ტურიზმის გაზრდილ მოთხოვნას საქართველო ვერც მომსახურების დონით და ვერც ინფრასტრუქტურით ვერ პასუხობს. მოსახლეობის რიცხოვნობას ტურისტების რაოდენობა უკვე 2-ჯერ აჭარბებს, მაგრამ აქედან ნახევარზე მეტი ვიზიტორია, რომელიც ქვეყანას ერთი დღით სტუმრობს. ჩვენთან პრობლემაა როგორც მომსახურების დაბალი ხარისხი, ასევე საწოლი ადგილების რაოდენობა, გიდების მომზადების დონე, ფასები და სხვა, რაც ქვეყნის ტურისტულ შესაძლებლობას ნაკლებად მიმზიდველს ხდის.
ქვეყნის მთავრობა კი თავს იწონებს იმით, რომ ტურისტებისა და მოსახლეობის შეფარდებით საქართველო ლიდერი ქვეყანაა. როგორც ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ საერთაშორისო შეხვედრების ფორუმზე განაცხადა, ყოველწლიურად საქართველოში შემოსული ტურისტების რაოდენობა ქვეყნის მოსახლეობას 2-ჯერ აღემატება.
"ამ მაჩვენებლით, დღეს ჩვენ უკვე ლიდერი ვართ მსოფლიოში, ჩვენზე წინ მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაა, მაგალითად, ხორვატია. ტურისტებისა და მოსახლეობის რაოდენობის შეფარდების მიხედვით, ჩვენ უფრო წინ ვართ, ვიდრე იტალია ან საფრანგეთი.
ტურიზმს საქართველოსთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს ის სფეროა, რომელიც ჩვენი საექსპორტო შემოსავლების თითქმის 80%-ს გვაძლევს. ჩვენი ძალები უნდა მოვახმაროთ იმას, რომ ვიზიტორებს, რომლებიც ჩვენთან ჩამოდიან, მაქსიმალურად მაღალი ხარისხით მოვემსახუროთ", - განაცხადა ქობულიამ.
თუმცა, როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ტურისტი და ვიზიტორი ერთმანეთისგან გასამიჯნია, რამდენადაც ორი სხვადასხვა სეგმენტია და მათგან მიღებული ფინანსური სარგებელიც განსხვავდება. ექსპერტი ნიკა კვარაცხელია საუბრობს იმაზეც, რომ საქართველო დღეს დიდი რაოდენობით ტურისტების მისაღებად რეალურად არ არის მზად.
"არის ქვეყნები, სადაც ტურისტების რაოდენობა მოსახლეობას აჭარბებს, რაც არ ქმნის პრობლემას. მაგალითად, საფრანგეთისთვის ეს მაჩვენებელი გაცილებიტ მეტია, ყოველწლიურად 80 მლნ ტურისტს იღებს. ჩვენ არ ვართ მზად იმ რაოდენობის ტურისტების მისაღებად, რასაც ასახელებენ. კიდევ კარგი, რომ მათი უმეტესობა ვიზიტორია, რომლებიც ღამესაც კი არ ათევენ საქართველოში.
მოგზაურთა ნახევარზე მეტი "ერთდღიანი" ვიზიტორია, ერთი საზღვრიდან შემოდის და მეორე საზღვარზე გადის. მათგან მოგება გაცილებით ნაკლებია. ტურისტები რამდენიმე დღე მაინც უნდა იყვნენ ქვეყანაში, დახარჯონ ფული, რასაც ეკონომიკისთვის მართლაც მოაქვს მოგება", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" კვარაცხელიამ.
აყველაზე მეტ პრობლემას საქართველო ტურისტულ ინფრასტრუქტურაში აწყდება. კერძოდ, როგორც კვარაცხელია ამბობს, საწოლი ადგილების რაოდენობაც კი არასაკმარისია, რის გამოც ტურისტების გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილება რეალურად შეუძლებელია.
"დღეს საწოლი ადგილების მწვავე დეფიციტია. 1988 წელს 152 000 იყო და ახლა 70 000-საც ვერ აღწევს. ამ მხრივ საკმაოდ რთული ვითარებაა. მაშინ რაოდენობრივად სასტუმრო ცოტა იყო, მაგრამ ისინი დიდი ტევადობით გამოირჩეოდნენ. ახლა მცირე სასტუმროებია და ბევრი, რაც ტურიზმის ინდუსტრიისთვის არ არის დამახასიათებელი.
დარგს სჭირდება 2-3-ვარსკვლავიანი სასტუმროები, მინიმუმ, 200 ადგილით, რადგან იქ ტურისტთა ჯგუფები უნდა განთავსდნენ. დღეს რამდენიმე ისეთი სასტუმროა, ადამიანების 1 ჯგუფსაც რომ ვერ მიიღებს. ამიტომ რაც გვაქვს, ეს ნორმალური ინფრასტრუქტურა არ არის.
ცალკე პრობლემაა მომსახურების დონე, გიდების გადამზადების საკითხი და სხვა. რა თქმა უნდა, საჭიროა დროული გაუმჯობესება, რადგან ჩვენ მომსახურების დონითაც ვერ ვპასუხობთ საერთაშორისო მოთხოვნას", - ამბობს კვარაცხელია.
საქართველოს საერთაშორისო შეხვედრების ფორუმში საქართველოს საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წევრი კომპანიები მონაწილეობენ. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პოზიცია, საერთაშორისო კონგრესებისა და კონვენციების ასოციაციის 2017 წლის რეიტინგის თანახმად, წინა წელთან შედარებით, 8 პუნქტით გაუმჯობესდა, ხოლო 2014-2017 წლებში, ჯამში, 18 პუნქტით დავწინაურდით.