თამარ შუკვანი
18.10.2018

 „სამწუხაროდ, ბადრის საქმეს ხელისუფლება ამ ხნის განმავლობაში ნეგატიურად უყურებდა, არჩევნების წინ აქტიურდებიან-ხოლმე. პოლიტიკურ ჭრილში განიხილება ეს საქმე, შემდეგ კი ყველას ავიწყდება. პრობლემა ის გახლავთ, რომ ამ ქვეყანაში ბადრის სახელით სპეკულირება მოდად იქცა," - ჩანაწერები შესახებ, რომლის თანახმადაც ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მოწყობა იგეგმებოდა, „რეზონანსს" პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განუცხადა.

გია ხუხაშვილი: ხელისუფლება რომ დაინტერესებული იყო ბადრი პატარკაციშვილის ნეიტრალიზაციაში, ეს გასაგებია და ამაში ეჭვი არ მეპარება. სხვა საკითხია ეს მოქმედება; სკეპტიკურად ვუყურებ, რომ ჩვენ ხელისუფლებას შეეძლო მათი სურვილის რეალიზება.

2007 წლის 3 ნოემბერს ბადრიმ საქართველო რომ დატოვა, მას შემდეგ აქ არ ყოფილა. ლონდონში ან ისრაელში ბადრის მიმართ რაღაცის განხორციელებას სკეპტიკურად ვუყურებ.

„რ": რატომ მოხდა ჩანაწერების გასაჯაროება 2 წლის შემდეგ?

გ.ხ: პოლიტიკური მოტივი ჩანს. 2016 წელს მიღებული ჩანაწერის რა აუთენტურობას იძიებდნენ 2 წლის განმავლობაში? რა დადგენა უნდოდა ამ ყველაფერს? გასაგებია, რომ ეს არის წინასაარჩევნოდ. კარგია ახლა მაინც თუ გააქტიურდნენ. ეს ადამიანები, როგორც ჩანს, ამას რეალურად განიხილავდნენ, მაგრამ ერთია განხილვა და ფიქრი, მეორე - მისი განხორციელება.

„რ": ერთ-ერთი აუდიოჩანაწერის თანახმად, სუბელიანი დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს უყვება თუ როგორ იყო მზად სააკაშვილის ლიკვიდაციისთვის. რას მეტყვით ამ საკითხთან დაკავშირებით?

გ.ხ: ხელისუფლების დადანაშაულება და სკანდალის ატეხვა არასწორად მიმაჩნია. ეს არის ადამიანის ნათქვამი და თავად სუბელიანის პრობლემაა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამას ვიღაცა უკვეთავდა. ამით ის თავის ემოციასა და მოსაზრებებს გამოთქვამს.

სუბელიანის ისტორია ორად უნდა გავყოთ; ერთია, სადაც ლაპარაკობს თავის დამოკიდებულებასა და შეხედულებებზე, მეორეა - სადაც ის ლაპარაკობს რაღაც ფაქტებზე. რაც შეეხება სუბელიანის ემოციას, არასერიოზულია ამაზე მსჯელობა. მაგრამ სადაც სხვადასხვა ფაქტებსა და კომპრომატებზე საუბრობს, ეს თემა ხელისუფლების მხრიდან გამოსაძიებელია.

ხელისუფლება არ სარგებლოს უდანაშაულობის პრეზუმციით, ამით განსხვავდება ის დანარჩენი საზოგადოებისაგან. შესაბამისად, ის ვალდებულია გამოიძიოს ეს ეპიზოდები, რაზეს სუბელიანი საუბარობს და გვითხრას, რომ ეს არის ტყუილი.

არა ისე, რომ თავიდან მოიშოროს და „დავიღალე, აღარ გვინდა ჩანაწერებიო" იძახონ. ასეთი აგდებული მიდგომა სახელწიფოებრიობას ანგრევს. გასაგებია, რომ მათ არ უნდათ ეს ჩანაწერები იყოს, მაგრამ ეს ჩანაწერები ნამდვილად არსებობს.

ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ რეაგირების გარეშე დატოვებული ნებისმიერი გამონათქვამი ხელისუფლებას „ეტენება" და საზოგადოებაში აჩენს განცდას, რომ რაზეც საუბრობენ სიმართლეა.

ეს არის ძალიან სერიოზული, ნეგატიური და დამანგრეველი შედეგების მომტანი, ისევ და ისევ ხელისუფლებისთვის. თუნდაც თვითგადარჩენის ინსტიქტის გამო რაღაც ტიპის გამოძიება უნდა ჩაატარონ. რეაგირების რეჟიმში იწყებენ რაღაც სისულელეებს და ეს ყველაფერი აბსოლუტურ აბსურდში გადავიდა.

„რ": ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმის მოწმის, შალვა თათუხაშვილის, მამა ბიძინა ივანიშვილს ბრალს უყენებს შვილის მკვლელობაში? როგორ ფიქრობთ, ივანიშვილის სახელი შეიძლება დავუკავშიროთ ამ ფაქტს?

გ.ხ: ეს ყველაფერი მამის ემოციებია და მესმის. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ბიძინა ივანიშვილს რაიმე ტიპის, თუნდაც ირიბი, კავშირი ჰქონდეს რამე ასეთთან. შვილმკვდარი მამის ნალაპარაკევზე კომენტარს ვერ გავაკეთებ.

„რ": ბიძინა ივანიშვილს ბოლო დღეებში გავრცელებულ აუდიჩანაწერებთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ კიდევ არ გაუკეთებია. თქვნი აზრით, რა არის ამის მიზეზი და საზოგადოება უნდა ელოდოს თუ არა მის გამოჩენას?

გ.ხ: სამწუხაროდ, მეჩვენება, რომ ბიძინა ივანიშვილი ვეღარ თამაშობს ლიდერის როლს. რა არის ლიდერი? ლიდერი არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია პასუხის გაცემა. სერიოზული ზომების მიღება და ა.შ.

მიჩნდება განცდა, რომ მას ამის რესურსი დღეს აღარ აქვს. ის გახდა სისტემის ნაწილი. მისი ერთ-ერთი რიგითი თანამონაწილე და მეტი არაფერი. ეს ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, მაგრამ შემდგარი ფაქტია, რაც მას სერიოზულად აკნინებს. ის აღარ არის ლიდერი. თუ მე ვცდები, მოხარული ვიქნები. გვაჩვენოს მაშინ თავისი მოქმედებები.

„რ": ეს ყველაფერი როგორ აისახება წინასაარჩევნოდ და რა როლს ითამაშებს „ქართული ოცნების" რეიტინგზე?

გ.ხ: ხელისუფლებას რეიტინგი ნოლი აქვს, ისევე როგორც „ნაციონალურ მოძრაობას." დღეს ეს არჩევნები აღარ არის ლეგიტიმური, რადგან ნატურალური მხარდამჭერი არცერთ კანდიდატს არ ჰყავს. შესაბამისად, ეს რესურსების ბრძოლაა.

ვინც მეტს გადაიხდის, ის მოიგებს, მაგრამ ძალიან დაბალი ლეგიტიმაციით. ეს არჩევნები დიდი ხანია ფარსად იქცა. ახლა მომავალს კი არ ირჩევენ, თავის ხმებს ყიდის ვიღაცა და მეტი არაფერი. მომავლის იმედი ადამიანებს აღარ აქვთ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×