რუსეთის ეკლესიამ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან ურთიერთობა სრულად გაწყვიტა და ამით უპასუხა კონსტანტინოპოლის გადაწყვეტილებას, რომ უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალია მიენიჭება. ახლა უკვე უკრაინის "დასჯის" ჯერიც დგება, რადგან სწორედ უკრაინის გამო დაიწყო მთელი ეს დაპირისპირება და მოლოდინია, რომ რუსეთის ეკლესიის კვალდაკვალ გააქტიურდება კრემლიც.
ვლადიმირ პუტინის პრესსპიკერმა უკვე განაცხადა, რომ „რუსეთი ყველგან იცავს რუსებისა და რუსულენოვანთა ინტერესებს" და დაიცავს უკრაინაშიც. უცხოური გამოცემები და ანალიტიკოსები კი არ გამორიცხავენ, რომ ვლადიმირ პუტინმა, რომელიც უკრაინას პოლიტიკურის შემდეგ ახლა უკვე რელიგიურადაც კარგავს და ამით დიდი დარტყმა ადგება რუსულ იმერიალიზმსა და პუტინის იმიჯს, უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭება გამოიყენოს უკრაინაში ახალი შეჭრის მიზეზად.
მას შემდეგ, რაც გასულ კვირას კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ 3-დღიანი სინოდის სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალიას მიანიჭებენ, მოსკოვში დაიწყო მსჯელობა, რით უპასუხონ კონსტანტინოპოლს და რით უპასუხონ კიევს.
გუშინ ბელარუსის დედაქალაქ მინსკში რუსეთის ეკლესიის სინოდის სხდომა გაიმართა და გადაწყდა, რომ რუსეთის ეკლესია კონსტანტინოპოლთან ურთიერთობას - ევქარისტულ კავშირს წყვეტს.
„წმინდა სინოდის სხდომაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან ურთიერთობის სრულად გაწყვეტასთან დაკავშირებით,"- განაცხადა მიტროპოლიტმა ილარიონმა, ამასთან მისი თქმით, რუსული მართლმადიდებელი ეკლესია იმედოვნებს, რომ კონსტანტინოპოლი უკრაინასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას გადახედავს.
რუსეთის ეკლესიის ამ გადაწყვეტილებამდე სასულიერო პირებიდან ბევრად უფრო მკვეთრი განცხადებები ისმოდა. მაგალითად, მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის სპიკერს არქიეპისკოპოს კლიმენტის ჰქონდა შეთავაზება, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომეოსი ანათემაზე გადაეცათ. ასევე მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო განყოფილების ხემძღვანელი ილარიონ ალფეევი აცხადებდა, რომ უკრაინაში არსებულ დიდ მონასტრებს რუსეთის ეკლესია არ დათმობს და შესაძლოა სისხლისღვრაც მოხდეს.
სწორედ უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიისთვის უკრაინაში არსებული მონასტრების გადაცემის თემა რომ გახდება დიდი დაპირისპირების საგანი, რაც შეიძლება გამოიყენოს კრემლმა, უკრაინაში შეჭრის ხელახალი გეგმა აამოქმედოს ამას ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ.
როგორც ვლადიმირ პუტინის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა თქვა, კრემლი უკრაინაში მართლმადიდებელთა ინტერესები დაიცვას - „იმ შემთხვევაში, თუ განვითარებული მოვლენები მართლსაწინააღმდეგო ქმედებების სახეს მიიღებს, რა თქმა უნდა, რუსეთი როგორც ყველგან იცავს რუსებისა და რუსულენოვანი მოსახლეობის ინტერესებს".
ბრიტანული გამოცემა „თაიმსი" წერს, რომ უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭება რუსეთის პრეზიდენტს მძიმე დარტყმას მოუტანს და თან, ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, როდესაც პუტინის რეიტინგი ძალიან დაეცა არაპოპულარულ საპენსიო რეფორმის გამო, ამიტომაც საფრთხის მომენტი გააქტიურებულია.
კიევსა და დასავლეთში შიშობენ, რომ კრემლმა შეიძლება გამოიყენოს სამხედრო ძალა, რათა დაცვის ქვეშ აიყვანოს ის ეკლესიები, რომლებიც მოსკოვის საპატრიარქოს ერთგული დარჩება და ხელი შეუშალოს მათ გადასვლას უკრაინის ახლადმინიჭებული ავტოკეფალური ეკლესიის იურისდიქციაში.
