ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ტექნიკური ინსპექტირების 10 ცენტრის თანამშრომლები დააკავა. ავტომობილის ტექნიკური გამართულობის დოკუმენტის გაცემა ისე ხდებოდა, რომ მას არც კი ამოწმებდნენ, - ამის შესახებ ემსიემ.ჯი იუწყება
ავტომობილები, რომლებზეც ტექნიკური ინსპექტირების ყალბი დოკუმენტი გაიცა, ტექდათვალიერების გავლა თავიდან მოუწევთ. ტექნიკური ინსპექტირების ყალბი დოკუმენტის გაცემისთვის, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მეორე და 221-ე მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
„ჯერჯერობით მიმდინარეობს ექსპერტიზები. ამ ექსპერტიზების დასრულების შემდგომ სავარაუდოდ, თავიდან მოხდება იმ ავტომობილების ტექნიკური დათვალიერება, რომლებზეც ყალბი დოკუმენტები გაიცა", - ამის შესახებ „ინტერპრესიუსს" ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში განუცხადეს.
შეგახსენებთ, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ თბილისსა და რეგიონებში გამოვლენილ იქნა ცენტრები, სადაც ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების ყალბი დოკუმენტის გაცემა ხდებოდა.
„გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქალაქ თბილისში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში, გამოვლინდა ტექნიკური ინსპექტირების განმახორციელებელი 10 ცენტრი, რომლის თანამშრომლები როგორც მუნიციპალური, ასევე, კერძო მფლობელობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემოწმებისას, მიუხედავად მათი ვიზუალური ან/და ტექნიკური დაზიანებებისა, ტექნიკური ინსპექტირების დადებითად გავლის ყალბ ანგარიშებს გასცემდნენ.
„საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სასამართლოს განჩინებების საფუძველზე, ტექნიკური ინსპექტირების ზემოაღნიშნულ ცენტრებში შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები განახორციელეს. ამ ეტაპზე, ტარდება შესაბამისი ექსპერტიზები", - ნათქვამია განცხადებაში.