ისტორია დაუსრულებლად მეორდება და გაზის მარაგის ძიება საქართველოში კვლავ წამოიწყეს. სპეციალისტების მტკიცებით, არავითარი ოფიციალური დოკუმენტი არ მოიპოვება, რითაც შეიძლება დადასტურდეს, რომ საქართველოში გაზის სერიოზული მარაგია. არ არის გამორიცხული, რომ "ახალი აღმოჩენა" საფონდო ბირჟებზე მანიპულირების წყარო გახდეს, რაც ბოლო 10 წლის განმავლობაში რამდენიმეჯერ განმეორდა.
მიუხედავად ამისა, ეჭვი კომპანიებისთვის სულაც არ აღმოჩნდა ხელის შემშლელი ფაქტორი, რომ ძიება დაიწყოს. "ნავთობისა და გაზის კორპორაციის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში გაზის მარაგის კვლევა-ძიება დაიწყო. ამ მიმართულებით თსრდგქიუკპუკ კგთეფმუდშ სწქზფტნ მუშაობს.
"ნავთობისა და გაზის კორპორაციის" წარმომადგენელ თემურ გოჩიტაშვილის განცხადებით, გაზის მარაგის ძიება 5000 მეტრის სიღრმეში, დანალექ ქანებში მიმდინარეობს, რაც პირველი შემთხვევაა საქართველოში. აქამდე კი ნავთობსა და გაზს ე.წ. შუა ეოცენის (3500მ) მიდამოებში ეძებდნენ, სადაც, როგორც წესი, ნავთობის მარაგი არის.
გაზის მარაგის აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია ბოლო წლების განმავლობაში რამდენიმეჯერ გავრცელდა. ჯერ კიდევ 2014 წელს კომპანია "ფრონტერამ" 42 მილიარდი კუბური მეტრის გაზის საბადო "აღმოაჩინა". 2 წლის შემდეგ, 2016 წელს, ცნობილი გახდა, რომ აღმოსავლეთ საქართველოში გაზის უზარმაზარ მარაგს "მიაკვლიეს", თუმცა იქიდან ამოღებული გაზის წიაღისეული, როგორც სპეციალისტები ამბობენ, არავის უნახავს.
ქართველ ენერგეტიკოსებს ბუნებრივ აირთან დაკავშირებული "პერსპექტივისა" ნაკლებად სჯერათ. ისინი ირწმუნებიან, რომ ქვეყანას გაზის მარაგი არ გააჩნია.
ენერგეტიკოსი გია არაბიძე ამბობს, რომ გაზის მარაგთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია რეალობასთან ახლოსაც არ არის. საფონდო ბირჟებზე ხშირად თამაშობენ, თითქოს გაზის მარაგი აღმოაჩინეს და ამით აქციების ფასს ზრდიან. იგი არ გამორიცხავს, რომ სპეკულაცია ამჯერადაც გაგრძელდეს.
"არავითარი ოფიციალური დოკუმენტი იმისა, რომ საქართველოში გაზის სერიოზული მარაგია, არ არსებობს. "ფრონტერას" დასკვნით, მილიონობით კუბ/მ გაზის მარაგია საქართველოში, მაგრამ 1 კუბ/მ ამოღებული გაზი არ გვინახავს. ყოველწლიურად იწერება ახალი აღმოჩენის შესახებ, გვაცხოვრებენ ტყუილში და ასე გრძელდება ბოლო 10 წლის განმავლობაში.
ფაქტს დადასტურება სჭირდება, რის შემოწმებასაც ჩვენი სახელმწიფო ვერ შეძლებს. თანაც მაღალი რისკის სამუშაოა და დიდ ფინანსურ რესურსსაც მოითხოვს. ასეც რომ არ იყოს, მოძიებული გაზის მარაგი არ გვინახავს, საფონდო ბირჟებზე მიდის მანიპულირება. მე და ჩემს კოლეგებს მიგვაჩნია, რომ ეს არ არის რეალობა", - აცხადებს "რეზონანსთან" ენერგეტიკოსი.
საფონდო ბირჟებზე არაკეთილსინდისიერი თამაშის წესებზე სვამს აქცენტს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილიც, რომლის განცხადებითაც, გაზის მარაგის ძიების ბევრი მსგავსი ოპერაცია ჩატარებულა საქართველოში, რაც ჩვენი ქვეყნის მიმართ ნდობას ამცირებს.
"სკეპტიკურად ვუყურებ მოსაზრებას, რომ საქართველოში, შესაძლოა, სამრეწველო გაზის მარაგი არსებობდეს. დროდადრო ამაზე მუდმივად არის საუბარი. ნავთობის მომყოლი გაზი რაღაც მოცულობით შეიძლება მართლაც იყოს, მაგრამ არა ამის უმეტესი! ამდენად, მასშტაბურ აღმოჩენაზე საუბარი გადაჭარბებულია.
რამდენიც სურთ, ეძებონ, ამ პროცესის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ სამუშაოები კერძო ინიციატივითა და რისკით უნდა ტარდებოდეს, სახელმწიფოს ჩარევის გარეშე. ვისურვებ, რომ ეს არ გახდეს შემდეგში საფონდო ბირჟებზე სპეკულაციის წყარო.
ძალიან ბევრი ასეთი საეჭვო ოპერაცია ჩატარებულა საქართველოში, რაც ჩვენი ქვეყნის მიმართ ნდობას ამცირებს. შევარდნაძის დროიდან მოყოლებული, ხშირად გვინახავს, როგორ პოულობენ უსაზღვრო "მარაგს", ბირჟებზე ფულს მოხსნიან ვიღაც სპეკულანტები და ამით მთავრდება მარაგის ძიების პროცესი.
ახლაც თუ ეს განზრახვა ამოძრავებთ, ცუდი ისტორიის გაგრძელებაა. სახელმწიფო უნდა განერიდოს ამ პროცესს. ამ ე.წ. ძიებასთან დაკავშირებით სერიოზული კითხვის ნიშნები მაქვს", - აცხადებს "რეზონანსთან" ანალიტიკოსი.