სასოფლო-სამეურნეო მიწის კანონპროექტის მიღება კვლავ ჭიანურდება. ცნობილია მხოლოდ ის, რომ პირდაპირი წესით მიყიდვა აიკრძალება. როგორი იქნება საგამონაკლისო წესი, კომენტარს კანონპრექტის ინიციატორები კვლავ არ აკეთებენ.
კანონი სასოფლო-სამეურნეო მიწის შესახებ, რომლის მიღებაც არაერთხელ გადაიდო, კვლავ განხილვის ფაზაშია. პროექტის საბოლოო ვერსია არ უნახავთ არც ინვესტორებს და არც დეპუტატებს, ქვეყანაში კი მიწის რეგისტრაციის პროცესი გაყინულია.
მორატორიუმის ვადა დამთავრდა, ახალი კანონი ჯერ კიდევ არ არსებობს, მიწის რეგისტრაციაზე კი სახელმწიფო მაინც უარს აცხადებს. რატომ აჭიანურებს ხელისუფლება არჩევნებამდე დროს და რა პუნქტები იქნება ისეთი კანონში, რამაც შესაძლოა, ელექტორატზე იმოქმედოს, კვლავ უცნობია. გაცხადებულია მხოლოდ ის, რომ პირდაპირი წესით მიწის მიყიდვა არ მოხდება. რა სივრცეებს დატოვებს და რამდენად მარტივი იქნება საგამონაკლისო წესით შეძენა, მოსახლეობა და ბიზნესი ხელისუფლებისაგან პასუხს ელის.
ეკონიმიკის მინისტრი გიორგი ქობულია მიიჩნევს, რომ მიწის უცხოელებზე მიყიდვის აკრძალვა რეალურ პრობლემებს ბიზნესს არ შეუქმნის, რადგან უცხოელს შეუძლია, იჯარით აიღოს მიწა თუნდაც 50 წლით.
"ბევრი უცხოელი ინვესტორი არის უკმაყოფილო იმით, რომ ჩვენ ვიღებთ კანონს, რომლითაც მათ არ შეეძლებათ მიწის შეძენა საქართველოში. ჩვენი შეხედულება ასეთია - უცხოელს შეუძლია, იჯარით აიღოს დიდი ხნით მიწა - 50 წლით. თუ მას ბიზნესის გაკეთება უნდა ამ მიწაზე, ეს სავსებით საკმარისია.
გარდა ამისა, თუკი უცხოელი არის კომპანიაში ქართველთან ერთად, მას შეუძლია მიწის შეძენა, მაგრამ მიწის ყიდვას არავითარი პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს ბიზნესის წარმოებისთვის, რადგან მიწის აღება იჯარითაც არის შესაძლებელი. 50 წელზე მეტხანს არც ერთი ბიზნესი არ ანგარიშობს.
ვერ ვხედავთ მიწის კანონში ძალიან დიდ დაბრკოლებას. ვისთვისაც ეს ფსიქოლოგიური დაბრკოლებაა, საქართველოში ვერ განახორციელებს ინვესტიციას. ისედაც პატარა ქვეყანა ვართ და პირიქით, ვინც მოასწრებს, მოასწრებს", - აცხადებს ქობულია.
მისივე თქმით, კანონი მიწის შესახებ უკვე რამდენიმე კვირაში მზად იქნება, ამჟამად კი მთავრობა კონსულტაციებს მართავს როგორც შიგნით, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ბიზნესთან.
საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი ფადი ასლი დაბრკოლებად მიიჩნევს იმას, რაც ეკონომიკის მინისტრისათვის ბიზნესის თავისუფალი ოპერირებისათვის სივრცედ ითვლება.
"უნდა ვთქვა, რომ ეს საკითხი დიდი დაბრკოლებაა ინვესტორებისათვის. ვნახოთ, როგორ წარიმართება მოვლენები, მაგრამ ფაქტია, რომ ამ დროის განმავლობაში მიწების შესახებ კანონპროექტი მიღებული არ არის და მიწების რეგისტრაციის პროცესი, პრაქტიკულად, გაყინულია უცხოელებისათვის, რომლებიც მიწის მესაკუთრეები არიან. ამ ყველაფერმა საქართველოს რეპუტაციაზე იმოქმედა", - აცხადებს ასლი.
უცხოელი ინვესტორების გარდა, საქართველოს ხელისუფლების მიერ შემუშავებული კანონი კითხვის ნიშნებს უჩენს დიპლომატიურ კორპუსსაც. იტალიის ელჩი ანტონიო ბარტოლი მიიჩნევს, რომ ამ პირობებში, არც ერთი ინვესტორი არ ჩადებს ფულს საქართველოში, თუ არ იქნება შესაბამისი განმარტება, რისი უფლება აქვს ბიზნესს და რისი - არა.
"დღეს საქართველოში სოფლის მეურნეობაში მოსახლეობის 50%-ია ჩართული და ისინი მშპ-ის მხოლოდ 9%-ს ქმნიან. ეს სექტორი არაეფექტურია. მისი გამოცოცხლებისათვის საჭიროა მექანიზაციის განვითარება, თანამედროვე ტექნიკის გამოყენება.
უცხოელებისათვის მიწის მიყიდვის აკრძალვა გასაგებია, მაგრამ ხელისუფლებამ ძალიან ნათლად უნდა განმარტოს, რა არის შესაძლებელი უცხოელი ინვესტორებისათვის. ამის გარეშე არც ერთი ინვესტორი არ გარისკავს თავის ფულს მიწაზე, რომელიც მას არ ეკუთვნის", - აცხადებს იტალიელი დიპლომატი.
საკანონმდებლო ცვლილებას, რომელიც დეპუტატ ოთარ დანელიას ეკუთვნის, დეტალურად არ იცნობს აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრი გიგა ბუკიაც. იგი ამბობს, რომ, რიგი მიზეზების გამო, განხილვებში აქიურად ვერ მონაწილეობდა და საკითხში არჩვენების შემდეგ გაერკვევა.
"ისე ნამდვილად არ ვიცნობ საკითხს, რომ ახლა კომპეტენტური კომენტარი გავაკეთო. რიგი მიზეზების გამო, ვერ ვმონაწილეობდი კანონის შექმნასა და განხილვებში. არჩვენების შემდეგ უფრო დეტალურად გავერკვევი", - აცხადებს ბუკია "რეზონანსთან".
დეტალებზე საუბრისაგან თავს იკავებს "ოცნების" უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი ირაკლი შიოლაშვილიც. მისი თქმით, მოგვიანებით გაკეთდება კომენტარი იმაზე, თუ როგორ მოხდება კანონპროექტის კანონად ქცევა და რა საგამონაკლისო წესები იქნება გათვალისწინებული.
"სანამ საბოლოო პოზიცია არ იქნება ჩამოყალიბებული, დეტალებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. აქ, ძირითადად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის სასოფლო-სამეურნეო მიწის მიყიდვასა და რეგულაციებზეა საუბარი. თემა შეთანხმებულია, რომ მიწა უცხოელებზე არ გაიყიდება, გამონაკლის შემთხვევებზე მუშაობა კი ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ვერ გეტყვით, თუ როდის დამტკიცდება კანონპროექტი, უმჯობესია, ამაზე ცოტა მოგვიანებით გავაკეთოთ კომენტარი", - აცხადებს "რეზონანსთან" შიოლაშვილი.