როგორი საარჩევნო გარემო გვაქვს საპრეზიდენტო არჩევნების წინ, რა ძირითადი განწყობებია და განაპირობებს თუ არა ამ განწყობებს ჩვენი საინფორმაციო სივრცე, ამ და სხვა საკითხებზე "რეზონანსი" ინფორმაციული კულტურის სპეციალისტს ლელა ფირალიშვილს გაესაუბრა.
"რეზონანსი": პოლიტტექნოლოგიის თვალსაზრისით როგორ გამოიყურება საპრეზტიდენტო კანდიდატთა საარჩევნო კამპანია, როგორი რეკლამა აქვთ, როგორი სლოგანები...
ლელა ფირალიშვილი: ის ფაქტი, რომ ამ არჩევნებში 29 (თუ 26) კანდიდატი გვყავს, უკვე მიუთითებს იმის შესახებ, რომ საქართველოში ძალაუფლებისადმი ლტოლვა უკიდურესად მაღალია. თუ იმისაც გავითვალისწინებთ, რომ ეს 29 კანდიდატი მხოლოდ მას შემდეგ დარჩა, რაც დაახლოებით კიდევ იმდენს დოკუმენტებში აღმოაჩნდა ხარვეზი, მივხვდებით, რა ნიშნულზეა ქვეყნის მმართველობაში მოსვლის სურვილი ჩვენში. ეს მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ, ერთი მხრივ, არ ვიცით, რას ნიშნავს ქვეყნისთვის პოლიტიკა, და მეორეს მხრივ, იმდენად მძიმედაა ყველაფერი და იმდენად ვგავართ იმ ფიგურებს მენტალურად და საქმის ცოდნითაც, ვინც ხელისუფლებაში არიან, რომ დასაშვებად მიგვაჩნია მათი ჩანაცვლება.
ფაქტია, რომ პოლიტიკას ყველგან და ყოველთვის იდეა, ფული და კომუნიკაციები ქმნის. იდეის დეფიციტის პირობებში სწორედ ის ორი უკანასკნელი ინსტრუმენტი რჩება, რომლითაც თუ პოლიტიკურ კლიმატს ვერ შექმნი, სოციალური განწყობების მანიპულირებას მაინც მოახერხებ. ამ მორიგ არჩევნებს თუ გადავხედავთ, სწორედ ამ ტექნოლოგიითაა საინფორმაციო ველი აგებული. ჩანს მხოლოდ ორი პოლიტიკური ძალის სუბიექტები "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა", მისივე განშტოებებით (როგორც მათ სიყვარულით მოიხსენიებენ კნინობითი სახელით - "ნაცები", "ქოცები").
"რ": რაც შეეხება დაპირებებს, რომელსაც კანდიდატები გასცემენ...
ლ.ფ: ვფიქრობ, რომ უხერხულია ასეთი დაპირებები, ან ახალ კონსტიტუციურ უფლებებს არ იცნობენ პრეზიდენტისას, ან მიზანდასახულად ტყუის კანდიდატთა უმრავლესობა. არც პირველ შემთხვევაშიც და არც მეორეში გამართლება არ აქვთ. კანდიდატთა სარეკლამო რგოლებს რომ მივადევნოთ თვალი, იფიქრებ, ავირჩევ ამ ადამიანს (სულერთია, რომელს) და ხვალ სხვა საქართველოში გავიღვიძებო. საქმე ის არის, რომ ამ დაპირებების შესრულების რესურსი მთელი მათი საარჩევნო ვადის მანძილზე არც ერთს არ აქვს. პირველი იმიტომ, რომ მათ ფუნქციებში აღარ შედის ამ დაპირებების შესრულების ფუნქციები (მაგალითისთვის, პენსიები გაზრდა) და მეორეც ის, ფუნქციები შეკვეცილიც რომ არ ქონდეთ, შეპირებულის ფინანსური რესურსი ჩვენს ქვეყანას არა აქვს, არათუ კონკრეტულ კანდიდატს.
თითიეული კანდიდატის სარეკლამო კამპანიას ეტყობა მათი ფინანსური რესურსი. ყველაზე "მსუყედ" ამ თვალსაზრისით ისევ "ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერილი გრიგოლ ვაშაძე და "ქართული ოცნების" მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი გამოიყურება. მათ სარეკლამო კამპანიასაც აკლია დამაჯერებლობა, დაპირებებს ისინიც უხვად გასცემენ.
