"საქართველო გახდა დიდი სამრეცხაო, სადაც ფული უკონტროლოდ შედის და გადის"
თამარ მუკბანიანი
16.10.2018

 ერთ დღეში ლარი ერთბაშად 3 პუნქტით გაუფასურდა. კურსი ყველასთვის მოულოდნელად დაიძრა 2.70-კენ, რაც წინასაარჩევნოდ უჩვეულო აღმოჩნდა. როგორც წესი, პოლიტიკურად ასეთ ცხელ პერიოდში ხელისუფლება და ეროვნული ბანკი ლარის მეტ-ნაკლებად სტაბილურობის შენარჩუნებას ახერხებდნენ, მაგრამ ახლა საქმე იმდენად ცუდადაა, რომ აღარც არჩევნებს ერიდებიან.

სავალუტო ბაზრისთვის ახალი მძიმე ორშაბათი დაიწყო. ლარის კურსი კვირის დასაწყისშივე დაეცა და ერთი დოლარის ღირებულებამ 2.6664 ლარი შეადგინა. კიდევ უფრო მაღალია გაცვლითი ნიშნული გარე სავალუტო ჯიხურებში, სადაც 1 დოლარი 2,68 ლარად იყიდება.

მაშინ, როცა არჩევნებამდე დარჩენილია 2 კვირაზე ნაკლები და ხელისუფლება იქადნება, რომ მისთვის სასურველი კანდიდატი პირველსავე ტურში გაიმარჯვებს, ლარის ასეთი დევალვაცია ძალიან უჩვეულოა. ამ დროს ხელისუფლება და ეროვნული ბანკი, ტრადიციულად, ახერხებდნენ ეროვნული ვალუტის სტაბილურობის შენარჩუნებას. ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ ეკონომიკაში ვითარება ძალიან ცუდადაა და 27 ოქტომბრიდან დეკემბრის ბოლომდე ლარს ბევრად მძიმდე დღეები ელის.

დოლარზე გაზრდილ მოთხოვას გადასახდელ დიდ საგარეო ვალებს უკავშორებს ეკონომიკის დოქტორი, კომპანია "ფინექს 1970"-ის ანალიტიკოსი ნიკა შენგელია. მისი პროგნოზით, ლარი დოლარის მიმართ 20 დეკემბრამდე გაუფასურდება და 2.72-იან ნიშნულს გადააბიჯებს.

"მიუხედავად იმისა, რომ რეგიონული ვალუტები შედარებით გამყარდა, ეს ლარზე არ აისახება ამ ეტაპზე, რადგან გადასახდელი გვაქვს ვალები", - ამბობს შენგელია "კომერსანტთან".

ტენდენციას ადასტურებს საქართველოში "ადმირალ მარკეტსის" ყოფილი წარმომადგენელი, ფინანსისტი დავით წიქარიძეც. მისი აზრით, ვალების გასასტუმრებლად სავალუტო რესურსების შესყიდვა და მობილიზებაა საჭირო და სახელმწიფოს ეს პროცესი ხელს აძლევს კიდეც.

"ასე უფრო მარტივია სახელფასო, საპენსიო დავალიანებების გასტუმრება. სავალუტო ბაზარზე უკვე იმდენად უმართავი პროცესებია, რომ წინასაარჩევნო პერიოდსაც კი აღარ ერიდებიან.

სიმართლე რომ ვთქვა, ამაზე საუბარიც კი აღარ მინდა, რადგან ჩვენი ფინანსური და ეკონომიკური მდგომარება არავითარ ანალიზს აღარ ექვემდებარება და ხელოვნურად იმართება რამდენიმე ადამიანის მიერ. სწორედ მათ უნდა ვკითხოთ, რას აპირებენ, როგორ და რატომ გეგმავენ. ობიექტურ ფაქტორებს რომ ამაზე ზეგავლენა არ აქვს, ყველა ვხედავთ", - ამბობს "რეზონანსთან" წიქარიძე.

ლარის კურსის მერყეობას სპეციალისტთა ნაწილი კვლავ ეროვნული ბანკის პოლიტიკას უკავშირებს, რომელიც სრულიად უუნაროა. პროფესორი ლია ელიავა აღნიშნავს, რომ ცენტრალური ბანკი ვერ ასრულებს კანონის მოთხოვნას და ვერ უზრუნველყოფს ქვეყანაში ფასების სტაბილურობასაც კი, რაც მას პირდაპირ ევალება.

"ლარის კურსის ვარდნა ტრადიციული მიზეზითაა განპირობებული - ეს არის ეროვნული ბანკის უუნარობა და უსაქმურობა. თუ გადავხედავთ მეზობელ ქვეყნებს, ყველგან დასტაბილურდა ადგილობრივი ვალუტა. ახლახან გახლდით აზერბაიჯანში. იქ 1.70-ია მანათი უკვე რამდენიმე თვეა. ასე რომ, ეგზოგენური ფაქტორებისთვის რამის დაბრალება თვალში ნაცრის შეყრაა.

საქართველოში ეს ყველაფერი გამოწვეულია იმით, რომ კურსის ჩამოყალიბებისა და მისი დათვლის მეთოდოლოგია მახინჯია. ესაა ეროვნული ბანკის დიდი ნაკლი, რომ არ შესწევს უნარი, დაასტაბილუროს ვალუტის კურსი ქვეყნის ეკონომიკის ადეკვატურად. იმიტომაცაა, რომ ფულის ნებისმიერი გადინება-შემოდინების დროს მერყეობა სცდება მცირე "შოკუნიებს".

ჩვენ ვერ ავუკრძალავთ ვაჭრობას კომერციულ სტრუქტურებს, მაგრამ შესაძლებელია, დარეგულირდეს მათი საქმიანობა იმგვარად, რომ ეს არ ვნებდეს ეკონომიკას. სავალუტო კურსი მხოლოდ ტექნიკური მაჩვენებელი არაა და პირდაპირ აისახება ყველა მოქალაქეზე, მით უფრო, როცა ქვეყანა იმპორტდამოკიდებულია", - აცხადებს ელიავა.

მისივე თქმით, ეროვნული ბანკისა და მთავრობის მუდმივი თავის მართლების მცდელობაა, გაუფასურება დაუკავშორონ საგარეო ვალდებულებებს. ქვეყანა ვალს მთელი წლის განმავლობაში განსაზღვრული გრაფიკით იხდის.

"აუცილებელია, ითქვას, რომ, ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის მიხედვით, იმპერატიული მოთხოვნაა, უზრუნველყონ ფასების სტაბილურობა, რაც გაცვლით კურსზეა დამოკიდებული. ეს მოთხოვნა ირღვევა სისტემატურად და ამაზე პასუხს არავინ აგებს - არც პარლამენტი, არც მთავრობა და არც ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც წარადგენს სებ-ის საბჭოს წევრებს ქვეყნის ცენტრალურ ბანკში.

ეროვნული ბანკის მუდმივი გამართლების მცდელობაა, რომ აქცენტი გადაიტანონ საგარეო ვალდებულებებზე. ვალებს ჩვენ ვიხდით სისტემატურად, გაწერილი გრაფიკით. ასე რომ, ეს ვერ იქნება მიზეზი. საქართველო გახდა დიდი სამრეცხაო, სადაც ფული უკონტროლოდ შედის და გადის", - აღნიშნა ლია ელიავამ "ბიზნეს-რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×