ეროვნული ბანკის რეგულაცია როგორც მსესხებლებს, ასევე საქართველოს უძრავ-მოძრავი ქონების ბაზარს დიდ პრობლემებს შეუქმნის. მოსალოდნელია, რომ მიწის ნაკვეთების, ბინების, ავტომობილებისა და სხვა ძვირადღირებული ნივთების რეალიზაცია შემცირდება. ტექნიკის მაღაზიებს განვადებასთან დაკავშირებით უკვე შეექმნა პრობლემა და ეს მდგომარეობა სამომავლოდ უფრო მეტად დამძიმდება.
შეზღუდვა, რომელიც 1-ლი ნოემბრიდან ამოქმედდება, მომხმარებლის სხვადასხვა კატეგორიაზე აისახება, და შესაბამისად, სამომხმარებლო ბაზარზე პრობლემას შექმნის. უძრავი ქონების ბაზრის სპეციალისტები, ავტოიმპორტიორები და ტექნიკის მაღაზიების წარმომადგენლები შიშობენ, რომ კლიენტები შემოაკლდებათ. ავტომობილების რეალიზაცია, შესაძლოა, 50%-ით შემცირდეს, უძრავი ქონების ბაზრისთვის კი ეს მაჩვენებელი გაცილებით მაღალი იქნება.
ამ ეტაპზე ფასები არ გაზრდილა, მაგრამ თბილისში მიწის ნაკვეთებზე მოთხოვნა შემცირდა. უძრავი ქონების ბაზრის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ძირითადი მყიდველები ქვეყანაში სამშენებლო კომპანიები არიან. რაც შეეხება მოსახლეობის მხრიდან ინტერესს, მეტ-ნაკლებად შესამჩნევია, თუმცა საბანკო სექტორის მოსალოდნელი რეგულაცია ბაზარზე საგრძნობ გავლენას მოახდენს.
აქამდე თუკი იპოთეკური სესხის დამტკიცებისას ანგარიშს უწევდნენ ემიგრანტების გზავნილებსაც, რეგულაციის პირობებში პრობლემა ამ კატეგორიის მყიდველსაც შეეხება.
უძრავი ქონების ბაზრის სპეციალისტი, სააგენტო "კიბის" ხელმძღვანელი ნელი გოგუაძე ამბობს, რომ მიწის ნაკვეთს და ბინას ხალხი სესხით ყიდულობს. თუკი მათ კრედიტი არ დაუმტკიცდებათ, ცხადია, რომ ბაზარს მომხმარებელი შემცირდება, რაც კომპანიებს საგრძნობლად დააზარალებს.
"დღეს ფიზიკურად არ არის კარგი სამშენებლო ტერიტორია. მაგალითად, დიდ დიღომში კვადრატული მეტრის საშუალო ფასი შეიძლება 200 დოლარიც იყოს, მაგრამ დიდი დიღმის პირველ ზოლში 400 დოლარზე ძვირიც ღირდეს. ცენტრალურ უბნებში, მაგალითად, ვაკეში, ვერაზე და საბურთალოზე მოთხოვნა არის, მაგრამ თავისუფალი მიწის ფართი რეალურად აღარაა. ნაკვეთი უნდა იძლეოდეს საშუალებას, რომ ახალი რეგულაციით განსაზღვრულ სამშენებლო ნორმას მოერგოს.
რაც შეეხება საბანკო რეგულაციას, თუკი მსესხებლებს ფინანსებზე ხელმისაწვდომობა შეეზღუდებათ, ცხადია, ეს უძრავი ქონების გაყიდვაზეც ადეკვატურად აისახება. იპოთეკურ სესხს ისედაც დიდი სიფრთხილით გასცემდნენ და ეროვნული ბანკის შეზღუდვის შემდეგ ბევრი მოქალაქე უძრავი ქონების ყიდვას ვერ შეძლებს.
ცხადია, ეს ეხება ემიგრანტების გზავნილებსაც და რეგულაცია, სავარაუდოდ, ამ საფრთხესაც გაითვალისწინებს. ვფიქრობ, რაღაც უნდა დაბალანსდეს. არ მესმის, მე თუ ვმუშაობ და 1000 ლარამდე მაქვს შემოსავალი, რატომ არ უნდა მქონდეს სესხის აღების უფლება. ძალიან მკაცრი შეზღუდვაა - როგორც რიგით მომხმარებლებზე, ასევე უძრავი ქონების ბაზარზეც ნეგატიურად აისახება.
კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, ვფიქრობ, რომ საქართველოში ბევრი ადამიანი ვერ შეიძენს ბინას, საბანკო სექტორს მსესხებელი თუ მოაკლდა, ცხადია, უძრავი ქონების ბაზარსაც დააკლდება მომხმარებელი", - ამბობს გოგუაძე.
პრობლემა ავტომობილების ბაზარზეც მოსალოდნელია. ავტოიმპორტიორები არ გამორიცხავენ, რომ მყიდველმა ლომბარდების ან მევახშეების შეთავაზებით ისარგებლოს, რაც ამ ადამიანების ფინანსურ მდგომარეობას გაცილებით დაამძიმებს, ვიდრე საბანკო კრედიტი.
კომპანია "რობანი მოტორსის" დამფუძნებელი ელგუჯა ჯამაგიძე ვარაუდობს, რომ ავტომობილების რეალიზაცია განახევრდება.
"ჩვენს მოქალაქეებს დანაზოგი არ ჰყოფნით მანქანის შესაცვლელად ან ახალი მანქანის საყიდლად, ამიტომ ძირითადად განვადებით სარგებლობენ. საქართველოში მანქანა ისეთი ნივთია, რის ყიდვასაც ჩვენი მოქალაქეები ნებისმიერ ფასად შეეცდებიან. შესაძლოა, ლომბარდების მომსახურებით ისარგებლონ ან მევახშეებისგან აიღონ ფული, როცა ალტერნატივაზე დაიწყებენ ფიქრს და ამან ხალხი შეიძლება უარეს ვითარებაში ჩააგდოს, ვიდრე დღეს არის.
ცხადია, შეზღუდვა მომხმარებლებზე ცუდად აისახება, მაგრამ არც ავტომობილების ბაზარს დაადგება სიკეთე. ეს რეგულაცია ძალიან დაგვაზარალებს. ფაქტობრივად, გაყიდვა განახევრდება," - ამბობს "ბიზნეს-რეზონანსთან" ჯამაგიძე.
საბანკო რეგულაცია სავაჭრო ცენტრებს უკვე შეეხო და მათი პროდუქციის რეალიზაცია 1/3-ით შეამცირა. ეს ჯერ კიდევ ივნისის მდგომარეობით. როგორც ტექნიკის მაღაზიებში ამბობენ, ვითარება კვლავ არასახარბიელოა. მაღაზია "ტექნობუმის" აღმასრულებელ დირექტორ ანზორ ქოქოლაძის ვარაუდით, ნოემბრიდან ახალი რეგულაციის ამოქმედებით ტექნიკის გაყიდვა კიდევ უფრო დაიკლებს.
"რეგულაცია ტექნიკის გაყიდვაზე გავლენას უსათუოდ მოახდენს, ბოლო დროს ისედაც შემცირებულია. მესმის, რომ საზოგადოებაში ჭარბვალიანობაა და ეს პრობლემა მოსაგვარებელია და, ამ თვალსაზრისით, რეგულაციით დასახული მიზანი სწორია.
საერთოდ, მტკივნეული პროცესია როგორც მომხმარებლებისთვის, ასევე სავაჭრო სექტორისთვისაც. აქამდე დანაკლისის შევსება მეტ-ნაკლებად შესაძლებელი იყო, ტურისტული სექტორიდან გამომდინარე. ახლა ეს სეზონიც დასრულდა.
ცხადია, ვითარება 1-ლი ნოემბრიდან შეიცვლება, მაგრამ კონკრეტულად თქმა, რამდენით შეიძლება შემცირდეს გაყიდვა, ჯერ ნაადრევია. არ გამოვრიცხავ, ალტერნატიული ზომები მივიღოთ. მაგალითად, შიდა განვადება, რაც მაღაზიის სამომავლო გეგმებში აუცილებლად განიხილება", - ამბობს ქოქოლაძე.