რეზონანსი
22.10.2018

 რუსთავში, საღამოს საათებში, 21-ე მიკრორაიონში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში, ახალგაზრდა ქალს, მამაკაცი თავს დაესხა და მისი გაუპატიურება სცადა. როგორც ადგილობრივები ყვებიან, 35 წლამდე მამაკაცი, ადგილობრივ მცხოვრებ გოგონას გზიდან აედევნა და სადარბაზოში შეჰყვა. ის გოგონას უკნიდან მოულოდნელად მიეპარა, პირზე ხელი ააფარა და მასზე სექსუალური ძალადობა სცადა. 

გოგონა საუბრის მეშვეობით შეეცადა, რომ თავდამსხმელისგან თავი დაეღწია და შესთავაზა, რომ ფულს და სხვა ნივთებსაც მისცემდა, რომლიც მას თან ჰქონდა, მაგრამ თავდამსხმელმა განუმარტა, რომ მისი მოტივი ძარცვა არ იყო.

ამის შემდეგ, ახალგაზრდა ქალი მამაკაცისგან გათავისუფლებას შეეცადა და ყვირილის მეშვეობით შველა ითხოვა.

გოგონამ მამაკაცს მოგერიების მიზნით ხელზე უკბინა. მომხდარ ფაქტს გზაზე მიმავალი გოგონა შეესწრო, რომელმაც 112-ში დარეკა და დახმარება ითხოვა. ამის დანახვის შემდეგ, მამაკაცი სადარბაზოდან გაიქცა. თვითმხილველები ამბობენ, რომ გამოძახებიდან პატრული, კრეიმინალური პოლიცია და სასწრაფო დახმარება ადგილზე მალევე მივიდა. მამაკაცმა მიმალვა მოახერხა, თუმცა ის მეზობელ ეზოში პოლიციამ დევნის შედეგად, მალევე დააკავა.

„ახალგაზრდა ბიჭი საღამოს აჰყოლია ქუჩაში. სადარბაზოში შეჰყვა და მასზე სექსუალურ ძალადობას შეეცადა. გოგონას თავიდან ეგონა, რომ მისთვის ფულის წართმევა უნდოდა, მაგარმ როცა ფული და ტელეფონი შესთავაზა, უთქვამს აქ სხვა მიზნით ვარო. ამის შემდეგ მოახერხა თავის გათავისუფლება, ყვიროდა და შველას ითხოვდა. ეს არაკაცი ეტყობა ხელით შეჩერებას ცდილობდა.

გოგონამ ხელზე უკბინა და თავიდან მოშორება ასე შეძლო. ვიღაც ბავშვს გაუვლია სადარბაზოსთან და ხმაური, რომ შემოესმა იფიქრა რაღაც ვერ იყო რიგზე და მაშინვე პოლიციაში დარეკა. გაიქცა, მაგრამ პოლიციამ ძალიან იყოჩაღა. მალევე მოვიდნენ და დაედევნენ, მეზობელ ეზოში დაიჭირეს. წარმოდგენა არ გავქვს ვინ არის, ჩვენს მეზობლად, რომ არ ცხოვრობს ფაქტია",-აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ძალადობის და იძულების ბრალდებით, 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.მ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს, ღამით, რუსთავში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში ამავე კორპუსის მაცხოვრებელ გოგონას შეყვა და მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაადგილებას აიძულებდა. გოგონამ თავდამსხმელს წინააღმდეგობა გაუწია და გ.მ.-მ შემთხვევის ადგილი დატოვა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს.

გამოძიება ძალადობის და იძულების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×