"გაგრძელება იქნება... ჩვენ 3-ზე მეტი საუბარი გვაქვს", - მირზა სუბელიანის მონაწილეობით ახალი ჩანაწერების გასაჯაროება დააანონსა "რუსთავი 2"-ის გენდირექტორმა და ამით ერთგვარად უპასუხა პროკურატურას, რომელმაც გუშინ გამოაქვეყნა ვიქტორ ჯაფარიძისა და მირზა სუბელიანის 7-წუთიანი დიალოგი, რითაც ერთგვარად ბათილდება ის ბრალდებები, რომლებიც "რუსთავი 2"-ის მიერ კვირას გავრცელებულ სკანდალურ ჩანაწერებში ისმის პატიმრობაში მყოფი მირზა სუბელიანისაგან.
ექსპერტების თქმით, პროკურატურის მიერ გავრცელებული ჩანაწერი ბევრ კითხვას აჩენს და მიუხედავად ხელისუფლების მტკიცებისა, რომ მირზა სუბელიანმა ტყუილი მოიგონა, თითქოს ტერაბაიტებით აქვს მტკიცებულებები "ოცნების" წინააღმდეგ, გახმაურებულ საქმეებზე როგორ აწამებდა და სცემდა მოწმეებს, სოზარ საუბარს, არჩილ თალაკვაძეს უკანონო საქმეებს "უგვარებდა" და ა.შ., მის მიერ ნათქვამი ყველა ფაქტი უნდა გამოიძიონ და დაამტკიცონ - ან ხდებოდა მსგავსი უკანონობა, ან სუბელიანმა მოიტყუა.
ახალი ჩანაწერი გუშინ პროკურატურამ გაასაჯაროვა და როგორც პროკურორმა კოკა კაციტაძემ განაცხადა, ჩანაწერების გავრცელების ფაქტზე დაკავებული პირიდან სულ 3 ჩანაწერია ამოღებული, მათგან ერთი მედიამ 14 ოქტომბერს უკვე გაავრცელა, თუმცა პროკურატურა მაღალი საჯარო ინტერესის გამო ასაჯაროებს მეორე ჩანაწერს, რომელიც 6 ივლისსაა ჩაწერილი და უსწრებს მედიაში გავრცელებულ ჩანაწერს.
პროკურატურის მიერ გავრცელებულ ჩანაწერში მირზა სუბელიანი ამბობს, რომ "ოცნების" მაკომპრომიტირებელი არანაირი მტკიცებულება არ აქვს, მაგრამ რომ უნდოდეს, შეუძლია, ტყუილი მოიგონოს და ხალხი დაიჯერებს.
თანაც, მას "ნაციონალური მოძრაობიდან" უთვლიდნენ, "ოცნების" წინააღმდეგ ტყუილი ბრალდებები ეთქვა და მას ციხიდან აუცილებლად დაიხსნიდნენ.
დიალოგში "ოცნების" დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე ეუბნება, რომ სუბელიანი ახლა ნერვებზეა და სწორად არ მსჯელობს, რომ სვან კაცს ტყუილის დაბრალება არ ეკადრება.
როგორც პროკურატურა ამტკიცებს, სწორედ ამ დიალოგიდან რამდენიმე თვის შემდეგ ჩაიწერა ჯაფარიძისა და სუბელიანის ის დიალოგი, რომელიც "რუსთავი 2"-მა კვირას გაასაჯაროვა და სადაც სუბელიანი ბევრ სხვა სკანდალურ ფაქტთან ერთად ამბობს, რომ თავის დასაზღვევად ტერაბაიტებით აქვს დაარქივებული და საზღვარგარეთ გადამალული მტკიცებულებები "ოცნების" წინააღმდეგ და რომ ყველა გახმაურებულ საქმეზე, რომლებზეც "ოცნებამ" ქულები დაიწერა: თეთრაძის საქმე, ნავთლუღის სპეცოპერაცია, ახალაიას საქმე - მისი დალაგებულია და სასურველი ჩვენების მისაღებად მოწმეებს აწამებდა და სცემდა.
პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის შეფასებით, ხელისუფლება ფატალურ შეცდომას უშვებს, ისინი არადამაჯერებელ არგუმენტებს იშველიებენ და ამით ცეცხლზე ნავთს ასხამენ.
"მთავარი ის კი არ არის, ჩანაწერების მჯერა თუ არა მე, მთავარია, რასაც სუბელიანი ლაპარაკობს, იმაზე გამოძიება ჩატარდეს.
"სიტყვაზე რატომ უნდა დავუჯერო ხელისუფლებას, რომ პირველად გავრცელებული ჩანაწერი დადგმული იყო, გამოძიება უნდა ჩაატაროს და შემდეგ მითხრას, რომ სუბელიანი რასაც ამბობს, ამ დანაშაულს ჰქონდა ადგილი თუ არ ჰქონდა.
"იმის მტკიცება, თითქოს სუბელიანი თავიდანვე დგამდა ამ დიალოგს, არადამაჯერებელია და ლოგიკურ წინააღმდეგობებითაა აღსავსე.
"ორ რაღაცას გეტყვით, პირველი - თუ ჯაფარიძე საქმის კურსში იყო, რომ სუბელიანი რაღაცის დადგმას აპირებდა, მაშინ ჩნდება კითხვა, რატომ მიიღო "ოცნების" დეპუტატმა ამ დადგმაში მონაწილეობა და თუ მიიღო, მაშინ ის ამ დადგმის, ამ დანაშაულის თანამონაწილე გამოდის და, შესაბამისად, ჯაფარიძის წინააღმდეგ სს-ის საქმე უნდა აღიძრას თაღლითობაზე.
