს დაბრალდეს ან სხვა რამეს, თუნდაც ტექნიკურ პრობლემებს, მაგრამ სულაც არ არის შვება იმ ადამიანებისთვის, ვისაც სამსახურში აგვიანდება.

რაც შეეხება 87 ნომერ ავტობუსს, აქ სრული განუკითხაობაა. მაგალითად, გუშინ მობილურში განრიგი ვნახე, 4 წუთი ეწერა. სამსახურიდან მაშინვე გამოვედი და ტაბლომდე მისულს 3 წუთი დამხვდა. ჯერ ერთი, გამორიცხულია, 1 წუთში იქამდე მივსულიყავი, მაგრამ ეს კიდევ არაფერი. დარჩენილი სამი წუთი დაახლოებით 10 წუთს გაგრძელდა (ტაბლოზე დრო არ შეცვლილა) და უცებ 27 წუთზე ავარდა.

გამოდის, ერთი ან მეტი ავტობუსი საერთოდ ამოვარდა. ეს არაა ნორმალური და იმის დასტურია, რომ ამ სისტემას არავინ აკონტროლებს და მგზავრის დისკომფორტიც არავის ადარდებს", - ამბობს "ბიზნეს-რეზონანსთან" ხათუნა მჭედლიშვილი.

როგორც ჩანს, ასეთი შემთხვევები იშვიათობა არაა. დაახლოებით იგივე ისტორიას ჰყვება დედაქალაქის მცხოვრები თამარ ხვადაგიანი, რომელიც საზოგადოებრივი ტრასპორტის აქტიური მგზავრია.

"გოთუას ქუჩაზე ვმუშაობ, რომელიც ერთი შეხედვით ქალაქის ცენტრალურ ნაწილშია, თუმცა ტრანსპორტის პრობლემა ამ დოზით ალბათ გარეუბნებშიც კი არ არის. ერთადერთი ნომერი სამარშუტო ტაქსი და ერთიც ავტობუსი დადის, რომელიც აღმაშენებელზე გაივლის და მეც სწორედ იმას ველოდები ხოლმე. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ "ბედი მიღიმის", თუკი ინტერნეტაპლიკაცასთან და ტაბლოსთან 10 წუთზე მეტი ცდომილება არაა.

როგორც წესი, ერთი და იგივე დრო რამდენიმე წუთის განმავლობაში აწერია უცვლელად. შემდეგ ნელ-ნელა კლებას იწყებს და შეიძლება უცებ 3 წუთიდან 30 წუთი დაეწეროს ან პირიქით. აქ საცობები არასდროს არაა ან თუ არის, ძალიან ხანმოკლე, ანუ ეს პრობლემა გამორიცხულია. ესე იგი, ეს არის სისტემის ტექნიკური გაუმართაობა.

არ მესმის, რატომ ხარჯავს მერია ამ პროექტში თანხას. ტაბლოებიც, მობილური აპლიკაციის შექმნა და მისი მუშაობაც ალბათ თანხასთანაა დაკავშირებული", - ამბობს თამარ ხვადაგიანი "ბიზნეს-რეზონანსთან".

გოგა გრიგორიანი სტუდენტია, რომელსაც ავტობუსის განრიგის გაუმართაობის გამო ლექციაზე არაერთხელ დაუგვიანია. იგი სახლიდან დაახლოებით 20 წუთით ადრე უნდა გამოვიდეს, მგზავრობისთვის საჭირო დროსთან შედარებით. სხვაგვარად უკვე გამორიცხულია, დანიშნულების ადგილზე შეუფერხებლად მივიდეს.

"ისე გამოდის, რომ ყოველდღე იმაზე 20 წუთით ადრე მაინც გამოვდივარ, ვიდრე სახლიდან უნივერსიტეტამდე, წესით და რიგით, მჭირდება, რომ არ დავაგვიანო. ლექციაზე გვიან არაერთხელ შევსულვარ, რადგან ინტერნეტში მითითებულ სატრანსპორტო განრიგს ვენდე და იმის მიხედვით გამოვედი სახლიდან.

პრობლემა კიდევ ის არის, რომ ასეთ ხარვეზებს მნიშვნელობას არავინ ანიჭებს, არც ხელისუფლება და არც საზოგადოება. რამდენჯერმე დავწერე სოციალურ ქსელში და დაცინვის ადრესატი გავხდი, რა დიდი პრობლემა ეს არის, სხვა ისეთები ხდება ქვეყანაშიო. მესმის, რომ ყველაფერი შედარებითია, მაგრამ 21-ე საუკუნეში, როცა ყველა წუთი მნიშვნელოვანია და თანაც მუშაობ, სწავლობ, 20-30 წუთი ბევრია დაგვიანებისთვის", - აღნიშნა გოგა გრიგორიანმა.

პრობლემის შესახებ იციან თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში. როგორც "ბიზნეს-რეზონანსს" განუცხადეს, ამ კუთხით მუშაობა მიმდინარეობს და იგი უახლოეს მომავალში გადაიჭრება.

"პრობლემის შესახებ ვიცით და ამ მიმარულებით სატრანსპორტო კომპანია მუშაობს. როგორც ცნობილია, ჩვენ გვაქვს ხელშეკრულება "საქართველოს ბანკთან" ბილეთების ახალი სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით. აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ამ კუთხით და ეს პროგრამა მოიცავს ტაბლოების ახალ სიტემაზე გადაყვანასაც. იგი უახლოეს მომავალში ჩაეშვება და ბევრად უფრო კომფორტული და ზუსტი გახდება მგზავრებისთვის ტაბლოდან მიღებული ინფორმაციები.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ხშირად ტაბლოზე გამოტანილი ინფორმაცია არ ემთხვევა ავტობუსის მოძრაობის რეალურ დროს საცობების გამოც. გარდა სისტემური ხარვეზისა, ესეც სერიოზული მიზეზია. ახალი სისტემის ამოქმედების შემდეგ ეს ცდომილებაც გამოირიცხება", - აცხადებენ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×