კახეთსა და ქვემო ქართლში აზერბაიჯანელი სტუმრების მონაწილეობით კულტურულ-აგრარული ტური გაიმართა. არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას" ორგანიზებით საქართველოში ჩამოსული აზერბაიჯანელი მეწარმეები ადგილობრივი მეწარმეების საქმიანობას გაეცნენ. ქართველებმა სტუმრებს კახეთში და ქვემო ქართლში არსებული ის საწარმოები დაათვალიერებინა, რომლებიც რეგიონში წარმატებულ საქმიანობას ეწევა.
აზერბაიჯანელი სტუმრები ქართველების სტუმართმასპინძლობით და კულტურით მოხიბლულები დარჩნენ, მათ კახეთის რეგიონის რამდენიმე კუთხე მოინახულეს, სადაც ტრადიცულ მეღვინეობას და მევენახეობას გაეცნენ.
აზერბაიჯანელი მეწარმეებისთვის ერთ-ერთი საინტერესო ყვარლის რაიონში ახალ სოფელში საოჯახო ტიპის ღვინის მარანი აღმოჩნდა. სტუმრებმა დუღაშვილების მარანი მოინახულეს. აზერბაიჯანულმა დელეგაციამ ტრადიციული, ქართული ქვევრის ღვინო დააგემოვნეს. ოჯახური ტიპის საწარმოში „ღვინის ეზო N1"-ში, დუღაშვილების ოჯახი, ღვინოს კახური მეთოდით ამზადებს. მასპინძლებმა აზერბაიჯანელ სტუმრებს აჩვენს როგორ ამზადებდნენ ღვინოს და ასევე ქართული სამზარეულოს უგემრიელესი საჭმელებით გაუმასპინძლდნენ. თიკა დუღაშვილი „რეზონანსთან" ყვება, რომ ღვინის მარნის შექმნის იდეამ, ოჯახი ქალაქიდან სოფელში დააბრუნა და ტრადიციული მამა-პაპის დროინდელი საქმიანობა მეღვინეობა გადაწყვიტეს.
„თბილისში საკმაოდ აქტიურად ვცხოვრობდით, მაგრამ კახეთში დაბრუნების შემდეგ, უფრო აქტიური ცხოვრება გამოგვივიდა. თავიდან ცოტა სკეპტიკურად ვიყავით განწყობილი, მაგრამ ტურისტების და სტუმრების ნაკადმა გვაჩვენა, რომ ეს საქმე ნამდვილად ჩვენია და გარისკვად ღირდა. ვნახეთ, რომ ჩვენმა საქმიანობამ სოფელიც გამოაცოცხლა და ცხოვრებაც უფრო დინამიური გახადა. კახეთი ნამდვილად გაძლევს იმის შესაძლებლობებს, რომ შენი იდეები და ოცნებები სისრულეში მოიყვანო. ჩვენი პატარა საოჯახო ღვინის მარანიც ამის დიდი მაგალითია",-აცხადებს „რეზონანსთან" თიკა დუღაშვილი.
აზერბაიჯანელმა სტუმრებმა კაჭრეთში მდებარე ხილ-ბოსტნეულის საწარმოც მოინახულეს. მეზობელი ქვეყნის მეწარმეები საწარმოს საქმიანობას ადგილზევე გაეცვნენ და მისი მუშაობის ყველა საინტერესო დეტალი საწარმოს თანამშრომლებისგან მოისმინეს. საწარმოში 2009 წლიდან, ასევე პროფესიული სწავლების სასწავლო ცენტრი ფუნქციონირებს, სადაც ათასამდე სტუდენტი სწავლობს, რომლებიც სხვადასხა პროფესიულ უნარჩვევებს ეუფლებიან.
ახალგაზრდა მეზობელი მეწარმეების სტუმრობა საქართველოში ქვემო ქართლში მდებარე ტკბილეულობის საწარმოს მონახულებით დასრულდა. სახლში დაწყებული ჩურჩხელების საწარმო, ამ ეტაპზე უკვე მრავალი სახეობის ქართულ ტკბილეულს აწარმოებს. ლაბორატორია „დოქტორ ჯორჯიას" დამფუძნებელი მაია ჯაჯანაშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ მცირე ბიუჯეტის გამო ისინი ტკბილეულის წარმოებას საქართველოში ვერ ახორციელებენ. თუმცა სამომავლოდ აპირებენ საკუთარი ღვინის „შავი ალმასის" გამოშვებას, რომელიც საქართველოში პირველი არომათერაპიული ღვინო იქნება და ის ტურისტებში უკვე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.
აზერბაიჯანელი მეწარმეები სტუმრობით კმაყოფილები და ყველა იმ საწარმოთი მოხიბლულები დარჩნენ, რომლებიც ორი დღის განმავლობაშ მოინახულეს. სტუმრების თქმით, საქართველოში აგრარული კულტურა საკმაოდ საინტერესო და უცხოა. მათი განცხადებით, ქართველი მეწარმეებისგან ბევრი გამოცდილების გაზიარება შეიძლება, რაც სამომავლო საქმიანობაში დაეხმარებათ.
რამილ ბაიშოვი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ საქართველოში სტუმრობა საკამოდ ნაყოფიერი იყო. მისი თქმით, აუცილებელია, რომ ორი ქვეყნის მეწრამეებს შორის მსგავსი შეხვედრები გაიმართოს და ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარება და თანაშმრომლობა მოხდეს.
„ტურის ფარგლებში საკამოდ ბევრი საინტერესო გამოცდილება მივიღეთ. ვისწავლეთ და ვნახეთ ქართველები ღვინოს როგორ წურავენ და ადუღებენ. ეს ყველაფერი კი ჩვენთვის საკმაოდ ეგზოტიკურ პროცესს წარმოადგენს. ქართველი მეწრამეებისგან ბევრი რამ გვაქვს სასწავლი და იმედი გვაქვს, რომ ჩვენს შორის სამომავლოდ თანამშრომლობა გაგრძელდება", - აღნიშნა ბაიშოვმა „რეზონანსთან".
არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდაში" აცხადებენ, რომ პროექტი უკვე შვიდი თვეა რაც მიმდინარეობს და მათი მთავარი მიზანია, რომ ადგილობრივი მეწარმეების, მცირე და საშუალო ბიზნესის დაახლოება მოხდეს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ პროექტი საკმაოდ ნაყოფიერია და მათ უკვე შეძლეს, რომ აზერბაიჯანის და საქართველოს მეწრამეების დაახლოება და თანამშრომლობა მომხდარიყო.