თამარ შუკვანი
20.10.2018

 "ომეგა ჯგუფი" და ვანო ჩხარტიშვილი ერთმანეთს ესპერტიზის დასკვნების გაყალბებაში ადანაშაულებენ. ორივე მხარე ამბობს, რომ ექსპერტიზა ბრიტანეთში ჩაატარეს, სადაც მათი სიმართლე დამტკიცდა.

"ომეგა ჯგუფის" ვერსია

"ომეგა ჯგუფი" აცხადებს, რომ მათ კიბერუსაფრთხოებისა და ციფრული სამართლებრივი ექსპერტიზის ბრიტანული კომპანია "საიფორიდან" კიდევ ორ აუდიო ჩანაწერზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა მიიღეს.

მათი მტკიცებით, ერთი ჩანაწერი მოიცავს ზაზა ოქუაშვილის, ირაკლი ჩუბინიშვილისა და ვანო ჩხარტიშვილის საუბარს, ხოლო მეორე ჩანაწერი კი ლევან ყიფიანისა და "ომეგას" მენეჯერების საუბარს.

"აუდიო ფაილი შედგება სხვადასხვა სექციებისაგან, აღებული ერთი ვრცელი აუდიო ფაილიდან, რომლის ჩაწერაც მიმდინარეობდა უწყვეტად. შესაბამისად, ვანო ჩხარტიშვილისა და მისი ადვოკატის განცხადება, რომ თითქოს ეთერში გასულ აუდიოჩანაწერში დამონტაჟებულია 6 სხვადასხვა შეხვედრის საუბარი, სიმართლეს არ შეესაბამება. დასკვნის მიხედვით ასევე გამოირკვა ის მონაკვეთები, რომლებიც უწყვეტად მიმდინარეობს," - წერია განცხადებაში.

რაც შეეხება მეორე ფაილს, ამავე ინფორმაციის მიხედვით, ის მოიცავს საუბარს, რომელიც შედგა ლევან ყიფიანსა და ომეგას მენეჯერებს შორის, რომელშიც, როგორც განცხადებაში წერია, "ომეგას" გადასახადების რესტრუქტურიზაციის მისაღებად ლევან ყიფიანი ითხოვს 30 მილიონის გარკვეულ პროცენტს და ასევე ავტომობილებს იმჟამინდელი ფინანსთა მინისტრისა და ვიცეპრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილისთვის.

"ექპერტიზის დასკვნის მიხედვით, აუდიოჩანაწერი შედგება სამი სექციისაგან, რომლებიც აღებულია ერთი, უწყვეტი ჩაწერით მიღებული აუდიო ფაილიდან. ექსპერტიზის მიხედვით დადგინდა აუდიო ფაილის ის სამი მონაკვეთი, რომლებიც მიმდინარეობს უწყვეტად," - წერია განცხადებაში.

ამავე ცნობით, ამაუდიო ფაილის მეტა მონაცემების დამუშავების შედეგად დგინდება, რომ ლევან ყიფიანისა და "ომეგას" მენეჯერს შორის საუბარი 2017 წლის 26 აპრილს შედგა. ამ დასკვნების საფუძველზე ექსპერტიზის მიერდადასტურებულია ჩანაწერებისავთენტურობა:

კერძოდ, ვანო ჩხარტიშვილის, ირაკლი ჩუბინიშვილისა და ზაზა ოქუაშვილის საუბარი, რომლის დროსაც ირაკლი ჩუბინიშვილი ზაზა ოქუაშვილს უხსნის საერთო კომპანიის შექმნის სქემას, უჩა მამაცაშვილის როლს ამ საქმეში და ასევე განმარტავს, რომ "ფონდი", ანუ "პარტია" შემოდიოდა საერთო კომპანიაში 50% წილის მფლობელად და ასევე დანიშნავდა ფინანსურ დირექტორს, ხოლო ვანო ჩხარტიშვილი კი აკონკრეტებს, რომ ამ სქემის დროული შექმნით დაინტერესებულია "უფროსი მეგობარი", შედგა ერთ დღეს და ეთერში გასული აუდიო ჩანაწერი შედგება ერთ დღეს უწყვეტი ჩაწერის შედეგად მიღებული აუდიო ფაილის სხვადასხვა სექციისგან. შესაბამისად, სიმართლეს არ შეესაბამება ვანო ჩხარტიშვილისა და მისი წარმომადგენლის განცხადებები იმის შესახებ, თითქოს სახეზე იყო 6-7 სხვადასხვა შეხვედრის აუდიო ჩანაწერის მონტაჟი და რომ თითქოს საუბრის მონაწილეები, კერძოდ კი ჩხარტიშვილი და ჩუბინიშვილი, გულისხმობდნენ გადაიარაღების ფონდს და არა პარტიას. ლევან ყიფიანისა და ომეგას მენეჯერების საუბრის ამსახველი აუდიო ფაილი, რომელიც ასევე "რუსთავი 2"-ისა და "იბერიას" ეთერში გავიდა, შედგება უწყვეტი ჩაწერის შედეგად მიღებული აუდიო ფაილის სამი ნაწილისგან, რომლებშიც აზრობრივი წყვეტა არ შეინიშნება," - წერია განცხადებაში.

ვანო ჩხარტიშვილის ვერსია

ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი აღნიშნავს, რომ "ომეგა ჯგუფის" მხრიდან აუდიოჩანაწერებით "ბინძური მანიპულირება" ხდება და ამ ყველაფრით ისინი საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ.

