ელზა პაპოშვილი
18.10.2018

 რუსთავში, ცენტრალური ხიდიდან 30 წლამდე ქალი გადახტომას აპირებდა და ის მოქალაქეებმა სიკვდილს გადაარჩინეს. თვითმხილველები ამბობენ, რომ ახალგაზრდა ქალი მტკვარში სუიციდის მიზნით ხტებოდა, როდესაც ის ერთ-ერთმა მამაკაცმა ავტომობილით მოძრაობის დროს შეამჩნია.

მამაკაცი ცოლ-შვილთან ერთად გადაადგილდებოდა, რადროსაც ახალგაზრდა ქალი შენიშნა, რომელიც ჯერ ხიდთან იდგა, შემდეგ კი ხიდის მოაჯირზე ავიდა და გადახტომა დააპირა. თვითმხილველი მამაკაცი ჰყვება, რომ მან ავტომობილი იქვე ახლოს გააჩერა, მეუღლეს სთხოვა, რომ 112-ზე დაერეკა, თავად კი გოგონას მიმართულები გაემართა. აცხადებს, რომ მისი დანახვისთანავე გოგონამ ყვირილი დაიწყო და უთხრა, რომ თუ მას მიუახლოვდებოდა, მაშინვე გადახტებოდა.

ის აგრესიულობით გამოირჩეოდა და აცხადებდა, რომ თვითმკვლელობაში ხელს ვერავინ შეუშლიდა. მამაკაცმა ის საუბარში გაართო და ყურადღება გადაატანინა, გოგონა როგორც კი გადაიწია, რომ მტკვარში გადამხტარიყო, მან ის დაიჭირა და ხიდის მეორე მხარეს გადმოიყვანა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები. ქალი დიდი ხნის განმავლობაში ექიმებს წინააღმდეგობას უწევდა და საშუალებას არ აძლევდა, რომ მისთის დახმარება აღმოეჩინათ. ასევე არ ემორჩილებოდა პოლიციას, თუმცა მისი პერიმეტრიდან გაყვანა სამართალდამცავებმა მაინც მოახერხეს.

„არ ვიცი, რას იზამდა მე რომ არ შემემჩნია, ალბათ გადახტებოდა, რადგანაც უკვე მომზადებული იყო. ავტომობილით ოჯახთან ერთად გადავაადგილდებოდი. დავინახე საეჭვო მდგომარეობაში მდგარი ახალგაზრდა ქალი, რომელიც მტკვრის მხარეს ხიდზე იდგა. მაშინვე მივხვდი, რომ ცუდი რაღაც ხდებოდა და თვითმკვლელობას აპირებდა. მანქანა გავაჩერე და გადმოვედი. ცოლს ვუთხარი, რომ სასწრაფოდ პოლიციაში დაერეკა.

როგორც კი მივუახლოვდი, მაშინვე ყვირილი დამიწყო და მირჩევდა ახლოსაც არ მივკარებოდი. მე მშვიდი საუბრით მისი ყურადღება გადავიტანე და ნელ-ნელა შეუმჩნევლად მივუახლოვდი. როგორც კი მივედი, მაშინვე მტკვრისკენ გადაიწია, მაგრამ ქურთუკით დავიჭირე.

წინააღმდეგობას მიწევდა და ძალით გადმოვიყვანე. მერე ხალხიც დამეხმარა. პოლიცია და სასწრაფო დახმარებაც მალევე მოვიდა. ძალიან აგრესიული იყო და ყველას ეწინააღმდეგებოდა. არ ვიცი, რა გახდა ამ უკიდურესი ნაბიჯის მიზეზი. კიდევ კარგი, რომ ეს უბედურებით არ დასრულდა", - აცხადებს მამაკაცი, რომელმაც გოგონა სიკვდილს გადაარჩინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში „რეზონანსს" განუცხადეს, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საქმე სისხლისამართლის 115-ე მუხლით თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის აღძრული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×