ელზა პაპოშვილი
19.10.2018

 გუშინ, წყალტუბოში პოლიციამ სპეცოპერაციის შედეგად გატაცებული ბიზნესმენის 25 წლის შვილი გაათავისუფლა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 25 წლის მამაკაცს თავს შეიარაღებული დაჯგუფების წევრები დაესხნენ და თბილისიდან, ჭავჭავაძის გამზირიდან გაიტაცეს. გამტაცებლები მამას შვილის ტელეფონით დაუკავშირდნენ და გამოსასყიდის სახით 3 მილიონი მოთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ.

ბიზნესმენი, რომლის შვილიც შეიარაღებულმა პირებმა გაიტაცეს, რესტორნებს და ბენზინგასამართ სადგურს ფლობს. ბიზნესმენმა ამირან დეკანოიძემ შვილის გატაცების შესახებ მაშინვე სამართალდამცველებს შეატყობინა. ოჯახის ინფორმაციით, არსებობდა საფრთხე, რომ გამტაცებლები ახალგაზრდა მამაკაცს ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე გადაიყვანდნენ.

პოლიციამ კი გატაცებულ გიორგი დეკანოიძეს წყალტუბოს რაიონის სოფელ მაღლაკში მიაკვლია. სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია 10 ადამიანი, მათ შორის ერთ-ერთი ქალია. ასევე, ცნობილი ხდება, რომ ეს ქალი მოსკოვიდან მეუღლესთან ერთად გატაცებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩამოვიდა. ადვოკატმა დაადასტურა ისიც, რომ დეკანოიძის გატაცების ბრალდებით დაკავებულია მათი შვილი ნიკა ქავთარაძე, რომელიც პოლიციამ თბილისში აიყვანა. მისი უფლებადამცველი ირწმუნება, რომ ქავთარაძეს დანაშაულთან შემხებლობა არ აქვს.

ადვოკატი ინგა შარაშენიძე ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი თბილისში სახლში დააკავეს და მას არავითარი კავშირი არა აქვს გატაცებასთან.

„დანამდვილებით შემიძლია დავადასტურო, არ იმყოფებოდა და უშუალოდ არანაირი მონაწილეობა არ მიუღია არავის გატაცებაში. არც კონტაქტზე გასულა, არც გატაცებაში მონაწილეობდა და არანაირი კავშირი არ ჰქონდა. დააკავეს, უბრალოდ, როგორც ჩემთვის ცნობილია, ნაცნობობიდან გამომდინარე," - ამბობს შარაშენიძე.

შსს-ს ინფორმაციით, დამნაშავეთა აყვანის სპეცოპერაცია წყალტუბოსა და თბილისში ერთდროულად ჩატარდა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლით მიმდინარეობს. გამოძიების ფარგლებში დაინიშნება ყველა შესაბამისი ექსპერტიზა.

ჩადენილი დანაშაული 9-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით დაკავებულ 10 პირს ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ. მათთან თბილისის მთავარ სამმართველოში უკვე შევიდნენ ადვოკატები.

მანამდე კი გვიან ღამემდე გაგრძელდა ბიზნესმენის შვილის გიორგი დეკანოიძის გამოკითხვა პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობაში. დაკითხვის დასრულების შემდეგ, დაზარალებული მედიასთან არ გამოჩენილა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×