დღეს კიდევ ერთი ფარული ჩანაწერი გამოქვეყნდა, თუმცა ამჯერად უკვე ვიდეო კადრები, სადაც „ომეგა ჯგუფის" საქმეზე და სარდაფის ინციდენტის აქამდე უცნობ დეტალებზეა საუბარი - „კურიერს" წყარომ კიდევ ერთი ჩანაწერი მიაწოდა.
ამჯერად ფარული ჩანაწერი ვიდეოფაილია, რომელში ლევან ყიფიანი მასა და ფარცხალაძეს შორის მომხდარი დაპირისპირების დეტალებს იხსენებს.
სპორტის ყოფილი მინისტრი ზაზა ოქუაშვილს და „ომეგას" სხვა მენეჯერებს უყვება იმასაც, თუ როგორ გაარჩია ეს "ავარია" თავად ბიძინა ივანიშვილმა. ირკვევა ისიც, რომ ყიფიანი-ფარცხალაძის კონფლიქტის მოგვარებაში კიდევ არაერთი გავლენიანი პირი იყო ჩართული.
ჩანაწერში ლევან ყიფინი დეტალურად ჰყვება, რომ სარდაფში, სადაც ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს ახლა ოფისი აქვს, ის ჩაიყვანეს, მთლაინად გააშიშვლეს, გააკავეს და სცემეს. შემდეგ კი მასთან დაპირისპირების ამბავი ბიძინა ივანიშვილს თავად ფარცხალაძემ უამბო, რის შემდეგაც ის ივანიშვილმა დაიბარა და ჰკითხა, რატომ შეაგინა ფარცხალაძეს.
„ქართული ოცნების" წევრ გაგა კახიანს გავრცელებულ ვიდეოს ავთენტიკურობაში ეჭვი შეაქვს. ამბობს, რომ ვიდეო ისეა გადაღებული, ადამიანები ამას ნამდვილად საუბრობენ თუ არა, არ ჩანს. ეს ჩანაწერი ტოვებს შთაბეჭდილაბს, რომ ლევან ყიფიანი ცდილობს, ოქუაშვილს რაღაცაში დაეხმაროს. მისი აზრით, ამ ჩანაწერებით ახალი არაფერი გაგვიგია და მოქმედი პირები იგივეს საუბრობენ, რასაც აუდიო ჩანაწერში ამბობდნენ.
„ვფიქრობ, ჩანაწერში მოცემულ შინაარსზე კი არ უნდა ვიმსჯელოთ. უბრალოდ კითხვა უნდა დავსვათ, რას ემსახურება ამ ჩანაწერების გავრცელება და საქმე რასთან გვაქვს. საზოგადოების წარმომადგენლებთან ყოველდღიური ურთიერთობა მაქვს და უკვე იმ ჩანაწერების შინაარსზე კი არ მელაპარაკებიან, ხალხს უკვე ის აღიაზიანებს, რომ ამ გაუთავებელი სერიალების პერიოდიდან ვერ გამოვდივართ. ეს რას ემსახურება, ძნელად მისახვედრი არ არის. ეს არის „ნაციონალების" მხრიდან მცდელობა, რომ ხელისუფლების დისკრედიტაცია მოახდინონ და პოლიტიკური ტემპერატურა ხელოვნურად აწიონ.
ფაქტია, რომ ამ მიზანს ვერ აღწევენ. ამ ჩანაწერებით რა ეფექტიც უნდოდათ, რომ ჰქონოდათ, თავიდან შეიძლება მოჰყვა და საზოგადოებაში კითხვები გააჩინა, მაგრამ ამ კითხვებს პასუხი გავეცით და ბოლოს ყველა მიხვდა, საქმე რასთანაც გვაქვს. ჩანაწერებიდან მოსალოდნელი შედეგი ჩაუვარდათ. ამას ისე აშუქებენ, რომ თავს კომიკურ სიტუაციაში იყენებენ. თითქოს ახლა მოიპოვეს ეს ჩანაწერები.
დიდი ხანია აქვთ და საზოგადოებას პორცია-პორცია აწვდიან, მაგრამ ესეთი დამოკიდებულება ხალხის მიმართ შეურაცხმყოფელია. ჩემთვის ეს არის ყოვლად მიუღებელი. როცა ხელისუფლებაში იყვნენ, იგივეს აკეთებდნენ. ახლა ოპოზიციაში არიან და ისევ ამას აგრძელებენ, მათი ხელწერა არ იცვლება, მეტი არც არაფერი იციან",-აცხადებს გაგა კახიანი.
"საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ თუ კი ვინმეს აქამდე ჩანაწერების ავთენტიკურობასთან დაკავშირებით კითხვები ჰქონდა, ეს კითხვები ამ ვიდეო ჩანაწერების ნახვის შემდეგ უკვე თითქმის არ არსებობს.
„ცხადია, არსებობს გარკვეული ჯგუფები, რომლებიც პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე გადაწყვეტილებებს იღებენ. ეს ადამიანები სახელმწიფო ინსტიტუტების მიღმა მოქმედებენ და ხელშეუვალნი არიან. ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით არა ერთი ქეისი გვაქვს, სადაც თვალნათლივ ჩანს შემთხვევები რომ ფარცხალძის დასჯას მოითხოვდნენ, მაგრამ სამწუხაროდ სახელმწიფო ინსტიტუტები ამ ადამიანთან დაკავშირებით უმოქმედონი არიან. ეს ყველაფერი კი იმის შეფასების და შთაბეჭდილების საშუალებას იძლევა, რომ ამ ქვეყანაში არიან ადამიანები, რომლებიც იმუნიტეტით სარგებლობენ.
ამ პრობლემებს კი სახელმწიფო ინსტიტუტები უნდა აგვარებდნენ და პოლიტიკური ინტერესების გარეშე გადაწყვეტილებებს იღებდნენ. სამწუხაროდ ჩვენ ამ კონკრეტულ შემთხვევებში ვხედავთ, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ვერ უმკლავდებიან იმ გავლენებს, რომელიც პოლიტიკური გუნდის ხელმძღვანელს ბიძინა ივანიშვილს აქვს",-აცხადებს „რეზონანსთან" გიორგი მშვენიერაძე.
„ოცნების" ყოფილი დეპუტატის, დავით ჭიჭინაძის აზრით, დღეს გავრცელებული ფარული ვიდეოჩანაწერი ადასტურებს, რომ რასაც აქამდე ვისმენდით, საზოგადოების მოტყუება და დაცინვა იყო. დეპუტატის აზრით, გავრცელებულ ვიდეოზე პროკურატურამ დროულად უნდა გააკეთოს სამართლებრივი შეფასება.
„როგორც ჩანაწერიდან ირკვევა, ლევან ყიფიანმა სამართალდამცავებს ცრუ ჩვენება მისცა, რომ თითქოს ის სარდაფში ჩაყვანილი არ ყოფილა და აღნიშნული საუბარი ვიღაცის მოსატყუებლად იყო დადგმული. მან განმარტება უნდა გააკეთოს, რატომ დასცინიან საზოგადოებას მთელი ამ ხნის განმავლობაში. გარდა ამისა, პროკურატურამ დროულად უნდა გააკეთოს შესაბამისი სამართლებრივი შეფასება", - განაცხადა პარლამენტის წევრმა დავით ჭიჭინაძემ.
"რეზონანსი" შეეცადა, რომ ყოფილი მინისტრის ადვოკატს შალვა ხაჭაპურიძეს დაკავშირებოდა, თუმცა მან სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.