მოკლე პერიოდში გიორგი ჩოგოვაძე უკვე აღმოჩნდა ძალიან უხერხულ სიტუაციაში
მარიკა გოგოხია
19.10.2018

 ტურიზმის ეროვნული სააგენტო ბინების გაქირავებაზე დამატებითი გადასახადის დაწესებას ცდილობს. აშკარაა, რომ ამით სასტუმრო ბიზნესის მსხვილი მოთამაშეები კონკურენტების ჩამოცილებას აპირებენ და ამაში ტურიზმის ეროვნული სააგენტოც ხელს უწყობს.

უწყების ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ სატელევიზიო ეთერით განაცხადა, რომ მათი მთავარი ამოცანაა, "არსებულ სასტუმროებს არ შეექმნათ პრობლემა იმიტომ, რომ ვიღაცა გადასახადს არ იხდის". მან მოგვიანებით ბინების გაქირავებაზე დამატებითი გადასახადის დაწესების გეგმა უარყო, მაგრამ ფაქტია, რომ ტურიზმის სააგენტო და სასტუმროების ბიზნესი ალიანსშია და კონკურენტების ჩამოშორებას ცდილობენ.

ბოლო დროს გიორგი ჩოგოვაძე უკვე მეორედ აღმოჩნდა უხერხულ სიტუაციაში. პირველად, როცა რუსეთში "ფულის გათეთრების" შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. ახლა უკვე ბინების გამქირავებლების დაბეგვრაზე ინიციატორის როლში გვევლინება, რაც წვრილ მეწარმეებს სერიოზულ პრობლემას შეუქმნის.

როგორც აღმოჩნდა, ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელს ფშკიტი-ის საქმიანობა თვალში დიდად არ მოსდის. ის ამბობს, რომ ფშკიტი-ი გახდა ძალიან ბევრი სასტუმროს კონკურენტი და შეაწუხა სასტუმრო ბიზნესი.

"ამ მიმართულებით იგეგმება ის, რომ ჩვენ ვსწავლობთ ყველაზე კარგ მაგალითს, თუ როგორ დარეგულირდა სხვა ქვეყნებში ეს. ჩვენი ამოცანაა, ერთი მხრივ, არსებულ სასტუმროებს არ შეექმნათ პრობლემა იმიტომ, რომ ვიღაც გადასახადს არ იხდის. ეს არის, ერთი მხრივ, ბიზნესს არ შეეხოს პრობლემა, მეორე ის გადასახადი, რა თქმა უნდა, დამატებითი შემოსავალია პირდაპირ ქვეყნის ბიუჯეტში და ამის ადმინისტრირება უნდა მოხდეს", - განაცხადა "საქმიან დილასთან" გიორგი ჩოგოვაძემ, თუმცა საბოლოოდ ეს ყველაფერი უარყო და თქვა, რომ ეს საკითხი არ განხილულა და არც განიხილება.

ჩოგოვაძის განცხადებას ტურისტულ სექტორში უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. "ტურიზმის ინსტიტუტის" დამფუძნებელი გიორგი ბერძენიშვილი ამბობს, რომ ბინების გამქირავებლებისთვის გადასახადის შემოღება სახელმწიფოს გაუაზრებელ პოლიტიკას უკავშირდება.

"ჩემი აზრით, აქ არის სხვა მიზეზი. სასტუმროებს (განსაკუთრებით საერთაშორისო ქსელურებს) აღმოაჩნდათ უფრო დიდი "ხმა" ამ პრობლემებზე სასაუბროდ და ამიტომაც ამოვარდა კონტექსტიდან გადასახადის საკითხის განხილვა. სასტუმროების, ვეთანხმები მათ, ეს პოზიცია ისევ სახელმწიფოს გაუაზრებელ პოლიტიკასთანაა კავშირში: ბევრი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა პირდაპირ უკავშირდება სასტუმროების დატვირთულობის თემას, რადგანაც უმეტესობა მათგანი შემდგომ ქირავდება ყოველდღიურად, თანაც იაფად. ეს კი პირდაპირ "არტყამს" სასტუმრო სექტორს. შესაბამისად, ტურიზმის პოლიტიკის უქონლობის გამო ერთი მიმართულების განვითარება (სამშენებლო ბიზნესი) პრობლემას უქმნის მეორეს (სასტუმრო ბიზნესი), მეორე - მესამეს და ასე უსასრულოდ.