თანაც, საუბარია იმაზე, რომ რუსეთში პუტინის პოპულარობა იმატებს მაშინ, როდესაც რუსეთი სამხედრო ოპერაციებს იწყებს. მაგალითად, პუტინის პოპულარობა მკვეთრად გაიზარდა ყირიმის ანექსიის შემდეგ და ამდენად, საშიშროებაა, რომ კრემლის სტრატეგებმა მსგავსი მანევრი გაიმეორონ.
„ბი-ბი-სი" კი წერს, რომ რუსეთის იდეაა, პოსტსაბჭოთა სივრცეში მისი გავლენის აღდგენა მოხდეს და ამისათვის ცდილობს, რომ უკრაინა შეინარჩუნოს არა მხოლოდ რუსულ პოლიტიკურ ორბიტაზე, არამედ რელიგიურ ორბიტაზეც. ამიტომაც უკრაინის ეკლესიის დაკარგვა დარტყმას აყენებს „რუსული სამყაროს" კონცეფციას და ამცირებს რუსეთის წონას მართლმადიდებელ სამყაროში, როგორც რელიგიურად, ისე პოლიტიკურად.
თეოლოგი ვლადიმერ ნარსიას თქმით, რუსული ეკლესიის სოციალურ დოქტრინაში აღნიშნულია, ასევე ვლადიმირ პუტინს არაერთხელ განუცხადებია, რომ რუსული სახელმწიფო დგას რუსულ ეკლესიაზე და ეკლესია წარმოადგენს იდეოლოგიურ ბერკეტს, ამიტომაც კრემლისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ეკლესიის სიძლიერეს და ახლა, უკრაინის ეკლესიისთვის უახლოეს ხანში ავტოკეფალიის მინიჭების გამო მოსკოვში დიდი შფოთია და ამიტომაც პუტინის რეჟიმისგან ნებისმიერ დაპირისპირებაზე წასვლა.
„კონსტანტინოპოლის ერთ-ერთი ყველაზე თანმიმდევრული და მისაღები ხაზი მდგომარეობს იმაში, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ეს დისკუსი კანონიკური და თეოლოგიური მსჯელობის ზონიდან არ გაუყვანია და არსად არ გამოუყენებია პოლიტიკური ენა. განსხვავებით რუსეთისგან. მაგალითად ილარიონ ალფეევი ინგლისურენოვან გამოცემასთან ამბობს, რომ ეს გამოიწვევს დაპირისპირებას, რელიგიურ ომს. ასეთი ტერმინები ეკლესიური არ არის. აქიდან გამომდინარე პუტინის რეჟიმისგან, რა თქმა უნდა, მოსალოდნელია ნებისმიერ დაპირისპირებაზე წასვლა, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია რა ტიპის ძალა ხვდება მეორე მხარეს.
"თუ ის ძალაც ისევ ბრუტალური ხერხებით მოქმედებს, როგორც რუსეთი, მაშინ მეტია ვარაუდის საფუძველი, რომ დიახ, შეიძლება ძალიან ცუდ არ მოხდეს. თუმცა კონსტანტინოპოლი არ შედის ამ დისკუსში და არ იძლევა მიზეზს, რომ რუსეთის ძალადობრივი მოქმედებები გამოიწვიოსო. თუ რუსეთი დავობს ქონებაზე, მონასტრების კუთვნილება როგორ იქნება, ეს ძალიან რთული და მნიშვნელოვანი საკითხია, მაგრამ ეს დიდი დაპირისპირების მიზეზი არ უნდა გახდეს და დიდი ალბათობით პროცესი სასამართლოებში გადავა,"- ამბობს ნარსია.
თეოლოგის თქმით, ბევრი თვლის, რომ სქიზმით და ევქარისტული კავშირის გაწყვეტით ყველაფერი დაიქცა და მართლმადიდებელი სამყარო გაიხლიჩა სამუდამოდ.
„ეს არანაირ დაქცევა არ არის. ათასობით ასეთი ისტორიებია ეკლესიის ცხოვრებაში. რუსეთს კონსტანტინოპოლთან ევქარისტული კავშირი გაწყვეტილი ჰქონდა 1990-იან წლებშიც ესტონეთის ეკლესიასთან დაკავშირებით და შემდეგ ეს კავშირი აღდგა. ეს არ არის დიდი პრობლემა, ეს არის პროტესტი, რომელსაც რუსეთის ეკლესია გამოხატავს, შემდეგ კი ვითარება შეიცვლება და ურთერთობა ისევ აღდგება,"- დასძენს ნარსია.