ეროვნული ვალუტა უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდება
თამარ მუკბანიანი
18.10.2018

 2018 წლის ნოემბერ-დეკემბერში ბიუჯეტის დეფიციტური ხარჯვა ბოლო წლების ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწევს. ამას უკვე აუდიტის სამსახურიც ადასტურებს. თუკი ბიუჯეტის გადასახდელების გეგმა (12,5 მლრდ ლარი) შესრულდება, მაშინ დარჩენილ პერიოდში ბიუჯეტიდან საშუალოდ 1,3 მილიარდი ლარი უნდა დაიხარჯოს. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ეს დიდ პრობლემებს შეუქმნის ისედაც გაუფასურებულ ლარს.

აუდიტის სამსახურში ამბობენ, რომ ბიუჯეტის აქამდე აუთვისებელი თანხები წლის ბოლო თვეებში დაიხარჯება და ეს ხარჯვა ბოლო წლებთან შედარებით, ყველაზე მასშტაბური იქნება. იმ შემთხვევაში, თუკი ბიუჯეტის გადასახდელების გეგმა (12,5 მლრდ ლარი) შესრულდება, მაშინ ბოლო თვეების განმავლობაში, საშუალო თვიური ხარჯი 1,3 მილიარდს უნდა გაუტოლდეს, რაც გასული 8 თვის საშუალო მაჩვენებელს 45%-ით აჭარბებს (აქამდე საშუალო თვიური მაჩვენებელი 901 მილიონი იყო).

"იმის გათვალისწინებით, რომ მიმდინარე წლის 8 თვის ათვისების ტენდენციები წინა წლების შესაბამისი პერიოდის მსგავსია, ხოლო შესრულების მაჩვენებელი შედარებით დაბალია, 2018 წლის ბოლოს მოსალოდნელია გადასახდელების ათვისების უფრო მასშტაბური ზრდა, წინა თვეების საშუალო მაჩვენებელთან შედარებით", - აცხადებენ აუდიტის სამსახურში.

ბოუჯეტის ხარჯვითი ნაწილის პრობლემაზე სფეროს სპეციალისტები და მედია ჯერ კიდევ 2018 წლის 6 თვის ანალიზის საფუძველზე საუბრობდნენ და ხელისუფლებას წლის ბოლოსათვის მოსალოდნელი დეფიციტური ხარჯვის თავიდან არიდებას სთხოვდნენ. წლის ბოლომდე ორ-ნახევარი თვე დარჩა და უკვე ცხადია, რომ დიდ პრობლემებს ვერც ამჯერად გადავრჩებით. ეს უკვე დაეტყო ლარის კურსს, რომელიც ისედაც დღითი დღე უფასურდება.

"ბიუჯეტის 6 თვის შესრულების შემდეგ, გადასახდელების ნაწილში თითქმის 300-მილიონიანი გარღვევაა. წლის პირველ ნახევარში უნდა დახარჯულიყო 5.748 მლრდ ლარი, რეალურად კი ათვისებულია 5.465 მლრდ. გარდა ამისა, პრობლემურია საგარეო ვალდებულებებში ჩამორჩენა და საშინაო ვალების ტემპის გადაჭარბებული ზრდაც.

გამომდინარე იქიდან, რომ ბიუჯეტიდან წლის მეორე ნახევარში უფრო მეტი უნდა დაიხარჯოს, ჩნდება ლოგიკური ეჭვი, რომ ეს ვერ მოხერხდება და წლის ბოლოს დაიწყება დეფიციტური ხარჯვა, რაც ლარის გაუფასურებას გამოიწვევს.

სპეციალისტებს უდიდეს პრობლემად მიაჩნიათ საშინაო ვალის არანორმირებული ზრდა, რომელმაც საგარეო ვალდებულები ჩაანაცვლა. ასეთი მიდგომა რეალურად კომერციული ბანკების მოგებისკენაა მიმართული და არა - ქვეყნის კეთილდღეობისათვის", - წერდა "რეზონანსი" 16 აგვისტოს, თუმცა წლის ბოლოს პრობლემები ყველამ გამორიცხა, ჩვენი პროგნოზი კი, სამწუხაროდ, სწორი აღმოჩნდა.

ანალიტიკოსი ვახტანგ ჭარაია აცხადებს, რომ წლის ბოლოს ბიუჯეტის დეფიციტური ხარჯვა "ქართული ოცნების" ხელისუფლების თანამდევი გახდა. ეს გამოწვეულია დაგეგმვის ან შესრულების დროს კვალიფიკაციის ნაკლებობით.

"თუ ბიუჯეტი დააფინანსებს ადგილობრივ გადასახდელებს, რა თქმა უნდა, წნეხი იქნება უფრო დიდი, მაგრამ თუ ეს იქნება უცხოური ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოში ინფრასტუქტურულ პროექტებს აკეთებენ, ესეც იქონიებს გავლენას ლარის გაცვლით კურსზე. ლამის ნახევარი მილიარდით მეტი უნდა დაიხარჯოს თვიურად და ეს, რასაკვირველია, მოახდენს უარყოფით გავლენას.

მხოლოდ ამაზე დაყრდნობით ვერ ვისაუბრებთ საბოლოო შედეგზე. მაგალითად, თუ იქნება ინვესტიციების, ტურიზმიდან შემოსული ფულის, გადმორიცვების ნახტომისებური ზრდა, ვითარება შედარებით დასტაბილურდება. სხვა ყველა შემთხვევაში და თანაბარ პირობებში ლარზე ნეგატიური გავლენა გარდაუვალია.

უნდა აღინიშნოს, რომ პირველ წლებში, როცა ეს ხდებოდა, დიდწილად გამოწვეული იყო ხელისუფლების გადაბარებით. "ოცნების" ხელისუფლებამ ძველი პროექტები შეაჩერა ან გადააკეთა, ამან კი, რასაკვირველია, გამოიწვია ის, რომ ვერ წავიდა საქმე იმ ტემპით, როგორითაც ეს დაგეგმილი იყო. ამით პირველი 2-3 წლის ობიექტური გამართლება შეიძლება ვიპოვოთ, თუმცა ეს უკვე პერმანენტულად ხდება და ცხადია, რომ დაგეგმვისა და შესრულების არაკვალიფიციურობასთან გვაქვს საქმე", - აცხადებს ჭარაია "რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×