ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით სამი პირი დაკავებულია, ერთ-ერთს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა.
როგორც პროკურატურაში აცხადებენ, ერთ-ერთი ბრალდებულის სახლში ჩატარებული ჩხრეკის დროს აღმოჩენილი იქნა შსს-ს კუთვნილი ხმის ჩამწერი მოწყობილობა, რომელზეც ჩატარებული ექსპერტიზით დადგინდა, რომ 2007 წლის 4-5 თებერვალს ორი ჩანაწერი კონკრეტული პირის ლიკვიდაციის მომზადების საკითხს შეეხება.
კუდ-ის მაღალჩინოსანი ესაუბრება პატარკაციშვილის დაცვის წევრს და ამბობს, რომ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობა მზადდება, რადგან ის ხელისუფლების მტერია და რომ ეს საკითხი სანქცირებულია საქართველოს იმდროინდელ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ.
პროკურატურის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, სადაც პოლიტიკური სივრციდან ჩამოშორების მიზნით ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადებაზეა საუბარი, "რეზონანსმა" კომენტარი სთხოვა ბადრი პატარკაციშვილის მეგობარს, ცნობილ მსახიობ გივი სიხარულიძეს.
"მე არ ვიცი, ვინ გეგმავდა ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობას და ურევია თუ არა ამაში "ნაცმოძრაობის" ხელი, მაგრამ პატარკაციშვილი ჩემი მეგობარი კაცი იყო და ვიცი, რომ "ნაციონალებს" გულზე არ ეხატებოდათ.
"რაც შეეხება ბოლო მოვლენებს, პირადად ჩემთვის შემაშფოთებელია. ვხედავთ, რომ სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, ყველას ჯიბეში უყოფენ ხელს და ქვეყანას ატყავებენ, ადამიანებს წამლავენ და ხოცავენ.
"კაცური სიტყვა აღარ არის, აღარც ეროვნული ღირსება და სამშობლოს სიყვარულია. თუ ასე გაგარძელდა, ტრაგედიამდე მივალთ.
"პირადად მე არაფრის იმედი აღარ მაქვს, ერთი პატარა იმედიღა დამრჩა, რომ ბიძინა ივანიშვილს საქართველოში ფულის შოვნა არ უნდა, კაცი მილიარდერია და იქნებ მან მაინც მოუაროს და გონს მოიყვანოს ყველა, ვინც უღირს საქმეს სჩადის. ეს მთავრობაც, პარლამენტიც და ოპოზიციაც, ყველა გასაყრელია!" - განაცხადა "რეზონანსთან" გივი სიხარულიძემ.