ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პოზიცია ერთიანი არ არის. რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებთან დაკავშირებით იტალიას განსხვავებული პოზიცია აქვს. აღნიშნული ფაქტი იმით აიხსნება, რომ იტალიას რუსეთთან გარკვეული ეკონომიკური ურთიერთობა აკავშირებს და ამიტომაც ის წინააღმდეგია იმ სანქციებისა, რომელიც ქიმიური იარაღის შექმნასა და გამოყენებისთვის შეიძლება გამოიყენონ მოსკოვის წინააღმდეგ.
ახალ სანქციები ქიმიური იარაღის წარმოებისა და გამოყენების აკრძალვას გულისხმობს და გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს. იტალია ამ საკითხთან დაკავშირებით აცხადებს, რომ აღნიშნული ინიციატივა იტალიური კომპანიებისთვის საზიანოა, - ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ განაცხადა.
ერთი დღით ადრე კი იგივე აღნიშნა იტალიის ვიცე პრემიერ-მინისტრმა მატეო სალვინიმ, რომელმაც ამ ყველაფერს „სოციალური, კულტურული და ეკონომიკური აბსურდი" უწოდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით „რეზონანსი" პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძეს გაესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ იტალია მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა და დასძინა, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ რუსეთთან მიმართბაში იტალიას საკმაოდ „ლოიალური" დამოკიდებულება ჰქონდა, მიზეზი კი იტალიისა და რუსეთის გარკვეული ეკონომიკური ინტერესებია.
„იტალია მსოფლიო მასშტაბით ანგარიშგასაწევი ძალაა იქიდან გამომდინარე, რომ იგი გახლავთ ევროკავშირის ერთ-ერთი დამფუძვნებელი სახელმწიფო და ასევე, დიდი შვიდეულის წევრი.
„გარდა ამისა, იტალია სამწუხაროდ ყოველთვის იჩენდა გარკვეულ ლოიალურ დამოკიდებულებას რუსეთის მიმართ, განსაკუთრებით 2008 წლის ომის შემდგომ პერიოდში, როდესაც ცენტრალური აღმოსავლეთის ქვეყნები მომხრე იყვნენ იმისა, რომ რუსეთისთვის სანქციები დაეწესებინათ.
„იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი აღნიშნულის წინააღმდეგი იყო. მას განსაკუთრებული ურთიერთობა აკავშირებდა პრეზიდენტ პუტინთან. იტალიის დღევანდელ მთავრობა, რომელიც დამტკიცებულ იქნა რამდენიმე თვის წინ, კერძოდ ამა წლის ივნისში, ამ შემთხვევაში იკვეთება გარკვეული ბიზნეს ინტერესები პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლებთან," - აცხადებს ჩიტაძე.
მისი თქმით, ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა ინიციატივა უნდა გამოიჩინონ და შეძლონ იტალიის „გადარწმუნება." რაც შეეხება განსხვავებული პოზიციას, მსგავსი შემთხვევა წარსულშიც იყო და ეს არ უნდა ქმნიდეს იმის წარმოდგენას, რომ ევროკავშირში „დიდი ბზარი" გაჩნდა.
„იტალიის ხელისუფლების წარმომადგენლებს არაერთხელ განუცხადებიათ იმის შესახებ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაუქმებული უნდა იყოს. ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა შესაბამისი ინიციატივა გამოიჩინონ და იტალიის ხელისუფლება დაარწმუნონ ახალი სანქციების დაწესების აუცილებლობაში.
„აუცილებელია ევროკავშირში სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით კონსენსუსი არსებობდეს, მითუმეტეს თუკი საქმე ეხება ევროკავშირისა და რუსეთის ურთიერთობას. როგორც ვიცით, რუსეთსა და იტალიას შორის გარკვეული ეკონომიკური ინტერესები არსებობს.
„ჯერ კიდევ 2005-2006 წლებში რუსულ "გაზპრომსა" და იტალიურ ენერგეტიკულ კომპანიას შორის გაფორმებული იქნა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც რუსეთმა აიღო ვალდებულება იტალიისათვის მიეწოდებინა 22 მილიარდის მოცულობის ბუნებრივი აირი. რუსეთი ცდილობს ევროპაში გარკვეული მემარჯვენე და მემარცხენე ძალების მხარდაჭერის მოპოვებას.
„აუცლებელია კონსენსუსი გამონახვა და იტალიის დარწმუნება იმაში, რომ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ აუცილებლად უნდა იყოს დაწესებული, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთი მომავალში კვლავ დაარღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს. სამწუხაროა, რომ იტალიის დღევანდელი ხელისუფლება საკუთარ ეროვნულ ინტერესებს ევროკავშირის ინტერესებზე უფრო მაღლა აყენებს.
„ევროკავშირი, დიდი ბრიტანეთის ჩათვლით, წარმოდგენილია 28 სახელმწიფოთი. შეუძლებელია, რომ ყველა საკითხთან დაკავშირებით თანხმობა არსებობდეს. ასეთი ბევრი სხვა შემთხვევები არსებობს. მაგალითად, როდესაც ევროკავშირის კონსტიტუციაზე დაიწყო საუბარი, 2005 წელს უნდა დამტიკიცებულიყო, მაგრამ ნიდერლანდებისა და საფრანგეთის მოსახლეობამ უარი განაცხადა კონსტიტუციის მხარდაჭერასა და მიღებაზე. კონსიტიტუციის პროექტი კი ჩავარდა.
„ასევე, ლისაბონის ხელშეკრულება უნდა დადებულიყო 2007 წელს, ჩეხეთის ხელისუფლება აფიქსირებდა დამოუკიდებელ პოზიციას. მაგალითისთვის შეგვიძლია ასევე მოვიყვანოთ დიდი ბრიტანეთის შემთხვევა, რომელსაც ევროკავშირის დატოვება სურს.
„იგივე, რუსეთთან მიმართებაში ევროკავშირის დამოკიდებულება. აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური ევროპის სახელმწიფოები შედარებით მეტი სიხისტით გამოირჩევიან რუსეთის მიმართ, ვიდრე ე.წ. ევროპის "ბებერი ქვეყნები": საფრანგეთი, გერმანია და თავად, იტალია.
„არსებობს სხვასხვა პოზიცია ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ არსებობს დიდი ბზარი ამ სახელწიფოების ურთიერთობაში. მათთან მიმართებაში არსებობს უფრო მეტი საერთო, რაც ქმნის წინაპირობას იმისა, რომ ევროკავშირმა თავისი საქმიანობა გააგრძელოს," - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.