მსოფლიოში ნავთობი იაფდება, მაგრამ საქართველოში გაძვირებაზე ლაპარაკობენ
მარი ჩიტაია
20.10.2018

 საერთაშორისო ბაზრებზე საწვავი იაფდება, მაგრამ ამის პერსპექტივა საქართველოში ლარის გაუფასურების გამო არ ჩანს. ბოლო 1 კვირის განმავლობაში ნავთობპროდუქტების ფასმა 5-6 დოლარით იკლო. 1 ბარელი ნავთობი 79 დოლარად იყიდება, როცა ცოტა ხნის წინ მისი ღირებულება 85 დოლარს აჭარბებდა. საწვავის გაიაფება დაიწყო ყველგან, საქართველოს გარდა, რადგან ჩვენთან დევალვაციამ ყველა შანსი მოსპო.

როგორც ჩანს, ირანისთვის ნოემბერში ასამოქმედებელ სანქციებს ნავთობპროდუქტების გაიაფებისთვის ამჯერად ხელი არ შეუშლია, რადგან პროცესის პარალელურად აშშ და უმსხვილესო ექსპორტიორი ქვეყნები მოპოვებას ზრდიან, რაც ფასზე დადებითად აისახა. სამწუხაროა, რომ ამ ცვლილებას ადგილობრივ ბაზარზე ადეკვატურად ვერ პასუხობენ. ქართველი იმპორტიორების განცხადებით, იმ შემთხვევაშიც, თუკი საერთაშორისო ფასი შენარჩუნდება, მოსალოდნელია, ავგოგასამართ სადგურებში ლარის დევალვაციის გამო საწვავი კვლავ გაძვირდეს.

რაც შეეხება უცხოურ ბაზრებს, 2018 წლის 18 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგებით, მსოფლიოს წამყვან, ლონდონისა და ნიუ იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. ლონდონში "ბრენტის" ტიპის ნავთობის ფასმა 79,7 დოლარი შეადგინა 1 ბარელზე, ნიუ იორკში კი "ლაითის" მარკის ნავთობი 68,6 დოლარი ღირს.

რაც შეეხება "პლატცის" ფასს, 1 ტონა ბენზინის ღირებულება 681,5 დოლარია, ხოლო ამდენივე მოცულობის დიზელის ფასი 711 დოლარს შეადგენს. ბოლო 2 კვირაში "პლატცის" ფასი დაახლოებით 40-45 დოლარით არის შემცირებული.

საქართველოს საბითუმო ბაზარზე კი 1 ლიტრი ბენზინისა და დიზელის ფასი გათანაბრდა და ამჟამად 2,30 ლარს შეადგენს.

ლარის სწრაფმა გაუფასურებამ ბაზარს ამოსუნთქვის საშუალება არ მისცა. ამიტომ იმპორტიორები ფასის კვლავ მატებას არ გამორიცხავენ. როგორც კომპანია "სენტას" დამფუძნებელი ზაალ იაკობიძე ამბობს, მიუხედავად მსოფლიო ტენდენციისა, საქართველოში გაიაფების არანაირი საფუძველი არ არსებობს.

"როგორც წესი, რამდენიმე ფაქტორი მოქმედებს ფასზე, ძირითადად საერთაშორისო ღირებულება და კურსი, რომლის მდგომარეობა დღესდღეობით კრიტიკულია, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში. სწრაფად წავიდა გაუფასურების პროცესი, რაც ნავთობპროდუქტების გაძვირებას იწვევს. ამას რამდენიმე მიზეზი განაპირობებს - ზოგი ცნობილი, მაგრამ ბევრია უცნობი ფაქტორიც.

მსოფლიოში მოპოვების ზრდა შეინიშნება და ამან ფასის კლებას საგრძნობლად შეუწყო ხელი, თუმცა ჩვენ სხვა მოცემულობა გვაქვს. რამდენადაც კურსის გამყარებას ამ პერიოდში არ ველოდებით, პირიქით, კიდევ გაუფასურებაა მოსალოდნელი, ასეთ ფონზე საწვავის გაძვირებაა სავარაუდო იმ შემთხვევაშიც კი, თუ არსებული ფასი საერთაშორისო ბაზრებზე შენარჩუნდება. ნაკლებია შანსი, რომ მომხმარებელს საწვავი გაუიაფდეს, საამისოდ არანაირი საფუძველი არ გვაქვს", - ამბობს იაკობიძე "რეზონანსთან".

ანალიტიკოსების შეფასებით, საწვავის ფასზე ლარის გაუფასურების გავლენა მეტ-ნაკლებად დაბალანსდა საერთაშორისო ტენდენციით. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის წარმომადგენელი პაატა ბაირახტარი ამბობს, შესაძლოა, ფასების კატასტროფული გაძვირება გვქონოდა.

"ბოლო 2 კვირის განმავლობაში საერთაშორისო ბაზარზე ფასები საგრძნობლად შემცირდა, რაც იძლევა საშუალებას, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურების ფონზე საწვავის ფასი შენარჩუნდეს. ამით ლარის დევალვაციის გავლენა დაკომპენსირდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, საწვავი ბაზარზე კიდევ უფრო გაძვირდებოდა, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს. ლარის კურსის დაჭერა თუ მოხერხდება, გლობალურ ბაზრებზე მიმდინარე ტენდენცია აქაც ადეკვატურად აისახება, ამის იმედი დიდად არ მაქვს.

რატომღაც ლარი ნებაზე მიუშვეს და ამ დროს ვისმენთ უსაფუძვლო არგუმენტს, რომ თითქოს გვაქვს მცურავი კურსი, რაც სინამდვილეში ასე არ არის. ნახტომისებრი გაუფასურება ხდება და ამ დროს ეროვნული ბანკი არაფერს აკეთებს. მესმის, რომ იმპორტი ძალიან ზარალდება. იმისთვის არის ბერკეტები სებ-ის ხელში, რომ ლარის კურსის დაჭერა შეძლოს.

ვინმე თუ ამბობს, რომ რეგიონული ვალუტების ფაქტორი მოქმედებს ლარზე, ამ აზრისგან შორს ვარ, რადგან დღეს ყველაზე მეტად სწორედ ქართულ ვალუტას უჭირს", - აცხადებს "რეზონანსთან" ანალიტიკოსი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×