ია აბულაშვილი
21.10.2018

 საპრეზიდენტო არჩევნებში ჩართულ პოლიტიკურ ძალებს სპორტული ინტერესი უფრო ამოძრავებთ, ვიდრე რეალური ცვლილებების სურვილი. მმართველმა პარტიამ კი თავისი მიზანმიმართული მოქმედებით სრულიად გააბითურა საპრეზიდენტო არჩევნების მნიშვნელობა და "თავისი მახინჯი პოლიტიკური ციხე-სიმაგრის მცველად ისევ აგრესიული „ნაციონალები" დააყენა, რომლებიც ხელს უწყობენ „ოცნებას" პირველობის შენარჩუნებაში".

ამის შესახებ „რეზონანსს" პოლიტმარკეტინგის სპეციალისტი, პროფესორი კახბერ ჯაყელი ესაუბრა.

„რეზონანსი": პოლიტმარკეტინგის კუთხით, როგორ გამოიყურება საპრეზიდენტო კანდიდატთა საარჩევნო კამპანია და რა სიახლეებით შემოვიდნენ პოლიტიკურ ბაზარზე?

კახაბერ ჯაყელი: პოლიტმარკეტინგის კუთხით თუ შევაფასებთ წინასაარჩევნო გარემოს, დავინახავთ, რომ პოლიტიკურ ბაზარზე დიდი პრობლემებია. არჩევნებს აკლია დინამიკა და შეიძლება ითქვას, „ცეკვავენ ვარსკვლავები" უფრო საინტერესო კონკურენციაა, ვიდრე პრეზიდენტის არჩევნები.

მიდის კომპრომატების ომი ბინძური მეთოდებით, რომელიც დამანგრეველია ყველა პოლიტიკური ძალისთვის და ამ ომში გამარჯვებულს ვერ ვხედავ. კომპრომატების ომი პოლიტიკური ბრძოლის ჩარჩოებიდან გავიდა და კრიმინალში გადაიზარდა.

პოლიტიკურ ლიდერებს შორის დაპირისპირება რევანშისტული ზრახვების რეალიზებისთვის ბრძოლას დაემსგავსა, რაც განვითარებული პოლიტიკური ბაზრისთვის დამახასიათებელი არ არის.

პოლიტიკური ბაზრის მომხმარებელი, ანუ ამომრჩეველი გრძნობს, რომ პოლიტიკური ძალები მხოლოდ სპორტული ინტერესის მატარებლები არიან, ვიდრე რეალური ცვლილებების გამტარებლები. დაბნეულები არიან იმითაც, რომ არ იციან რა ფუნქციის მატარებლი იქნება ეს ვიღაც პრეზიდენტი, რომელსაც ოქტომბრის ბოლოს აირჩევენ.

დღეს პოლიტიკური ბაზრის მომხმარებლის თვალში მომავალი პრეზიდენტი მხოლოდ ერთი დიდი სუფრის თამადაა, რომელსაც უფრო მეტი უფლებები აქვს, ვიდრე პრეზიდენტს. ანუ, დადგა დიდი პრობლემის წინაშე, რომელსაც ეწოდება "არჩევნები არაფრისთვის".

„რ": ასეთი პოლიტიკური ბაზრის სურათის შექმნაში ვინ არის დამნაშავე, ხელისუფლება თუ ოპოზიცია?

კ.ჯ.: ორივე, მაგრამ, რა თქმა უნდა პირველ რიგში მმართველი პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება", რომელმაც ვერ ისწავლა პოლიტიკური კონკურენციის გაკვეთილები და რომელიც დაემსგავსა გაზულუქებულ ბავშვს, რომელსაც თავისი მდიდარი მამის იმედი აქვს.

„ოცნებამ" სრულიად გააბითურა საპრეზიდენტო არჩევნების მნიშვნელობა და თანაც თავისი მახინჯი პოლიტიკური ციხე-სიმაგრის მცველად ისევ აგრესიული „ნაციონალები" დააყენა, რომლებიც ხელს უწყობენ "ოცნებას" პირველობის შენარჩუნებაში. აქედან გამომდინარე სხვა პოლიტიკურ ძალას არსებობის საშუალება აღარ აქვს.

ფაქტიურად, „ოცნებამ" მონოპოლისტის ზრახვები აისრულა, რაც ძალზედ სახიფათოა ქვეყნის მომავალი პოლიტიკური ცხოვრებისთვის.

„რ": ანუ, ამ არჩევნებზეც მთავარ მოთამაშედ კვლავ "ოცნება" და "ნაცმოძრაობა" რჩება?

კ.ჯ.: 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ძირითადი მოთამაშე არ ჩანს, არიან მხოლოდ სათადარიგო მოთამაშეები, რომლებიც ძალით შემოაგდეს პოლიტიკურ სცენაზე. პოლიტმარკეტინგის ენაზე ამას ჰქვია "ტრაგედია უგმიროდ". კულისებში კი მიმალულია გონებრივი ცენტრი, იდეის მამოძრავებელი ძალები და სწორედ კულისებში ხდება ფარული ჩრდილების ბრძოლა. ერთ მხარეს მოჩანს ივანიშვილის ჩრდილი, მეორე მხარეს სააკაშვილის ჩრდილი, რომელთა ყურებაც ჩვენ, ნათელ ხალხს მოგვბეზრდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×