თამარ შუკვანი
22.10.2018

 "საქმის დეტალების ამ ეტაპზე გამოქვეყნება ისე აღიქმება, რომ "ნაციონალური მოძრაობისა" და "რუსთავი 2"-ის მიერ გამოქვეყნებულ კომპრომატებს "ქართულმა ოცნებამ" ახალი კომპრომატები დაუპირისპირა. ეს კომპრომატების დაპირისპირებას უფრო ჰგავს, ვიდრე სამართლის ძიებას," - აცხადებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე პროკურატურის მიერ მოპოვებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობა იგეგმებოდა.

ბოლო პერიოდში გავრცელებულმა ჩანაწერებმა როგორ შეიძლება იმოქმედოს წინასაარჩევნოდ ამომრჩეველთა გადაწყვეტილებაზე; როგორია დღეს "ქართული ოცნების" რეიტინგი და გამარჯვების ვის მეტი შანსი აქვს - ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე "მთელი კვირა" პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.

ვახტანგ ძაბირაძე: ის, რომ ოპოზიციური ძალა დაინტერესებული უნდა იყოს კომპრომატების მოძიებითა და გამოქვეყნებით, სრულიად ბუნებრივია, მაგრამ როდესაც ამას სახელისუფლებო გუნდი აკეთებს, ეს შემაწუხებელიც არის და შემაშფოთებელიც.

ხელისუფლებას არ აქვს უფლება, ამ მიმართულებით ასეთ პოლემიკაში ჩაებას. შესაძლოა, ყველაფერი სიმართლეა, მაგრამ როდესაც ხელისუფლებამ ეს ჩანაწერები მოიპოვა და დაიწყო მუშაობა, ამაზე მაშინვე უნდა თქმულიყო და არა ახლა.

სხვაგვარად როგორ უნდა აღვიქვათ? პატარკაციშვილის საქმე იმ კომპრომატებს დაუპირისპირეს, რაც "რუსთავი 2"-მა გამოაქვეყნა. ეს ცუდი ნაბიჯია პოლიტიკურადაც და სამართლებრივადაც წამგებიანია, რადგან ნეიტრალური ადამიანების უმრავლესობას წინასაარჩევნოდ სწორედ ასეთი აღქმა ექნება.

"ქართული ოცნება" თავის მართლების რეჟიმშია. ხელისუფლებისთვის ასეთი თამაშები, ზოგადად, წამგებიანია. შეიძლებოდა, არჩევნების შემდეგ გამოქვეყნებულიყო, მაგრამ ეს "ქართული ოცნების" კონტრარგუმენტია "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერებზე.

"მთელი კვირა": მირზა სუბელიანის ფარულ ჩანაწერებსა და იქ მოყვანილ ფაქტებზე რა აზრის ხართ?

ვ.ძ.: "ოცნების" რეიტინგი ამ არჩევნებზე ისედაც ძალიან დაბალია და ამომრჩეველზე დიდი გავლენა ამ ფაქტებს მაინც არ ექნება. მართალია, ახლა ვსაუბრობით "ქართულ ოცნებაზე", მაგრამ ზუსტად იგივენაირად აღიქმება "ნაციონალების" მიერ გამოქვეყნებული კომპრომატებიც.

ძალიან დიდ გავლენას ეს არჩევნების შედეგებზე ვერ იქონიებს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ "ოცნებას" სხვა პრობლემები არ აქვს. "ოცნებისთვის" ამ კომპრომატებზე მეტად პრობლემური მისი მხარდაჭერილი კანდიდატია, მოსახლეობაში მის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება რომ არ იყოს. სალომე ზურაბიშვილისთვის პრობლემა იქნება მეორე ტურში გასვლაც კი.

"მ.კ.": "ოცნებამ" კვლევა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ზურაბიშვილმა ხმათა 53% მიიღო. ამაზე რას იტყვით?

ვ.ძ.: თუ ეს ე.წ. საშინაო გამოკითხვა ჩატარდა საარჩევნო კამპანიის დასაწყისში, შესაძლოა, რეალობასთან ახლოს იყოს, მაგრამ თუ ჩატარდა თუნდაც ერთი კვირის წინ, მაშინ არ მგონია, რეალური იყოს.

სამწუხაროდ, სოციალური კვლევა ჩვენთან პოლიტიკური პიარის შემადგენელ ნაწილად იქცა. "ქართულმა ოცნებამ" ჩაატარა კვლევა, რომლის მიხედვითაც, ისინი გადიან პირველ ადგილზე მეორე ტურის გარეშე. "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" მიერ ჩატარებული კვლევების შედეგადაც იგივე მდგომარეობაა, ოღონდ მათ სასარგებლოდ.

ჩემი აზრით, არც ერთი არაა მართალი. თუკი ჩვენს საზოგადოებას განსჯისა და ვითარების რეალუარად აღქმის უნარი აქვს, სამივეს უარი უნდა უთხრას. ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ სამივე კანდიდატს თანაბარი შანსი აქვს.

"მ.კ.": ანუ, მეორე ტური გარდაუვალია? თქვენი აზრით, ვის ვიხილავთ მეორე ტურში?

ვ.ძ.: სამივეს თანაბარი შანსი აქვს, რომ მეორე ტურში მოხვდეს. როგორი კომბინაცია იქნება, რომელი ორი გავა ამ სამიდან, არ ვიცი, მაგრამ არჩევნებამდე მეტი დრო რომ იყოს დარჩენილი, შესაძლოა, ამ სამეულს უსუფაშვილიც შეერთდებოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×