არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე მმართველი პარტია საკუთარ შიდა კვლევას ასაჯაროებს და ამტკიცებს, რომ მათი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი პირველსავე ტურში გაიმარჯვებს. ამავე დროს, შს მინისტრი აცხადებს, რომ მათ აქვთ ინფორაცია, ვინ, სად და როგორ გეგმავს არეულობას.
ოპოზიცია საპირისპიროს ამტკიცებს - რომ "ოცნების" კანდიდატს პირველ ტურში გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვს. როგორი იქნება 29 ოქტომბერი, თუ, ცესკო-ს შედეგებით, სალომე ზურაბიშვილი პირველსავე ტურში გამარჯვებისათვის საკმარის ხმებს დააგროვეს? პოლიტოლოგების დიდი ნაწილის მტკიცებით, დიდია ალბათობა, პირველსავე ტურში გამარჯვებულის გამოცხადებას აქციებიც მოჰყვეს, თუმცა თუ ხელისუფლება შეცდომას არ დაუშვებს, და არჩევნების დღეს კი დიდი შეხლა-შემოხლა და ბევრი საჩივარი არ იქნება, მხოლოდ მცირე აქციებს ვნახავთ.
"საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" დამფუძნებელ კორნელი კაკაჩიას აზრით, მაშინ, როდესაც სახელისუფლებო კანდიდატის განცხადებების, ასევე, სკანდალური ფარული ჩანაწერების გამო "ოცნების" მიმართ ბევრი კითხვა და პრეტენზია დაგროვდა, საზოგადოების ნაწილისათვის დაუჯერებელი იქნება ზურაბიშვილის პირველსავე ტურში გამარჯვება.
"რამდენიმე სოციოლოგიური კვლევა გამოქვეყნდა და ყველა კვლევა ამბობს, რომ არც ერთ კანდიდატი არ არის ისე წინ წასული, რომ პირველსავე ტურში გადაწყვიტოს არჩევნების ბედი. აშკარად ჩანს, "ქართული ოცნების" ხელმძღვანელებიც მეტ-ნაკლებად შეგუებულები არიან, რომ მეორე ტური იქნება, რადგანაც, მათი ყველანაირი მცდელობის მიუხედავად, სალომე ზურაბიშვილი ვერ გახდა საერთო ეროვნული ლიდერი. მიუხედავად ორგანიზაციული თუ ფინანსური მცდელობისა, ეს ასეა," - ამბობს კაკაჩია.
მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებზე სამი კანდიდატია ფავორიტი და მოსალოდნელია, რომ მეორე ტური იქნება. ამიტომ თუ პირველსავე ტურში გაიმარჯვა სალომე ზურაბიშვილმა, ბუნებრივია, ამას ოპოზიციის გარკვეული ნაწილი არ მიიღებს და უკმაყოფილება და დემონსტრაციები იქნება.
"მოსალოდნელი დემონსტრაციების წინაპირობაა ის განცხადებები, რაც რადიკალური ოპოზიციის მხრიდან მედიით ისმის. ჯერ კიდევ წინა არჩევნების დროს რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ ეჭვი შეიტანა არჩევნების შედეგში, თუმცა ოპოზიციის უმრავლესობამ არ მიიღო ეს რადიკალური შეფასება და ამის გამო იყო, რომ ხელისუფლებას პრობლემები არ შექმნია.
"თუ ახლა ოპოზიციის უმრავლესობა გაიზიარებს და მხარს დაუჭერს რადიკალური ოპოზიციის სურვილს, აქციები გაიმართოს, მაშინ დიდ აქციებსაც მივიღებთ. მით უმეტეს, რომ ქვეყანაში გარკვეული კრიზისია ფარული ჩანაწერების გამო, რამაც შესაძლოა, უფრო გააერთიანოს ოპოზიცია და დაძაბოს პოლიტიკური ვითარება", - აღნიშნავს კაკაჩია.
პოლიტოლოგის აზრით, "ერთი შეხედვით, თითქოს საპრეზიდენტო არჩევნები არაფერი არ არის, მაგრამ მეორე ტურის გამართვა ოპოზიციისათვის იმას ნიშნავს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ექნება თეორიული შანსი, "ქართული ოცნება" ჩაანაცვლოს. ამიტომაც, თუ აღმოჩნდა, რომ ზურაბიშვილმა პირველსავე ტურში გაიმარჯვა, ეს ოპოზიციისთვის მიუღებელი იქნება და რადიკალური ნაბიჯებისგანაც არ დაიხევენ უკან. ასეთი რამ მოსალოდნელია.