შეგახსენეთ, ზაზა ხატიაშვილმა 3 და 9 ოქტომბერს ლონდონის ორი საექსპერტო ბიუროს ორი დასკვნა გაასაჯაროა, რომლის მიხედვითაც, როგორც ამბობს, მტკიცდება, რომ გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერები მონტაჟია.

"დღეს "ომეგა ჯგუფმა" ბრიტანული საექსპერტო ბიუროს მორიგი დასკვნა წარმოადგინა. ჩემი შეფასებით, "ომეგას" მიერ წარმოდგენილი როგორც 9 ოქტომბრის, ასევე დღევანდელი დასკვნაც, მათი მხრიდან ფარული აუდიო ფაილებით ბინძური მანიპულირებისა და საზოგადოებრივი აზრის შეცდომაში შეყვანის მცდელობის კლასიკური მაგალითია. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ "ომეგა ჯგუფის" ხელმძღვანელის ზაზა ოქუაშვილის, ტელეკომანია "რუსთავი 2"-ისა და "იბერიის" მიერ ვანო ჩხარტიშვილზე გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერების ავტენტურობის დასადგენად მე მივმართე ლონდონის 2 ცნობილ საექსპერტო ბიუროს, რომელთა სანდოობა და ავტორიტეტი საყოველთაოდაა აღიარებული გაერთიანებულ სამეფოში.

"3 ოქტომბერს ჩვენ საზოგადოებას წარვუდგინეთ ლონდონის ექსპერტიზის ბიუროს "აუდიო ფორენზიქ სერვისის" 2018 წლის 1-ელი ოქტომბრის დასკვნა, ხოლო 9 ოქტომბერს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ლონდონის საექსპერტო ბიუროს "დილიჯენსის" 3 ოქტომბრის ექსპერტიზის შედეგები.

"ორივე დასკვნით დადასტურდა, რომ ტელეეთერებით ბოლო პერიოდში ვანო ჩხარტიშვილზე გავრცელებული სამივე ფარული აუდიოჩანაწერი ხელით არის მანიპულირებული, გადაკეთებული ან დამონტაჟებული. უფრო მეტიც, ერთ-ერთ 02.06 წუთიან ჩანაწერში არის სხვადასხვა დროსა და ადგილას ჩაწერილი ფაილების მრავალგზის მონტაჟი.

"ორივე ეს დასკვნა, მისი ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანები და სამივე ფაილი გამოქვეყნდა ყველა წამყვანი სააგენტოს ვებგვერდზე და ხელისაწვდომია საზოგადოებისთვის, განსხვავებით "ომეგას" მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნებისგან, რომელთა მოპოვება და გაცნობა ვერანაირად ვერ მოვახერხეთ," - აღნიშნა ხატიაშვილმა.

მისი ცნობით, მედიაში ჩანაწერების ერთი ნაწილის გავრცელება სპეციალურად მოხდა, შემდეგ კი ეს ჩანაწერები საექსპერტო ბიუროში მიიტანეს იმისათვის, რომ მათი ნამდვილობა "დაემტკიცებინათ".

"ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციებიდან აშკარაა, რომ მათ მიერ წარმოდგენილი დასკვნები, სავარაუდოდ, შეეხება სხვა აუდიო ფაილებს, რომლთა ერთი ნაწილი სპეციალურად იქნა ჯერ მედიაში გაშვებული, ხოლო შემდეგ საექსპერტო ბიუროში მიტანილი, ასევე ბიუროში წარდგენილ იქნა ნაწილი მათ ხელთ არესებული დედანი აუდიოჩანაწერებისა, რათა, ასეთი ბინძური ხერხებით მანიპულირებული ფაილების ავტენტურობის აღიარებით, ყველა სხვა ფაილის ნამდვილობა "დაამტკიცონ".

"ჩვენ რამდენიმე დღეა უშედეგოდ ველოდებით ომეგას ჯგუფის მიერ ჩატრებული ექსპერტიზის ოფიციალურ გასაჯაროებას. ეტყობა, რაღაცა აქვთ დასამალი, წინააღმდეგ შემთხვევაში, იმავე დღეს მოხდებოდა მათი ექსპერტიზის დასკვნების გასაჯაროება.

"ომეგა ჯგუფი სავარაუდოდ შეშინებული იმ ფაქტით, რომ ჩვენ, მათ მიერ ჩატარებული ექსპერტიზის სანდოობასთან დაკავშირებით, სკოტლანდ იარდში ვაპირებთ საჩივრის შეტანას. არცთუ უსაფუძვლოდ, ფაილებით ბინძური მანიპულირების, საზოგადოებრივი აზრის შეცდომაში შეყვანისა და ლონდონის წამყვანი საექსპერტო ბიუროების საქმიანი რეპუტაციის შელახვის მცდელობები.

"ჩვენი მხრიდან, როგორც სკოტლანდ იარდის, ასევე ლონდონის სასამართლოს განსჯის საგანი გახდება. ორივე საექსპერტო ბიუროს წარმომადგენლები, სადაც მომზადდა ჩემს მიერ გაგზავნილ ფაილებზე დასკვნები, მზად არიან აქტიური მონაწილეობა მიიღონ მათ მიერ ჩატარებულ ექსპერტიზასთან დაკავშირებით ნებისმერ ქვეყანაში, ნებისმიერ სასამართლო თუ საგამოძიებო ორგანოებში, ნებისმიერი საჩივრის განხილვის დროს" - აცხადებს ზაზა ხატიაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×