უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭება-არმინიჭების საკითხის საბოლოოდ გარკვევამდე, საზღვარგარეთ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენელი სასულიერო პირები წყვეტენ ყოველგვარ ურთიერთობას კონსტანტინოპოლთან.
ამის შესახებ საზღვარგარეთ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული განცხადება იუწყება.
გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ეს გადაწყვეტილება არ შეიცვლება იქამდე, სანამ "ეს უძველესი და, ერთ დროს, დიდებული ეკლესია არ მოინანიებს; სანამ არ იტყვის უარს მართლმადიდებლობისათვის მიუღებელი და ცრუ სწავლების შემოღებაზე იმის შესახებ, რომ არსებობს რაღაც პირველობა და ყოვლისმომცველი ძალაუფლება, რომელიც მას ეკუთვნის და არ დაბრუნდება მართლმადიდებლურ რწმენასთან და არ შეწყვიტს უაკონონო ქმედებებს."
გარდა ამისა, სანამ არსებული ვითარება შენარჩუნდება, საზღვარგარეთ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სასულიერო წარმომადგენლობა კონსტანტინოპოლის სამრევლოს მიერ ჩატარებულ ღონისძიებებში ვერ მიიღებს მონაწილეობას და არ დაპატიჟებს კონსტანტინოპოლის სასულიერო წარმომადგენლებს საკუთარ ტაძრებში საერთო მსახურებისთვის.
საზღვარგარეთ არსებული რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია არ მიიღებს მონაწილეობას კონსტანტინოპოლის პატრიარქატს მიერ ორგანიზებულ ან სხვებთან ერთად, მათი თანათავმჯდომარეობით ორგანიზებულ სასულიერო-საეკლესიო კრებებში.
ისინი მორწმუნეებს მოუწოდებენ, რომ გააძლიერონ ლოცვა საეკლესიო მშვიდობისთვის, ხოლო მართლმადიდებლური ეკლესიების ხელმძღვანელებს მოუწოდებს, რომ "შეივიკრიბოთ, რათა ერთად მივაღწიოთ ჭეშმარიტ და კანონიკურ გადაწყვეტილებას არსებული საკითხებისა".
შეგახსენებთ, რომ 15 ოქტომბერს რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა.
ეს გადაწყვეტილება რუსეთის საპატრიარქომ უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიისათვის ავტოკეფალიის მინიჭების პროცესის დაწყების შემდეგ მიიღო.
კიევის საპატრიარქოს მიაჩნია, რომ ადრე თუ გვიან, სიტუაცია გამოსწორდება და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია აღადგენს ურთიერთობას.