ელზა პაპოშვილი
19.10.2018

 პოლიციამ სოფელ ლამბალოდან გატაცებული 17 წლის გოგო გუშინ 5-დღიანი ძებნის შემდეგ იპოვა. მას სოფელ ჯანდარაში მიაგნეს. 2018 წლის 12 ოქტომბერს სოფელ ლამბალოში 17 წლის ჰ.მ ოჯახის ინფორმაციით, არასრულწლოვანი დის თანდასწრებით, ძალის გამოყენებით, სახლიდან ორმა პირმა გაიტაცა. თუმცა გოგონას მონაყოლით, სრულიად სხვა სიტუაცია იკვეთება. გოგონა პოლიციას სრულიად სხვა ვერსიას უყვება და ამბობს, რომ რამდენიმე თვის წინ გაიცნო თავისი თანასოფლელი - ს.ი. და მასთან ოჯახის შექმნა გადაწყვიტა.

მისივე თქმით, რაიმე სახის ძალადობას ან და მისი თავისუფლების უკანონო აღკვეთას ადგილი არ ჰქონია და ყველა მოქმედება განხორციელდა მისი ნების შესაბამისად. ანალოგიური ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებას ს.ი.-მ და მისმა თანმხლებმა პირმა. არასრულწლოვანმა გამოკითხვისას, ასევე, განაცხადა, რომ ოჯახის მხრიდან მისი ამ გადაწყვეტილების გამო მოსალოდნელი იყო ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა. გოგონა ამბობს, რომ მას სახლში მშობლების მხრიდან ფიზიკური და სიტყვიერი ზეწოლა ემუქრება, რის გამოც ამ ნაბიჯის გადადგმა გადაწყვიტა.

17 წლის არასრულწლოვნის ადგილსამყოფელის დადგენის შემდეგ, მასთან მუშაობის პროცესში, დაუყოვნებლივ ჩართული იქნა სოციალური მუშაკი და წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრ GCRT-ის ფსიქოლოგი, რომლებმაც რეკომენდაცია გასცეს არასრულწლოვნის გამოკითხვის თაობაზე. არასრულწლოვანს, ასევე, გაესაუბრა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი, რომელიც გამოძიების ადგილზე იმყოფებოდა.

გამოკითხვა ჩატარდა ფსიქოლოგის, სოციალური მუშაკის, ადვოკატისა და თარჯიმნის მონაწილეობით. არასრულწლოვნის უსაფრთხოების მიზნით და არსებული რეალური რისკების გათვალისწინებით, გამოცემულ იქნა შემაკავებელი ორდერი. ამჟამად ჰ.მ. გადაყვანილია თავშესაფარში და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

გოგონას ოჯახის წევრებს კი მისი მონათხრობის არ სჯერათ და ფიქრობენ, რომ გამტაცებლების მხრიდან გარკვეული ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ იმყოფება. როგორც გატაცებულის ნათესავმა, ქაზანფარ მამედოვმა განაცხადა, ბიჭი, რომელმაც მისი დისშვილი გაიტაცა სხვა გოგონაზეა დანიშნული.

„ვიზეც იძახიან, ცოლობის მიზნით წაიყვანაო... არც ვიცით, რა ხდება, იმიტომ, რომ ის ბიჭი სხვა ადამიანზე იყო დანიშნული, საცოლე ჰყავდა. ეს გოგო 17 წლისაა, სწავლობდა, გეგმაშიც არ ჰქონდა ასეთი რამ და ფიზიკურად არც იცნობდნენ ერთმანეთს. ძალით, ყვირილით, წივილით, ხელის აფარებით წაიყვანეს. ამის თვითმხილველი მისივე დაა, როგორ დავიჯეროთ, რომ საკუთარი ნებით გაჰყვა?" - დასძენს მამედოვი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში კი აცახადებენ, რომ გამოძიება სსკ-ს 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. დანაშაული 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×