"თუმცა ვხედავთ იმასაც, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" რაც უნდა მოინდომოს, არ გამოსდის. თუნდაც სარალიძის აქციების დროს, რომელიც ბევრად უფრო ემოციური იყო, ვიდრე "ნაციონალები" წააგებენ თუ არა არჩევნებს, ამ პარტიამ მნიშვნელოვანი რაოდენობის ხალხის გამოყვანა ვერ მოახერხა. ამიტომ მარტო ერთი პარტია ვერაფერს იზამს.
"მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არჩევნების შედეგი დანარჩენი პოლიტიკური მოთამაშეებისთვისაც მიუღებელი გახდა, ზომიერი ოპოზიციაც აჰყვა ამას და ხელისუფლებამაც ძალა გამოიყენა, საზოგადოების აზრი სუსტის სასარგებლოდ შეიცვლება და შესაძლოა, გაუთვალისწინებელმა რამემ მისცეს ბიძგი დიდ საპროტესტო ტალღას. მით უფრო, რომ ხელისუფლება ამ სკანდალების შემდეგ ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და გარკვეული დეზორგანიზებაც შეინიშნება. ამიტომ მნიშვნელოვანია, რამდენად სტაბილურ ვითარებაში ჩაივლის არჩევნების დღე და რამდენად მშვიდად იქნება ხელისუფლება," - აღნიშნა კაკაჩიამ.
ფსიქოლოგ რამაზ საყვარელიძის აზრით, დიდია ალბათობა, რომ სალომე ზურაბიშვილმა პირველსავე ტურში გაიმარჯვოს, თუმცა თუკი ასე მოხდა, აუცილებლად ყველა მხრიდან გავიგებთ, რომ ხელოვნურად გაამარჯვებინეს მას. მიუხედავად ამისა, მასშტაბური აქციები არ იქნება.
"ოპოზიციის მხრიდან მტკიცება, რომ შედეგები გაყალბდა, დამოკიდებულია იმაზე, იქნება თუ არა გაყალბებაზე საჩივრები. მარტო იმიტომ, რომ სახელისუფლებო კანდიდატი გავიდა, ძნელია თქმა, გააყალბეო.
"ეს იცის "ნაციონალურმა მოძრაობამ". თუ არ ვცდები, ითქვა, რომ "ნაციონალები" საარჩევნო უბნებზე თავიანთ წარმომადგენლებს 10-10 საჩივრის დაწერას ავალებენ. მათ იციან, რომ დოკუმენტების გარეშე გაყალბებაზე ლაპარაკი ძნელია და ამიტომ უკვე დაიწყეს ამ დოკუმენტების დაგროვება. ამ გზით შეიძლება გაყალბებაზე ბრალის დადება.
"ალბათ ფრთხილად იქნება "ქართული ოცნებაც". სადაც მე ეს გეგმა "ფეისბუქიდან" გავიგე, "ოცნებამ" ჩემზე მეტი იცის და ნებისმიერ დარღვევას მაქსიმალურად აარიდებს თავს. მაგრამ ისიც შესაძლებელია, რომ ასეთი დარღვევების ყალბი დოკუმენტაციაც გაამზადონ და იქამდე, სანამ გაირკვევა, ყალბია თუ არა, მოსახლეობის წამოკიდება, პასიური მდგომარეობიდან გამოყვანა სცადონ.
"თუმცა მაინც მეეჭვება, ეს გამოვიდეს. ვფიქრობ, რომ დიდი აქციები ვერ იქნება. 2012 წლის შემდეგ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ მოწყობილ აქციებზე ხალხი კლებულობს. შვილმკვდარი მამების აქციაზეც ხალხი პირველად მივიდა, როგორც სარალიძის ჭირისუფალი, მაგრამ როცა იქ "ნაციონალები" ნახეს, წამოვიდნენ და აქცია დღეს როგორც მიდის, ხედავთ.
"ასე რომ, ეს პარტია ბევრ ხალხს ქუჩაში ვერ დააყენებს. რაღაც ჯგუფი შეიძლება დააყენოს, რომლის ამოცანა იქნება ჩხუბის დაწყება, აყალმაყალი, ლოკალური დესტაბილიზაცია, რისი ლიკვიდაციაც პრობლემა არ არის," - ამბობს საყვარელიძე.