ნოემბრის საკრედიტო აკრძალვის გამო ვითარება ძალიან დაიძაბა
თამარ მუკბანიანი
18.10.2018

 კომერციული ბანკები და ბიზნესი ეროვნული ბანკის წინააღმდეგ ერთიანდებიან. ამის მიზეზი 1-ელ ნოემბერს ასამოქმედებელი რეგულაციებია, რომლებითაც, ერთი მხრივ, სესხზე ხელმისაწვდომობა იზღუდება, მეორე მხრივ კი დაკრედიტების უსაფრთხო პოლიტიკის დანერგვაზეა ორიენტირებული. სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ სებ-ის წინააღმდეგ ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.

ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციების ნაწილი ნოემბრიდან ამოქმედდება, ნაწილი კი, 2019 წლის 1-ლი იანვრიდან. სებ-ი ითხოვს, სესხის გაცემისას შემოსავლების დადასტურება მოხდეს, ასევე დაცული იქნას სესხის დაფარვის თვიური შენატანის შემოსავლებთან ფარდობის ახალი კოეფიციენტები. ცვლილებების მიზეზად, ცენტრალური ბანკი ჭარბვალიანობის შემცირებასა და მომხმარებლის უფლებების დაცვას ასახელებს.

სრულიად საწინააღმდეგოდ არის განწყობილი კერძო სექტორი. სამშენებლო, საბანკო, მეცხოველეთა, მცირე და საშუალო მეწარმეთა და სხვა ასოციაციები რეგულაციების წინააღმდეგ გამოდიან და ამბობენ, რომ ამ სახით ამოქმედებული ნორმები ნეგატიური ეფექტის მქონე იქნება ქვეყნის ეკონომიკისათვის.

ეროვნული ბანკის წინააღდეგ გაერთიანებულთა შორის არიან ისინიც, ვის ლობირებაშიც მუდმივად ადანაშაულებდნენ ცენტრალურ ბანკს. კომერციული საფინანსო სტრუქტურები დღეს სებ-ის წინააღმდეგ დაირაზმნენ. ეს ქვეყნისათვის აშკარად ახალი რეალობაა. ბანკები მარეგულირებლის წინააღმდეგ ღიად აქამდე არასოდეს გამოსულან.

"დაანონსებული რეგულაციები, რომლებიც ართულებენ ფართო მასებისათვის ხელმისაწვდომი სერვისის განვითარებას, საფრთხეს უქმნის ქვეყანაში სტაბილური ბიზნესგარემოს ფორმირების პროცესს და შეამცირებს ეკონომიკურ ზრდას, რაც თანაბრად აისახება ქვეყნის თითოეულ მოქალაქეზე. ადგილობრივი ბიზნესი, რომლის დიდი წილი მცირე და საშუალო ბიზნესზე მოდის, მუდმივად ხელმისაწვდომი და იაფი დაფინანსების წყაროს ძიებაშია, ზედმეტი რეგულაცია კი ამ პროცესს კიდევ უფრო გაართულებს და შეზღუდავს ფინანსებზე ხელმისაწვდომობას.

ჩვენ კარგად გვესმის მარეგულირებლის მიერ დასახული მიზნის მნიშვნელობა, როგორც დედოლარიზაციის, ასევე სოციალური ფაქტორების მიმართულებით და ამ პროცესის მიმართ მხარდაჭერა არაერთხელ დაგვიფიქსირებია, თუმცა ამასთანავე აუცილებლად მიგვაჩნია, რომ მიზნის მისაღწევად მიღებული ზომები იყოს პროპორციული. ამან არ უნდა გამოიწვიოს ნეგატიური შედეგები, რაც ეკონომიკურ მაჩვენებლებზე მნიშვნელოვანწილად იმოქმედებს და კიდევ უფრო დაამძიმებს სოციალურ ფონს", - აცხადებენ ბიზნესასოციაციები.

განცხადებაში საუბარია იმ უარყოფით ეფექტზეც, რასაც სებ-ის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების ამოქმედება გამოიწვევს.

"ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ მიუხედავად რეგულაციების დეკლარირებულად სასარგებლო მიზნებისა, ზედმეტად რთული და მკაცრი შეზღუდვებია ქვეყნის ეკონომიკური რეალობისა და საჭიროების გაუთვალისწინებლად. იგი სერიოზულ პრობლემას შეუქმნის განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესს, ასეულ ათასობით მოვაჭრეს, მცირე მეწარმესა და ფიზიკურ პირებს, მსხვილ ბიზნესს კი მნიშვნელოვნად გაურთულებს ოპერირებას. მომხმარებლისთვის გააძვირებს პროდუქციისა და მომსახურების ღირებულებას, შეამცირებს მათზე ხელმისაწვდომობას და უარყოფითად აისახება ბიზნესგარემოზე", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ საქართველოს საბანკო ასოციაცია, საქართველოს ბიზნესასოციაცია, საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო პალატა, საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაცია, ევროკავშირი - საქართველოს ბიზნესსაბჭო, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, საქართველოს მეცხვარეთა ასოციაცია, საქართველოს მენაშენეთა ასოციაცია, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია, საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია, საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაცია.

საბანკო სფეროს სპეციალისტი მიხეილ თოქმაზიშვილი "რეზონანსთან" ამბობს, რომ რეგულაციების მთავარი შედეგი უსაფრთხო დაკრედიტების სისტემის ამოქმედება იქნება.

"საქმე ის არის, რომ ასეთი მასშტაბის რეგულაციებს ყოველთვის აქვს ორი ეფექტი. ერთი - ეს არის, მომხმარებელთა უფლებების დაცვა, მეორე კი - ხელმისაწვდომობის შეზღუდვის საფრთხე. ეს ყველაზე მეტ ზემოქმედებას ინდივიდუალურ პირებსა და მცირე მეწარმეებზე მოახდენს, რომელსაც საბანკო პორტფელის დიდი წილი უჭირავს.

მთავარი მაინც ის არის, რომ უსაფრთხო გახდება დაკრედიტების ამ სისტემით სესხის აღება. ვფიქრობ, ეს ეტაპი თუ გადაილახა ისე, რომ ზომიერების დაცვა მოახერხა მარეგულირებელმა, პრობლემებს ავცდებით. წინააღდეგ შემთხვევაში, მომხმარებელი იქნება დაცული, თუმცა საბანკო პორტფელსა და მეწარმეებზე აუცილებლად ჰპოვებს ასახვას. მათ მოუწევთ, გადაეწყონ ახალ რეალობაზე და შეცვალონ პრიორიტეტები დაკრედიტებისას. ასე რომ, ეს არ არის გამოუავალი მდგომარეობა ბიზნესისათვის", - აცხადებს "რეზონანსთან" თოქმაზიშვილი.

ეკონომიკის დოქტორი გოჩა თუთბერიძე სებ-ის მიერ მიღებულ ახალ რეგულაციებს მკაცრად აკრიტიკებს. მისი აზრით, სისულელეა იმის მტკიცება, რომ ეს მომხმარებლის დაცვაზეა ორიენტირებული.

"კატეგორიულად მიუღებელია ახალი რეგულაციები. მთავარი პრობლემაა ფინანსებებისადმი ნაკლები ხელმისაწვდომობა ბიზნესის, ფიზიკური და იურიდიული პირების მხრიდან. დიდი სისულელეა იმის მტკიცებაც, რომ ეს მომხმარებლის დაცვაზეა ორიენტირებული. ათასი სხვა მექანიზმი არსებობს მოსახლეობის დასაცავად, პირველ რიგში კი ეს ფინანსური ცნობიერების გაზრდაა, რისთვისაც ინვესტიციას უნდა იღებდეს ეროვნული ბანკი. ეს ნაბიჯი კონტრპროდუქტიულია და შეაფერხებს ეკონომიკურ ზრდას", - აცხადებს "რეზონანსთან" გოჩა თუთბერიძე.

ეროვნული ბანკი ამ დრომდე არ გამოხმაურებია განცხადებას და არ დაუფიქსირებია პოზიცია. გეგმავს თუ არა ორ კვირაში ასამოქმედებელ რეგულაციებში ცვლილებების შეტანას ბიზნესის კატეგორიული მოთხოვნის შემდეგ, ჯერჯერობით უცნობია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×