"მარიხუანას კულტივაცია-ექსპორტის შესახებ კანონპროექტის განხილვის რეჟიმში დაბრუნება შეუძლებელია საპრეზიდენტო არჩევებამდე მოხდეს, მაგრამ არც არჩევნების შემდეგაა მისი დაბრუნება მოსალოდნელი. ამის მიზეზი კი საზოგადოების, პოლიტიკოსებისა და ეკლესიის დამოკიდებულeბაა, - ამ ყველაფერზე რეაგირება საკმაოდ მძაფრი იყო.
„პრეზიდენტის არჩევამდე კანონპროექტი, რომ არ იქნება დაბრუნებული, ეს ცხადია, მაგრამ მოსახლეობის, პოლიტიკური წრეების, თვითონ „ქართული ოცნების" წევრებისა და ეკლესიის მხრიდან იმხელა სიმძაფრე და რეაგირება მოჰყვა, რომ მეეჭვება, შემდგომ პერიოდშიც მოხდეს მისი დაბრუნება," - პრეზიდენტის ბრიფინგი პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან" საუბრისას შეაფასა.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბოლო დროს განვითარებულ მოვლენეთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს მთავრობის სხდომის გამართვა შესთავაზა, სადაც მარგველაშვილიც მიწვეული იქნება. პრეზიდენტის თქმით, განხილვის საგანი სწორედ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები იქნება.
რამაზ საყვარელიძე: მგონია, რომ ეკლესიის მიმართ პატივისცემა იქნება მომიზეზებული და ეს კი ისეთი მიზეზია, რომ ამ საკითხს აუცილებად შეაჩერებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ეს პროცესი რაც ახლა ჩამოვთვალე, ახალი ძალით დაიწყებს მოქმედებას.
„რეზონანსი": პრეზიდენტის განცხადების საფუძველზე, უნდა ველოდოთ თუ არა უახლოეს დღეებში მთავრობის სხდომას?
რ.ს: სტილისტიკა ისევ არ გამოიყურება მისაღებად და დამაჯერებლად. თითქოს სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობენ. მას შეუძლია დაურეკოს, შეთანხმდნენ და ერთად გადადგან ეს ნაბიჯიც. საჯარო განაცხადი უფრო გამოწვევას ჰგავს, ვიდრე პრობლემების გადაწყვეტასა და ძალების გაერთიანებას.
მეეჭვება, ეს სხდომა გაიმართოს. უმრავლესობას უკავია პოზიცია, რომ ჯერ გამოძიებამ უნდა უპასუხოს გაჩენილ შეკითხვებს და მერე შეიძლება მასზე პოლიტიკური მსჯელობაც გაიმართოსო. არა მგონია, ამ ინიციატივას პრემიერ-მინისტრმა მხარი აუბას. მან შესაძლოა უპასუხოს ისე, როგორც უმრავლესობის წევრები ჟურნალისტებს პასუხობენ.
„რ": მარგველაშვილმა საზოგადოებასა და პოლიტოლოგებს ანდო იმ შეცდომების შეფასება, რაც ამ 5 წლის განმავლობაში დაუშვა. ასევე დასძინა, რომ „ეს პოლიტოლოგებს კარგად გამოსდით," - თქვენი აზრით, პრეზიდეტმა რა იგულისხმა?
რ.ს: პოლიტოლოგების რიტორიკაში დაბეჯითებით არის იმის მტკიცება, რომ ინსტიტუტს გამყარება უნდა. მიუხედავად იმისა, რამდენად სერიოზული იყო პრეზიდენტის ნაბიჯები ამა თუ იმ ეტაპზე და რა გავლენას ახდენდა ესა თუ ის ნაბიჯები ქართულ პოლიტიკაში, ანალიტიკოსები ყოველთვის ავლენდენენ დიდ პატივისცემას პრეზიდენტის მიმართ.
„რ": როგორც ცნობილია, პრეზიდენტმა 3 000-ზე მეტი მსჯავრდებული შეიწყალა. შესაძლოა თუ არა ეს ერთ-ერთ შეცდომად ჩაითვალოს?
რ.ს: როდესაც პრეზიდენტის უფლებამოსილება შეზღუდულია და თითზე ჩამოსათვლელია ის ფუნქციები, რომელიც მას დარჩა, ასეთ პირობებში შეწყალებაში დაშვებული შეცდომები, რა თქმა უნდა, თვალშისაცემი უფრო იქნება, ვიდრე ფუნქციების ის მრავალფეროვნება, რაც წინა კონსტიტუციის პრეზიდენტს ჰქონდა.