"მეორე - თუ ეს დიალოგი დადგმული იყო, გამოდის, სუბელიანი თვითონ იწერდა ან მისი დავალებით სხვა იწერდა ამ დიალოგს და მაშინ ის ციხის თანამშრომელი რატომ დააკავეს, ის რა შუაშია?! პროკურატურამ ასე ვერსიების გამოცხობის და ჩანაწერების გამოყრის ნაცვლად რომ გამოიძიოს, არა?" - ამბობს ხუხაშვილი.
მისი თქმით, წინააღმდეგობაა ისიც, რომ ორშაბათს ვიქტორ ჯაფარიძე გვიცხადებდა, სუბელიანი ფსიქიკურად არაჯანსაღად იყო, ამიტომ რასაც ლაპარაკობდა, არ დავიჯერე და არც ყურადღება მიმიქცევიაო, ხოლო სამშაბათს პროკურატურა სხვა ვერსიას გვთავაზობს და ამბობს, რომ წინასწარ დადგა ეს დიალოგი სუბელიანმა და ეს ჯაფარიძემ თვეების წინ იცოდა.
"დღეს კი გადათქვა ჯაფარიძემაც. ფანტაზია ძალიან გაექცათ, ისევე როგორც "ომეგას საქმეზე" გაექცათ ფანტაზია. ეს არ გაჩერდება. ნიაღვარი წამოვიდა. ცხოვრებაში იმედგაცრუებები არ მაკლია, მაგრამ არ მინდა დავიჯერო, რომ რასაც სუბელიანი ამბობს, ეს ხდებოდა.
"თუ ხელისუფლება დასასჯელს არ დასჯის, მაშინ ამ ხელისუფლებას პერსპექტივა არ აქვს და ძალიან ცუდად დაამთავრებს", - დასძენს ხუხაშვილი.
იურისტ გელა ნიკოლაიშვილის თქმით, არ არის გამორიცხული, რომ რასაც სუბელიანი კომპრომატებზე ამბობს, ის ყველაფერი თუ არა, ნაწილობრივ მაინც სიმართლე იყოს და გამოძიება მის მიერ ნათქვამ ყველა ფაქტზე აუცილებლად უნდა ჩატარდეს.
"არ გამოვრიცხავ, რომ სუბელიანი მართლაც სტრესულ მდგომარეობაში იყოს მისი დღევანდელი პირობებიდან გამომდინარე, თუმცა არც იმის გამორიცხვა შეიძლება, რომ რასაც ის "რუსთავი 2"-ის მიერ გავრცელებულ ჩანაწერში ამბობს, მთლიანად თუ არა, ნაწილი მაინც სიმართლე იყოს.
"ამას გამოძიება აუცილებლად სჭირდება. მე ვფიქრობ, რომ რაღაც ნაწილი სიმართლე იქნება. არ ვთვლი, რომ ყველაფერი შეიძლება, მოეგონებინა. ვთვლი, ჩათვალა, რახან ხელისუფლებამ პირობა არ შემისრულა, დიახაც, თქვენ წინააღმდეგ მართალსა და ტყუილს ერთმანეთში ავურევ, ოღონდ სასჯელი ამცდესო", - მიიჩნევს ნიკოლაიშვილი.
ნიკოლაიშვილის თქმით, საზოგადოებაში არის აღქმა, რომ პროკურატურის მიერ გავრცელებული ჩანაწერი დადგმულია მას შემდეგ, რაც "რუსთავი 2"-მა მოიპოვა ჩანაწერი.
"შეიძლება მივიდეთ იქამდე, რომ "რუსთავი 2"-ის მიერ ჩანაწერის გავრცელების შემდეგ, ორშაბათს სუბელიანთან შეიყვანეს ჯაფარიძე, დადგეს სპექტაკლი და ალაპარაკეს სპეციალურად. თუმცა ამით სუბელიანს რა? დააშინეს სუბელიანი? თეორიულად შეიძლება, მაგრამ ჩემთვის ძნელად წარმოსადგენია.
"ამით რას იღებს მირზა სუბელიანი? თუმცა პროცესების მომავალი განვითარება დაგვანახვებს, თუ სუბელიანმა შეღავათი მიიღო, მაშინ ეს ვერსია მართლდება.
"დაველოდოთ. ეს კითხვები, ეს ეჭვები, რასაკვირველია ჩნდება, მაგრამ ერთმნიშვნელოვანი და კატეგორიული პასუხები ამაზე მე დღეს არ მაქვს", - ამბობს ნიკოლაიშვილი და დასძენს, რომ გამოძიების იმედი დიდად არ აქვს: "რაც სახეზე გვაქვს, იქიდან გამომდინარე ნაკლებად მოსალოდნელია, რომ გამოძიება ბოლომდე მივიდეს, რადგან პრაქტიკაში ბოლომდე მისული საქმე ცოტაა.
"არც ხელისუფლების წარმომადგენელთა შეფასებებია სწორი, ჩანაწერის შინაარსზე ღიმილი, ეს არაადეკვატური რეაქციაა და შესაძლოა, ასეთი ღიმილით ბოლოს გაღიმებულები დარჩნენ".