"რ": წინასარჩევნოდ გამძაფრებულ კომპრომატების ომზე რას იტყვით, საზოგადოებაში უკვე ხუმრობენ, საქართველოს პოლიტიკური ცენტრი პარლამენტიდან ციხეში გადავიდაო...
ლ.ფ: მგონია, რომ ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების
მეტაფორა "ციხე" გახდა. 2001 წლიდან მოყოლებული, წინა პრეზიდენტი ჯერ კიდევ სანამ პრეზიდენტი გახდებოდა, ციხეს აშენებდა და ამ "ციხის" თემაში ვცხოვრობთ ლამის ორი ათწლეულია, რაც ძალზედ სამწუხაროა; (სიტყვებს და დასახელებებს რომ უდიდესი ძალა აქვს, ამას ალბათ, შეხსენება არ ჭირდება). თითქოს საგანგებოდ ვზრუნავდით, რომ არა მხოლოდ პოლიტიკური საზღვრები მოგვექცია და "ჩაგვესვა ციხეში", არამედ საზოგადოებრვი განწყობები "ციხით" გვემართა. პერიოდულად, ჩვენი ხელისუფალნი "პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე" ციხის შიშით მანიპულირებდნენ უდანაშაულო ადამიანების ბედითაც კი. ეს თემა ლამის ჩვენს რეჟიმად ვაქციეთ და უნდა გითხრათ, რომ მას დიდი ინერცია აქვს და ექნება, სანამ მკვეთრად არ შევცვლით პოლიტიკური ცხოვრების ზნეობრივ საფუძვლებს. ამ რეჟიმის შექმნა მხოლოდ პოლიტიკოსების სინდისზეა.
"რ": ერთმანეთზე მოძიებული კომპრომატებით ვინ უფრო ხეირობს?
ლ.ფ: წინასაარჩევნო პერიოდში თითქოს შევეჩვიეთ, რომ ჩვენი პოლიტიკოსები ერთმანეთზე მოძიებული კომპრომატებით საინფორმაციო ველს სრულიად არაჰიგიენურს ხდიან და ამ საქმეში მედიას პარტნიორად იხდიან. საქმე იქამდე მიდის, რომ საზოგადოება ფიქრობს, რასაც ესენი ერთმანეთზე ამბობენ, ყველაფერი მართალია. ამის შედეგად ვხედავთ სრულიად გაკოტრებულ ერთ პოლიტიკურ ძალას კი არა, მთელ პოლიტიკურ სპექტრს. ძალზე გაჭირდება მათ მიმართ ნდობის აღდგენა. ეს კი ნიშნავს ნიჰილიზმის გაღრმავებას ქართული სახელმწიფოს მიმართ. ასეთ შემთხვევაში, არა თუ პოლიტიკური ძალების საჭიროება აღარ იქნება, არამედ შესაძლოა, აქამდე ვინ იცის რა ტკივითლით მოტანილი ჩვენი ქართული სახელმწიფოს ყოფნა არყოფნის საკითხი დადგეს და თუ ვინმე იხეირებს, ეს მხოლოდ მეხუთე კოლონა იქნება.
ერთადერთი, რაც უდაოდ მოხდა უკანასკნელ ექვსიოდე წლის მანძილზე, ვფიქრობდი, რომ დაიძლია მოქალაქის შიში ხელისუფლების მიმართ და ეს ცოტა არ არის. თუმცა უკანასკნელმა მოვლენებმა არჩვენეს, რომ ციხის მეტაფორა ისევ ცოცხალია და რომ წინა ხელისუფლების მიერ საზოგადოებაზე უმძიმესი მანიპულირების ინერცია არა თუ დაძლეულია, არამედ სწორედ აქეთ მიდის საქმე. თუ ხელისუფლება სხვა, სახელმწიფოს ღირსების შესაფერის ქმედით საქმიანობაზე არ გადავიდა, ცოტა ხანში ნდობას საბოლოოდ დაკარგავს; მის მიმართ გაუცხოება გარადუვალი გახდება და მართვის ერთადერთ ბერკეტად მასაც შეიძლება ძალადობა შერჩეს ხელთ. იმედია, ეს არ მოხდება, რამდენადაც, რა მაგალითიც წინ გვიდევს, იმან რა შედეგამდე მიგვიყვანა, ნათელია.