ელზა პაპოშვილი
19.10.2018

 ჩანაწერებით და კომპრომატებით ომი გრძელდება. ახალი ფარული აუდიოჩანაწერების გამოქვეყნებას ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენრელური დირექტორი ნიკა გვარამია კვლავ აანონსებს. თუმცა, როგორც ჩანს, გულხელდაკრეფილად არც ხელისუფლება ზის. შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ნიკა გვარამიას საპასუხოდ აცხადებს, რომ მან ძალიან კარგად იცის, ვინ, სად, რას გეგმავს. მას და უსაფრთხოების სამსახურსაც მიყურადების შედეგად აქვთ ინფორმაცია, სადაც კარგად ჩანს, როგორ გეგმავენ ქვეყნის გადატრიალებას. მინისტრი არ აკონკრეტებს, ვისზე საუბრობს.

სავარაუდოდ, წინასაარჩევნოდ საზოგადოება "ოცნებისა" და "ნაციონალების" ფარული ჩანაწერებისა და კომპრომატების ომის თვითმხილველი გახდება.

გახარია აღნიშნავს, რომ, როგორც ნეიტრალურ უწყებას, შსს-ს, სუს-თან ერთად, ეს ყველაფერი გამოვლენილი აქვს.

"დეტალურ დონეზე ვიცით, ვინ - სად, როდის და რას გეგმავდა და რას გეგმავს. ამიტომ ეს იქნება შეუძლებელი. ეს ყველაფერი ვიცით, მათ შორის მიყურადების შედეგად. მინდა, გულწრფელად გითხრათ, რომ ეს არჩევნები იქნება აბსოლუტურად მშვიდ და უსაფრთხო გარემოში და ამის გარანტიას იძლევა შსს," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი კი ამბობს, რომ გამოაქვეყნებს მორიგ ჩანაწერებს, სადაც კვლავ მირზა სუბელიანი და ვიქტორ ჯაფარიძე ფიგურირებენ. ჩანაწერში პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი სუბელიანი სისხლისღვრასა და ვენდეტაზე საუბრობს და ამბობს, რომ აქვს ჩანაწერები, რომელიც ხელისუფლებას დაამხობს.

აქამდე მირზა სუბელიანისა და ვიქტორ ჯაფარიძის საუბრის რამდენიმე ჩანაწერი გასაჯაროვდა, სადაც არაერთი დანაშაულებრივი ქმედების, მათ შორის ადამიანების გატაცების, წამებისა და ჩვენების იძულებით მოპოვებაზეა საუბარი.

ნიკა გვარამია "რეზონანსთან" შს მინისტრის განცხადებასაც ეხმაურება და ამბობს, რომ დიდი სიამოვნებით მოისმენს მათ მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერებს. მას სახელმწიფო გადატრიალებას არაერთხელ აბრალებდნენ და ამაზე საქმე უკვე აღძრულიც არის, თუმცა გამოძიებამ რა დაადგინა, დღემდე უცნობია.

"გამორიცხულია, რომ მე რაიმე სახელმწიფო გადატრიალებას ვგეგმავდე, რადგანაც მსგავსი რამ მძულს და ამას არასდროს დავუშვებ. 90-91 წლებიდან მოყოლებული, როგორც ფენომენი, სახელმწიფო გადატრიალება მძულს და ამაში მონაწილეობას არასდროს მივიღებ. ახლა გახარია თუ სახელმწიფო გადატრიალებას იმას ეძახის, რომ სამარცხვინო ხელისუფლების წინააღმდეგ აქციების დაგეგმვა ან მხილების კამპანია განვახორციელოთ, ეს უკვე მისი პრობლემაა. სახელმწიფო გადატრიალება აბსოლუტურად სხვა რაღაც არის.

"ხელისუფლება გაკოტრებულია და ნიღაბი აქვს ჩამოხსნილი, მათი კანდიდატი ვერ იმარჯვებს. კი, ბატონო, რაც უნდათ, ის ქნან. მე მაქვს ჩანაწერები და მის გამოქვეყნებას კიდევ ვაპირებ. მაქვს, რა თქმა უნდა, სხვა ჩანაწერებიც, რომელთა შინაარსზე და მოქმედ პირებზე საუბრისგან თავს შევიკავებ," - აღნიშნა გვარამიამ "რეზონანსთან".

ანალიტიკოსი, ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი "რეზონანსთან" ამბობს, რომ შს მინისტრის განცხადება ადეკვატური და სწორია, ეს მინისტრის მოვალეობაა და ამაში საგანგაშო არაფერია. თუმცა დასძენს, რომ გვარამიასა და სააკაშვილის საუბრის არაერთი ჩანაწერი აქვს საზოგადოებას მოსმენილი და ამაშიც ახალი არაფერი იქნება. მისი აზრით, ასეთი ჩანაწერების გამოქვეყნებით "ნაციონალებს" კი არა, ხელისუფლებას ადგება ზიანი, რადგან "ოცნება" უკვე დეგრადირების გზას ადგას და "ნაციონალების" ტყუპისცალად იქცა.

"ამ უხარისხო თამაშში ყველაფერია მოსალოდნელი. ფაქტია, რომ ხელისუფლება ძალიან ცუდ დღეშია და ამ ნეგატიური დღის წესრიგსა და შეთქმულებებს ვერ გასცდა. რაც შეეხება მინისტრის განცხადებას, ეს ჩვეულებრივია, აბა, რა უნდა ეთქვა, აზრზე არ ვარ, ქვეყანაში რა ხდებაო? ამას ხომ ვერ იტყოდა. აბსოლუტურად ადეკვატური და კანონზომიერი კომენტარი იყო.

"გვარამიასა და სააკაშვილის საუბარი არაერთი არჩევნების წინ გვაქვს მოსმენილი. მერე რა? არჩევნების შემდეგ ყველას ავიწყდება ხოლმე. საზოგადოება, დიდი ხანია, ასეთ რაღაცებს აღარ ჭამს, მაგრამ სხვა ვერაფერი ვერ ისწავლეს და რა ქნან? ასეთი ქცევით სახელმწიფოს საფუძველს აცლიან, ამომრჩეველს კი კიდევ უფრო თრგუნავენ და ნიჰილიზმს აღვივებენ.

"ნაციონალური" მოძრაობა ამით არ ზიანდება, რადგანაც მათთვის დიაგნოზი, უკვე დიდი ხანია, დასმულია. ხელისუფლებას კიდევ ამ თამაშ-თამაშში მორალური უპირატესობის ბოლო ნარჩენები საერთოდ შემოეხარჯა. ფაქტობრივად, მათ შორის განსხვავება უკვე შეუძლებელი გახდა, ისინი ერთი და იმავე მამის შვილებად იქცნენ. ეს არის შედეგი - "ნაციონალები" ერთ ადგილას დგანან, "ოცნება" კი დეგრადირებს. მათი დეგრადირების ხარისხი ისეთია, რომ ერთმანეთს ტყუპი ძმებივით დაემსგავსნენ. ეს მათი არჩევანია და შეგვიძლია, მივულოცოთ," - აცხადებს "რეზონანსთან" ხუხაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×