გვანცა წულაია
19.10.2018

 მოძრაობის „რუსეთი ოკუპანტია" წარმომადგენლებმა დღეს სასტუმრო "ძველ თბილისთან", სადაც „ევრაზიული ეკონომიკური კავშირის" ეგიდით შეხვედრა მიმდინარეობს, აქცია-პერფორმანსი გამართეს.

მოძრაობის წევრები აცხადებენ, რომ ეს არის რუსული რბილი ძალის მოქმედება საქართველოში, რადგან საქართველო არ არის ევრაზიული კავშირის წევრი ქვეყანა და მსგავსი სახის ფორუმებით, სხვადასხვა სახის ღონისძიებებითა და კავშირებით, რუსეთს სურს საქართველო ამ კავშირში შეიტყუოს.

მოძრაობის ერთ-ერთი წევრის, ანა ჭარხალაშვილის თქმით, „ევრაზიული ეკონომიკური კავშირი" საბჭოთა კავშირის იდეოლოგიის განმახორციელებელია და მათი ეგიდით თბილისში შეხვედრის ჩატარება მიუღებელია.

"ეს ძალები ისევ ცდილობენ საქართველო მოაქციონ თავიანთ კლანჭებში. დღევანდელი ეს ფორუმიც ამის მანიშნებელია, რომ მცირე მეწარმეები მოხიბლონ ტყუილებით, ნაცვლად იმისა, რომ ეს ადამიანები ინვესტიციებს ეძებდნენ დასავლეთში, ისევ მიდიან ჩრდილოეთში. სანამ ერთი პირი მაინც იქნება აქტიური საქართველოში რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ, ჩვენ შევაჩერებთ აგრესიას. ეს ფორუმი იმის გამოძახილია, რომ ისევ გვეძახიან საბჭოთა კავშირში, მაგრამ არ დავბრუნდებით", - აღნიშნავს ანა ჭარხალაშვილი.

პერფორმანსის მონაწილეები მოითხოვენ, რუსეთის წარმომადგენლებმა აღიარონ, რომ მათი ხელისუფლება ოკუპანტია და რომ აფხაზეთი და ცხინვალი საქართველოს ტერიტორიაა.

მოძრაობის წევრები მსგავსი შეხვედრების მასპინძელ სასტუმროებს მოუწოდებენ, დაინტერესდნენ, რა პოზიცია აქვთ საოკუპაციო საკითხებზე შეხვედრის მონაწილეებს. შესაბამისი წერილი მათ სასტუმრო "ძველი თბილისის" ადმინისტრაციაში დატოვეს.

თბილისში, რუსი, სომეხი, ყაზახი და ქართველი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელთა შეხვედრა მიმდინარეობს. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, შეხვედრა „ევრაზიული ეკონომიკური კავშირის" ეგიდით იმართება და მონაწილეთა რაოდენობა 150-ზე მეტია.

„თბილისში ბევრი ახალი შესაძლებლობა ჩნდება ევრაზიული კავშირის ქვეყნებისთვის. საქართველოში თავისუფალი სავაჭრო ზონები გაჩნდა, მათ შორის, ევროკავშირთანაც. ჩვენი კომპანიებისთვის საქართველო საინტერესოა, როგორც ევროკავშირის ბაზარზე შესვლის წერტილი. საქართველოს ბაზარს რაც შეეხება, იგი რა თქმა უნდა, საინტერესოა, მაგრამ დიდი არ არის", - აღნიშნა რუსეთის მცირე და საშუალო ექსპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, იური შურიგინმა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×