ნაკლებად სავარაუდოა, აღნიშნული გადასახადი ცვლიდეს რამეს, რადგანაც ამ ბინების გასაქირავებელი ფასი მაინც გაცილებით დაბალი იქნება სასტუმროსთან შედარებით. საერთაშორისო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ეს გადასახადი არის ე.წ. დატვირთულობის გადასახადი, რომელსაც სხვადასხვა ფორმა აქვს: ტურისტის გადასახადი, განთავსების გადასახადი და ა.შ. იგი იმერყევებს 2-დან 10%-მდე 1 ტურისტზე დღეში ან ერთ მთლიან გადასახადზე. ამიტომ არ აჯობებს, სახელმწიფომ თავისი გაუაზრებელი პოლიტიკის გამო "ბოდიშის" მოხდის მიზნით სასტუმროებს გადასახადი შეუმციროს?" - წერს ტურიზმის ინსტიტუტის დამფუძნებელი.

დარგის სპეციალისტებს ამასთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიცია აქვთ, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ ბინების გამქირავებლებზე გადასახადის დაწესების საკითხი მომავალში დღის წესრიგში დადგეს.

ექსპერტი მარინა მეტრეველი ამბობს, რომ ტურიზმის სფეროში სტრატეგია უნდა შემუშავდეს. რაც შეეხება ჩოგოვაძის განცხადებას, სავარაუდოდ, გაუგებრობაა.

"როგორც ჩანს, გაუგებრობა მოხდა და ჩოგოვაძე როგორც კი მიხვდა, რომ არასწორი იყო, ნათქვამი უკან წაიღო. ჩემი პოზიციაა, რომ ყველას, ვინც იღებს ეკონომიკურ სარგებელს, გადასახადი უნდა დაუწესდეს, მაგრამ ასეთი კანონის მიღებამდე ჩვენ შორს ვართ. ელემენტარულად, ტურიზმის პოლიტიკაც კი არ არსებობს. არანაირი რეგულირება არ გვაქვს და სანამ არ განისაზღვრება სტრატეგია, მსგავსი ნაბიჯის გადადგმა გამართლებული არ იქნება.

ისიც კი არ ვიცით, საით მიდის ტურიზმი. ჯერ დარგის განვითარებაზე უნდა იფიქრონ. მალე მივიღებთ ახალ კანონს და ყველაფერი გამოჩნდება. უამრავი კითხვაა ტურიზმში, პოლიტიკა მიშვებულია და მარტო მარკეტინგულ კამპანიაზე არიან გადართული. მთლიანად სქემაა ასაწყობი, როგორ მუშაობდეს ტურიზმი ქვეყანაში. დარგში მოღვაწე ყველა სუბიექტისთვის ვალდებულებები ამის შემდეგ უნდა განისაზღვროს", - ამბობს "რეზონანსთან" მეტრეველი.

როგორც აღმოჩნდა, სპეციალისტების ნაწილისთვის გადასახადის შემოღების თემა მისაღებია.

"გადასახადის დაწესების საკითხი გიორგი ჩოგოვაძის კომპეტენციას სცილდება, თუმცა ურიგო არ იქნება, თუ ეს საკითხი ოდესმე დარეგულირდება. ჩვენ მოვისმინეთ, რომ მან უკან წაიღო ეს ნათქვამი. ჩანს, რომ ჯერ მხოლოდ საუბარია და გადასახადის საკითხის განხილვა დღის წესრიგში არ დგას.

მიუხედავად ამისა, სტანდარი მოითხოვს, რომ გადასახადი დაწესდეს და სერტიფიცირება-ლიცენზირებაც მოახდინონ, ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ", - ამბობს "რეზონანსთან" პროფესორი მანანა ალადაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×