სალომე ზურაბიშვილის საბოლოო პოზიცია ომის თაობაზე იმ საერთაშორისო შეფასებებს არ სცდება, რომელიც ომთან დაკავშირებით არსებობს, აცხადებს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი „ევროპული საქართველოს" საპრეზიდენტო კანდიდატის, დავით ბაქრაძის განცხადების კომენტირებისას. ბაქრაძე ჰააგაში რუსეთის საპასუხო სარჩელზე საუბრობს, სადაც, მისი თქმით, რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებასთან დაკავშირებით, რუსეთს არგუმენტად ზურაბიშვილის წიგნიდან ციტატები აქვს მოყვანილი. ჩუგოშვილი ამბობს, რომ ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.
„ამ ინფორმაციას არ ვფლობ. ეს ინფორმაცია შეიძლება მხოლოდ იუსტიციის სამინისტროს ჰქონდეს, როგორც ქვეყნის წარმომადგენელს. სწორი იქნება, თუ დეტალებზე იუსტიციის სამინისტრო ისაუბრებს.
„განცხადებები სხვადასხვაგვარი იყო, თუმცა სალომე ზურაბიშვილის საბოლოო პოზიცია იმ საერთაშორისო შეფასებებს არ სცდებოდა, რომელიც 2008 წლის ომთან დაკავშირებით არსებობს. კონკრეტულად მტკიცებულებად რა არის წარდგენილი და ამას რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს, ეს იუსტიციის სამინისტროს შეუძლია გითხრათ," - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
ბაქრაძის განცხადებას ეხმაურება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძეც, რომელმაც ჟურნალისტებს განუცხადა, რომ წინასაარჩევნოდ ოპოზიცია ცდილობს ზურაბიშვილის პერსონის დისკრედიტაციას.
„რუსეთი, ბუნებრივია, მოწოდებულია, რომ ყველანაირი საკითხი თავის სასარგებლოდ გამოიყენოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას ეს გამოუვა. ოპოზიციის ასეთი ხმაური გასაგებია.
„მათი მიზანია, რომ წინასაარჩევნოდ მოახდინონ სალომე ზურაბიშვილის პერსონის დისკრედიტაცია, მაგრამ საბოლოო ჯამში საზოგადოება იღებს დემოკრატიულ, ინფორმირებულ გადაწყვეტილებას. მგონია, რომ საზოგადოების აზრი სულ სხვაა, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის".
„თვითონ წიგნი მე წაკითხული არ მაქვს, მაგრამ ვშიშობ, რომ ოპოზიცია ამ ყველაფრის არასწორად ინტერპრეტირებას ახდენს. მე ვიცი, სალომე ზურაბიშვილის განწყობა და ვიცი, რომ ის იზიარებს იმ პათოსს, რასაც იზიარებს ჩვენი გუნდი მთლიანად - რუსეთმა დაიწყო ომი, თუმცა სააკაშვილის უპასუხისმგებლო ქმედებებმა ხელი შეუწყო იმ საზიზღარი გეგმის განხორციელებაში," - განაცხადა სოფო კილაძემ.
ცნობისათვის, ორშაბათს „ევროპული საქართველოს" საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით ბაქრაძემ ბრიფინგზე ახალ ფაქტებზე ისაუბრა, რომელიც რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებასთან დაკავშირებით ზურაბიშვილის განცხადებებს ეხება. ბაქრაძის თქმით, ჰააგის სასამართლოში საქართველოს მიერ შეტანილ სარჩელზე, რუსეთს არგუმენტად საპასუხო სარჩელში ზურაბიშვილის წიგნიდან ციტატები მოჰყავს.
დავით ბაქრაძემ პრესას საბუთად საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლოდან ამონაწერი აჩვენა.
„დღეს წარმოდგენილი გვაქვს დოკუმენტი, ნაწილი, ამონაბეჭდი რუსეთის საპასუხო სარჩელიდან და ამ სარჩელში ციტატის და არგუმენტის სახით პირდაპირ არის მითითებული ქალბატონ ზურაბიშვილის წიგნი. კერძოდ ამ ფრაგმენტში რომელიც ჩვენ მოვიყვანეთ მითითებული არის 137 - 139 გვერდები, ის მოსაზრებები რომელიც მას აქვს ჩამოყალიბებული. ამას რა თქმა უნდა გადმოგცემთ ჟურნალისტებსაც და საზოგადოებასაც.
„კიდევ ერთხელ დასტურდება რომ მისი განცხადებები არის საშიში და დამაზიანებელი საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის, მისი განცხადებები არის საშიში და დამაზიანებელი საქართველოს გაერთიანების პერსპექტივისთვის.
„ჩვენ ვირჩევთ პრეზიდენტს რომელიც უნდა იყოს საქართველოს ერთიანობის და ტერიტორიული მთლიანობის გარანტი, ჩვენ ვირჩევთ პრეზიდენტს რომელიც უნდა იყოს ჩვენი დეოკუპაციის და დევნილების საკუთარ სახლებში დაბრუნების გარანტი და ამ დროს ხელისუფლება გვთავაზობს კანდიდატს, რომლის ციტატებსაც არგუმენტის სახით იყენებს ოკუპანტი ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ, ჩვენი მთლიანობის წინააღმდეგ და ჩვენი დევნილების დაბრუნების წინააღმდეგ.
„ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას ქალბატონი ზურაბიშვილის არჩევა პრეზიდენტად, ვინაიდან ეს ადამიანი უკვე აზიანებს საქართველოს ინტერესს, ხოლო თუ ის იქნება საქართველოს პრეზიდენტი მის მიერ მიყენებული ზიანი ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის იქნება განუზომლად უფრო მეტი. დღეს წარმოვადგენთ საჯაროდ ამონაწერს რუსეთის სარჩელიდან, რომ ყველა დარწმუნდეს, ეს არის ფაქტი და მართლაც რუსეთის ფედერაცია, ოკუპანტი საქართველოს საპასუხო სარჩელში იყენებს სწორედ სალომე ზურაბიშვილის ციტატებს," - განაცხადა დავით ბაქრაძემ.