როგორი საარჩევნო გარემო გვაქვს საპრეზიდენტო არჩევნების წინ, რა ძირითადი განწყობაა და განაპირობებს თუ არა ამ განწყობას ჩვენი საინფორმაციო სივრცე, ამ და სხვა საკითხებზე "რეზონანსი" ინფორმაციული კულტურის სპეციალისტ ლელა ფირალიშვილს ესაუბრა.
"რეზონანსი": პოლიტტექნოლოგიის თვალსაზრისით, როგორია საპრეზტიდენტო კანდიდატთა საარჩევნო კამპანია, როგორი რეკლამა აქვთ, როგორი სლოგანები...
ლელა ფირალიშვილი: ის ფაქტი, რომ ამ არჩევნებში 29 (თუ 26) პრეზიდენტობის კანდიდატი გვყავს, უკვე მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოში ძალაუფლებისადმი ლტოლვა უკიდურესად მაღალია. თუ იმისაც გავითვალისწინებთ, რომ ეს 29 კანდიდატი მხოლოდ მას შემდეგ დარჩა, რაც დაახლოებით კიდევ იმდენს დოკუმენტებში აღმოაჩნდა ხარვეზი, მივხვდებით, რა ნიშნულზეა ქვეყნის მმართველობაში მოსვლის სურვილი ჩვენში.
ეს მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ, ერთი მხრივ, არ ვიცით, რას ნიშნავს ქვეყნისთვის პოლიტიკა, და, მეორე მხრივ, იმდენად მძიმედაა ყველაფერი და იმდენად ვგავართ იმ ფიგურებს მენტალურად და საქმის ცოდნითაც, ვინც ხელისუფლებაში არიან, რომ დასაშვებად მიგვაჩნია მათი ჩანაცვლება.
ფაქტია, რომ პოლიტიკას ყველგან და ყოველთვის იდეა, ფული და კომუნიკაციები ქმნის. იდეის დეფიციტის პირობებში სწორედ ის ორი უკანასკნელი ინსტრუმენტი რჩება, რითაც პოლიტიკურ კლიმატს თუ ვერ შექმნი, სოციალური განწყობის მანიპულირებას მაინც მოახერხებ. ამ მორიგ არჩევნებს თუ გადავხედავთ, სწორედ ამ ტექნოლოგიითაა საინფორმაციო ველი აგებული. ჩანს მხოლოდ ორი პოლიტიკური ძალის სუბიექტები, "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა", მათივე განშტოებებით (როგორც მათ სიყვარულით მოიხსენიებენ კნინობითი სახელით - "ნაცები", "ქოცები").
"რ": რაც შეეხება დაპირებებს, რომელთაც კანდიდატები გასცემენ...
ლ.ფ: ვფიქრობ, რომ უხერხულია ასეთი დაპირებები. ან ახალ კონსტიტუციურ უფლებებს არ იცნობენ პრეზიდენტისას, ან მიზანდასახულად ტყუის კანდიდატთა უმრავლესობა. არც პირველ შემთხვევაში და არც მეორეში გამართლება არ აქვთ. კანდიდატთა სარეკლამო რგოლებს რომ მივადევნოთ თვალი, იფიქრებ, ავირჩევ ამ ადამიანს (სულერთია, რომელს) და ხვალ სხვა საქართველოში გავიღვიძებო. არადა, საქმე ის არის, რომ ამ დაპირებების შესრულების რესურსი მთელი მათი საარჩევნო ვადის განმავლობაში არც ერთს არა აქვს. პირველი იმიტომ, რომ მათ ფუნქციებში აღარ შედის ამ დაპირებების შესრულების ფუნქციები (მაგალითისთვის, პენსიების გაზრდა) და მეორეც, ფუნქციები შეკვეცილიც რომ არ ჰქონდეთ, შეპირებულის ფინანსური რესურსი ჩვენს ქვეყანას არა აქვს, არათუ კონკრეტულ კანდიდატს.
თითოეული კანდიდატის სარეკლამო კამპანიას ეტყობა მათი ფინანსური რესურსი. ყველაზე "მსუყედ" ამ თვალსაზრისით ისევ "ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერილი გრიგოლ ვაშაძე და "ქართული ოცნების" მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი გამოიყურებიან. მათ სარეკლამო კამპანიასაც აკლია დამაჯერებლობა, დაპირებებს ისინიც უხვად გასცემენ.
