ელზა პაპოშვილი
21.10.2018

 ორი დღის განმავლობაში რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. საზღვის უკანონო კვეთის ბრალდებით საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს. 20 ოქტომბერს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამის მცხოვრებლები რუსმა ოკუპანტებმა იმ დროს დააპატიმრეს, როდესაც ისინი ტყეში შეშის მოსატანად იმყოფებოდნენ.

სოფელ ოკამში გამგებლის წარმომადგენელმა კობა ჩიტაშვილმა „რეზონანს" უთხრა, რომ გატაცებულია ორი ახალგაზრდა, რომლებიც ოკუპანტებმა სოფელ ხვითიდან წაიყვანეს. ჩიტაშვილი ამბობს, რომ ისინი ახლა ე.წ. ცხინვალის სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში არიან და სავარაუდოდ, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის გამო ჯარიმის დაკისრების შემდეგ გაათავისუფლებენ.

გამგებელი აცხადებს, რომ თანასოფლელების დაკავების ფაქტი ერთ-ერთი გატაცებულისგან შეიტყვეს, რომელმაც ბიძაშვილთან დარეკვა და გაფრთხილება მოასწრო. რწმუნებული ამბობს, რომ ამის შემდეგ მათთან კონტაქტი გაწყდა და მხოლოდ ის იციან, რომ ისინი ცხინვალის იზოლატორში იმყოფებიან.

გამგებლის ინფორმაციით, ქართველების გადასახდელი ჯარიმა ერთ ადამიანზე 70-დან 80 ლარამდე თანხას შეადგენს. რწმუნებული აბობს, რომ ეს მათი სოფლიდან გატაცების პირველი შემთხვევა არ არის, თუმცა არც ხშირია, რადგანაც ადგილობრივები ტყეში შესვლას ერიდებიან.

„ოკამში მცხოვრები 33 წლის გიორგი შამანაური და 35 წლის იასონ შუკაკიძე, ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ხვითის მიმდებარე ტყეში 20 ოქტომბერს სავარუდოდ, რუსმა ჯარისკაცებმა დააკვეს. ჩვენი ინფორმაციით, ისინი ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ტყეში იყვნენ შესულები, როდესაც დაკავება მოხდა.

„ახალგაზრდები სახლისთვის შეშის მოსაჭრელად იმყოფებოდნენ და როგორც ჩანს, რუსი ჯარისკაცები იქ დახვდნენ. გიორგიმ თავის ბიძაშვილთან დარეკვა და გაფრთხილება მოასწრო, მან კი მე დამირეკა და სამართალდამცველები საქმის კურსში ჩავაყენე.

„მას შემდეგ მათთან კონტაქტი აღარ გვქონია. უკვე ცხინვალის იზოლატორში იქნებიან გადაყვანილი. ახლა სასამართლოს გადაწყვეტილებას ველით და ვფიქრობთ, რომ ჯარიმის გადახდის შედეგად გაათავისუფლებენ.

„ეს ჩვენი სოფლიდან ადგილობრივების გატაცების პირველი შემთხვევა არ არის, თუმცა, მადლობა ღმერთს, ხშირი არაა. უბრალოდ, ტყეში არ უნდა შევიდნენ. სამწუხაროდ, რუსი ჯარისკაცები იქ არიან ხოლმე ჩასაფრებული", - ამბობს კობა ჩიტაშვილი „რეზონანსთან".

ლომისის მამათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე კი რუსმა ოკუპანტებმა ორი ადამიანი 21 ოქტომბერს დააკავეს. გატაცებულთაგან ერთი მამათა მონასტრის ბერ-მონაზონია, ხოლო მეორე - მრევლის წევრი. ისინი, სავარაუდოდ, ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით არიან დაკავებულები.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ რუსმა სამხედროებმა ისინი მონასტრის მიმდებარედ, წყაროსთან დააკავეს. ოკუპანტებმა ჯერ 18 წლის მორჩილი გურამ ლობჯანიძე აიყვანეს, რომელიც წყაროზე წყლის ამოსატანად იყო ჩასული.

მამა პავლე (იოსებ ტეტელოშვილი) კი მის დასახმარებლად და ჯარისკაცებთან მოსალაპარაკებლად ჩავიდა, თუმცა, თხოვნის მიუხედავად, გაეთავისუფლებინათ მორჩილი, მამაოც დააკავეს და რუსულ სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს.

„როგორც ამბობენ, წყაროზე ჯერ მორჩილი დაუკავებიათ. დაუყვირია - მიშველეთო და შემდეგ დასახმარებლად მამა პავლე ჩასულა. რუსი ჯარიკაცები იყვნენ. მამაოს უთხოვია, რომ მორჩილი გაეთავისუფლებინათ, მაგრამ გათავისუფლების მაგივრად, აქეთ მამაოც დააკავეს. დასახმარებლად ვინ მივიდოდა?! რა აზრი აქვს, ყველას დაიჭერდნენ...

„ამბობენ, რომ რუსულ სამხედრო ბაზაზე არიან გადაყვანილები. არანირი მათ მიერ კონტროლირებადი ტერიტორია, ფაქტობრივად ორივვე გაიტაცეს და ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ", - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

მომხდარი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში „რეზონანსს" დაუდასტურეს. სააგენტოში აცხადებენ, რომ ამოქმედებულია ცხელი ხაზი და მომხდარის თაობაზე ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. სუს-ის ინფორმაციით, მათ უკვე მიმართეს ყველა მექანიზმს, რათა დაკავებულთა გათავისუფლება უმოკლეს ვადაში მოხდეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×