ლარის კურსი გაუჩერებლად უფასურდება. იმის ნაცვლად, რომ მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა ქმედითი ნაბიჯი გადადგან, ხალხის მოტყუებით არიან დაკავებული. კურსი ყოველდღე ეცემა, ჩინოვნიკები კი დაქოქილი თოჯინებივით ერთსა და იმავეს გაიძახიან, რომ "ეროვნულ ვალუტას გაუფასურება არ ემუქრება". ამ დროს ქალაქში უკვე პანიკის ნიშნებია. კურსი 2,70-ს გასცდა და, სავარაუდოდ, ეს პროცესი გაგრძელდება მომავალშიც.
რა უნდა თქვან, ფაქტია, რომ ხელისუფლება ლარის სტაბილურობაში დარწმუნებული არ არის. ეს ჩანს იქიდანაც, რომ 2019 წლის ბიუჯეტი 2,63-ზე დაიგეგმა, რამაც ნეგატიური მოლოდინი კიდევ უფრო გაამძაფრა.
საბანკო სფეროს სპეციალისტი ვახტანგ ხომიზურაშვილი ამბობს, რომ ლარზე სპეკულაციური ფაქტორის გავლენა ამჟამად ძალიან დიდია.
"ლარის გაუფასურებას ბევრი აბრალებს სეზონურ ფაქტორს, რაც საერთოდ წარმოუდგენელია. შეუძლებელია, ასეთი ფაქტორი კურსზე მოქმედებდეს, რადგან სავალუტო ბაზარი არ არის სოფლის მეურნეობა, სადაც შედეგს სეზონი განაპირობებს.
რაც შეეხება მოლოდინს, თავისთავად იქმნება იქიდან გამომდინარე, როგორ ირყევა კურსი. ბოლო პერიოდში ჩვენ ვხედავთ გაუფასურების აშკარად გამოკვეთილ ტენდენციას, რაც პანიკას თესავს. მოლოდინი არის შედეგი და არა მიზეზი.
მთავრობის ეკონომიკურ გუნდში ამბობენ, რომ მაკროეკონომიკური პარამეტრები აბსოლუტურ ნორმაშია. ეს ეხება ეკონომიკურ პარამეტრებს, მაგრამ არაფერი თქმულა ფულის მასის ცვლილებაზე, რაც დიდ გავლენას ახდენს კურსზე. ამიტომ ეს ეკონომიკური და მაკროეკონომიკური ინდიკატორები უნდა შეფასდეს კომპლექსურად და არა ნაწილობრივ ან ცალ-ცალკე.
ეკონომიკური ფაქტორები თუ მეტ-ნაკლებად ნორმაშია და საგანგაშო ვითარება არ გვაქვს, მაშინ რამდენად ნორმალურია კურსის ვარდნა, რაც დღეს ხდება? "ბლუმბერგის" სისტემაში კურსის ფორმირების მექანიზმი არ არის სანდო. ჯერ ერთი, მცირე თანხაზე ფიქსირდება კურსი და ცვლილება შეიძლება იყოს დაახლოებით 1 მილიონის ფარგლებში, რაც არ არის სწორი. მეორეც, არავინ იცის, დადებული გარიგებების შედეგად ვალუტის რეალური მიწოდება ხდება თუ არა. აშკარაა, რომ მიდის სპეკულაცია", - ამბობს "რეზონანსთან" ხომიზურაშვილი და დასძენს, რომ მისთვის ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების ქმედება კურსთან დაკავშირებით გაუგებარია.
"მთავრობა არ არის დარწმუნებული ლარის კურსში და სტაბილურობაში. უნდა ვიცოდეთ, რა მოცულობაა და რამდენი ბანკი მონაწილეობს ამ პროცესში. ეს საკმარისია იმისთვის, რომ უარყოფითი მოლოდინი არ შეიქმნას. რაღაც მომენტში შეიძლება დომინოს ეფექტი იყოს პროვოცირებული და შემდეგ კურსი ძნელად შესაკავებელი იქნება.
დღეს ლარის დიდი მასაა ბაზარზე, საკმაოდ დიდი ხარჯი აქვთ გასაწევი სარეკლამო კომპანიებს და ესეც მოქმედებს კურსზე, სხვა მიზეზთან ერთად. როცა გაუგებარი სიტუაციაა, მაშინ არის პანიკა. ისიც კი არ ვიცით, რას აკეთებენ კომერციული ბანკები და ეროვნული ბანკი, რომლებიც შესაძლოა, არაკეთილსინდისიერად მოქმედებდნენ კურსზე", - ამბობს ხომიზურაშვილი.
ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციაში ვარაუდობენ, რომ მომდევნო თვეების განმავლობაში კურსი კიდევ უფრო გაუფასურდება, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება იგი 2,65-ზე დასტაბილურდეს. აფბა-ს წარმომადგენელი გიორგი კაპანაძე ადასტურებს, რომ ლარის კურსთან დაკავშირებით მოსახლეობაში პანიკაა.
"ბიუჯეტის მაღალ კურსზე დაგეგმვამ პანიკა გაამძაფრა. როგორც კი ეს მონაცემი გახდა ცნობილი, კიდევ უფრო გაუფასურდა ლარი, რამაც გარკვეული უარყოფითი მოლოდინი შექმნა. მეზობელ ქვეყნებში შექმნილი ვითარებაც მოქმედებს ლარზე - სიტუაცია ვერ დალაგდა თურქეთსა და რუსეთში. საბოლოოდ, ეს ყველაფერი იწვევს პანიკას მოსახლეობაში, ბიზნესის ქმედებაშიც, რომელიც უფრო მყისიერად აღიქვამს მოსალოდნელ პრობლემას და უფრო სწრაფად რეაგირებს. თუკი არის ქვეყანაში შოკური მდგომარეობა, სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით შეიძლება გვქონდეს.
კურსი ბოლო წლების განმავლობაში მუდმივად არაპროგნოზირებადია. ვფიქრობ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში 2,65-ის ფარგლებში შენარჩუნდება, თუმცა უახლოეს პერიოდში ლარი კიდევ კიდევ გაუფასურდება. გასათვალისწინებელია, რომ აქტიური ტურისტული პერიოდი გვქონდა, მაგრამ ამან ლარს ვერ უშველა, თუ არ ჩავთვლით მოკლევადიან გამყარებას. ჯერჯერობით არ გვაქვს ისეთი რეალობა, რომ კურსი თუნდაც მცირე დოზით გამყარდეს", - ამბობს "რეზონანსთან" ფინანსისტი.