"რ": წინასაარჩევნოდ გამძაფრებულ კომპრომატების ომზე რას იტყვით, საზოგადოებაში უკვე ხუმრობენ, საქართველოს პოლიტიკური ცენტრი პარლამენტიდან ციხეში გადავიდაო.
ლ.ფ: მგონია, რომ ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების მეტაფორა "ციხე" გახდა. 2001 წლიდან მოყოლებული, წინა პრეზიდენტი სანამ ჯერ კიდევ პრეზიდენტი გახდებოდა, ციხეს აშენებდა და ამ "ციხის" თემაში ვცხოვრობთ ლამის ორი ათწლეულია, რაც ძალზე სამწუხაროა (სიტყვებს და სახელწოდებებებს რომ უდიდესი ძალა აქვს, ამას ალბათ შეხსენება არ სჭირდება). თითქოს საგანგებოდ ვზრუნავდით, რომ არა მხოლოდ პოლიტიკური საზღვრები მოგვექცია და "ჩაგვესვა ციხეში", არამედ საზოგადოებრივი განწყობა "ციხით" გვემართა. პერიოდულად ჩვენი ხელისუფალნი, "პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე," ციხის შიშით მანიპულირებდნენ უდანაშაულო ადამიანების ბედითაც კი. ეს თემა ლამის ჩვენს რეჟიმად ვაქციეთ და უნდა გითხრათ, რომ მას დიდი ინერცია აქვს და ექნება, სანამ მკვეთრად არ შევცვლით პოლიტიკური ცხოვრების ზნეობრივ საფუძვლებს. ამ რეჟიმის შექმნა მხოლოდ პოლიტიკოსების სინდისზეა.
"რ": ერთმანეთზე მოძიებული კომპრომატებით ვინ უფრო ხეირობს?
ლ.ფ: წინასაარჩევნო პერიოდში თითქოს შევეჩვიეთ, რომ ჩვენი პოლიტიკოსები ერთმანეთზე მოძიებული კომპრომატებით საინფორმაციო ველს სრულიად არაჰიგიენურს ხდიან და ამ საქმეში მედიას პარტნიორად იხდიან. საქმე იქამდე მიდის, საზოგადოება ფიქრობს, რომ რასაც ესენი ერთმანეთზე ამბობენ, ყველაფერი მართალია. ამის შედეგად ვხედავთ სრულიად გაკოტრებულ ერთ პოლიტიკურ ძალას კი არა, მთელ პოლიტიკურ სპექტრს. ძალზე გაჭირდება მათ მიმართ ნდობის აღდგენა, რაც ნიშნავს ნიჰილიზმის გაღრმავებას ქართული სახელმწიფოს მიმართ. ასეთ შემთხვევაში არათუ პოლიტიკური ძალების საჭიროება აღარ იქნება, არამედ შესაძლოა, აქამდე ვინ იცის რა ტკივითლით მოტანილი ჩვენი ქართული სახელმწიფოს ყოფნა-არყოფნის საკითხი დადგეს და თუ ვინმე იხეირებს, ეს მხოლოდ მეხუთე კოლონა იქნება.
ვფიქრობდი, რომ ერთადერთი, რაც უდავოდ მოხდა ბოლო ექვსიოდე წლის განმავლობაში, დაიძლია მოქალაქის შიში ხელისუფლების მიმართ და ეს ცოტა არ არის. თუმცა ბოლო მოვლენებმა აჩვენა, რომ ციხის მეტაფორა ისევ ცოცხალია და წინა ხელისუფლების მიერ საზოგადოებაზე უმძიმესი მანიპულირების ინერცია არა თუ დაძლეულია, არამედ სწორედ აქეთ მიდის საქმე. თუ ხელისუფლება სახელმწიფოს ღირსების შესაფერის საქმიანობაზე არ გადავიდა, ცოტა ხანში ნდობას საბოლოოდ დაკარგავს; მის მიმართ გაუცხოება გარადუვალი გახდება და მართვის ერთადერთ ბერკეტად მასაც შეიძლება ძალადობა შერჩეს ხელთ. იმედია, ეს არ მოხდება, რამდენადაც, რა მაგალითიც წინ გვიდევს, იმან რა შედეგამდე მიგვიყვანა, ნათელია.