„ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობას არავინ იღებს. ვის მიუძღვის წვლილი უნივერსიტეტების დახურვაში? სტუდენტებს პრობლემები შეგვიქმნეს," - აცხადებს „რეზონანსთან" საუბრისას თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტი, რომელსაც ავტორიზაციის საბჭომ ახლახან ავტორიზაცია შეუჩერა.
მისი თქმით, იმ უნივერსიტეტში, რომელიც ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით წელს დაიხურა, გავლილი ჰქონდა ისეთი საგნები, რომელთა აღიარებაც იმ უმაღლეს სასწავლებელში არ მოხდა, სადაც მან საბუთები შეიტანა. სტუდენტებს კრედიტების აღიარების პრობლემა ექმნებათ და ფაქტობრივად, სულ მცირე ერთი სემესტრის დამატება უწევთ იმისთვის, რომ სწავლა დაასრულონ.
„სამი წელი ვისწავლე და წესით, სწავლა მეოთხე კურსიდან უნდა გამეგრძელებინა. დღეს უნივერსიტეტში მისულს მითხრეს, რომ ამ შემთხვევაში მეცხრე სემესტრი დამატება მომიწევს.
„ძალიან ბევრი საგანი არ დაემთხვა და ყველაფერთან ერთად, იმ უნივერსიტეტში, სადაც ვსწავლობდი, 5 კრედიტად აღიარებული საგანი 3 კრედიტად ჩამითვალეს. თანაც, მობილობის შემდეგ მეტის გადახდა მიწევს და პლიუს იმ საგნების ღირებულებაც, რომლის გავლაც დამატებით მომიწევს," - აცხადებს ის.
ცნობისათვის, ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, ჯერ შავი ზღვის საერთაშორისო უნივესიტეტს შეუჩერდა სტუდენტების ახალი ნაკადის მიღება, შემდეგ კი, - დამატებით რამდენიმე უმაღლეს დაწესებულებას ავტორიზაცია არ მიენიჭა. ეს იმ ყველაფრის ფონზე, როდესაც სასწავლო წელი უმაღლეს სასწავლებელში, ძირითადად, 17 სექტემბერს უკვე დაიწყო.
უნივერსიტეტები, რომელთაც წელს ავტორიზაცია შეუჩერდათ:
შპს -თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი
შპს - ევრორეგიონალური სასწავლო უნივერსიტეტი
შპს - ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის უმაღლესი სასწავლებელი
სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია
შპს - საქართველოს ბიზნეს აკადემია SBA
დაზარალებული სტუდენტების რიცხვი ათასობითაა. აღსანიშნავია, რომ სტატუსის შეჩერება მოხდა შემოდგომის სემესტრის დასაწყისში, რამაც პრობლემები კიდევ უფრო გაამწვავა.
აღნიშნული უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის რიგგარეშე მობილობა გამოცხადდა, რომელიც 25 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.
ფოტოზე: იბსუ-ს სტუდენტებისა და ლექტორების საპროტესტო აქცია განათლების სამინისტროსთან.