"ამას კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით, რადგან ბოლო ტრაგედიის შემდეგ იქ არაფერი შეცვლილა"
თამარ მუკბანიანი
23.10.2018

 ტყიბულის შახტებში სამუშაოები, სავარაუდოდ, 1-ლი ნოემბრიდან განახლდება. ივნისში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ დღემდე არ არსებობს დასკვნა, რომ დასაქამებულთა შრომა უსაფრთხო პირობებში გაგრძელდება, თუმცა მეშახტეებს უხელფასოდ დარჩენის შიში აიძულებთ, განაგრძონ მუშაობა სიცოცხლისათვის საშიშ პირობებში.

ტყიბულელი მეშახტეები 1-ლი ოქტომბრიდან უხელფასოდ რჩებოდნენ და ამის გამო დიდი გაფიცვის დაწყებას აპირებდნენ. არადა, ივნისში მომხდარი ტრეგედიის შემდეგ პრემიერისაგან მიიღეს დაპირება, რომ გაჩერების პერიოდში ხელფასი არ შეუწყდებოდათ. მათი მოთხოვნის მიუხედავად, დეტალურად და დოკუმენტურად გაფორმებულიყო ანაზღაურების საკითხი, ეს არავის გაუკეთებია. მეშახტეები პრემიერს სიტყვაზე ენდნენ.

სექტემბრის ბოლოს კი სრულიად საპირისპირო ინფორმაცია გახდა ცნობილი. "საქნახშირში" განაცხადეს, რომ თუ სამუშაოები არ განახლდებოდა, ისინი ხელფასს ვეღარ გადაიხდიდნენ, რამაც მეშახტეების დიდი უკმაყოფილება გამოწვია. ბოლო პროტესტის შედეგ მთავრობის წარმომადგენელი კვლავ ჩავიდა ტყიბულში და ისევ სიტვიერი დაპირება გასცა, რომ იძულებითი მოცდენა აუნაზღაურდებათ და ხელფასის გარეშე არ დარჩებიან.

უხელფასოდ დარჩენის შიშმა ისინი იმდენად მწვავე პრობლემის წინაშე დააყენა, რომ ცხოვრების ასე გაგრძელებას სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში მუშაობა ამჯობინეს და თანახმა არიან, ნოემბრიდან მუშაობა განაახლონ შახტებში, სადაც რამდენიმე თვის წინ მათი კოლეგები დაიღუპნენ. ვითარებას ამძიმებს ისიც, რომ დღემდე არ არსებობს დასკვნა, რომ შრომის პირობები უსაფრთხოა მუშა-მოსამსახურეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის.

მეშახტე გიგა ისაკაძე "ბიზნეს-რეზონანსთან" ამბობს, რომ შახტებში სამუშაოები 1-ლი ნოემბრიდან განახლდება და უცხოელი ექსპერტები შრომის პარალელურად დააკვირდებიან და გასცემენ რეკომენდაციებს უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებით.

"გასული კვირის ბოლოს, ჩვენი პროტესტის შემდეგ, ჩვენთან ჩამოვიდნენ მთავრობის წარმომადგენლები. მთავარ კითხვაზე - შრომის ანაზღაურების შესახებ გვითხრეს, რომ ხელფასს ჩვეულებრივად ავიღებთ, თუმცა ზუსტი პასუხი მაინც ვერ გავიგეთ. გვითხრეს, რომ დეტალებზე მოილაპარაკებენ და უხელფასოდ არ დავრჩებით.

მომავალი კვირის ბოლოს კი უკვე საქართველოში იქნებიან გერმანელი სპეციალისტები, რომლებიც სამუშაო პროცესის პარალელურად დააკვირდებიან, რამდენად უსაფრთხოა შრომა და გაიცემა რეკომენდაციებიც.

ჯერჯერობით შახტში სარემონტო პროცესია და, ჩემი ინფორმაციით, ანაზღაურების გაცემა კომპანიის მხრიდან ჩვეულებრივად გრძელდება იძულებით გაჩერებაზე", - ამბობს გიგა ისაკაძე "ბიზნეს-რეზონანსთან".

მეტალურგთა, მეშახტე-მაღაროელთა და ქიმიკოსთა პროფკავშირის თავმჯდომარე თამაზ დოლაბერიძე ასე მარტივად არ უყურებს შექმნილ მდგომარეობას, რადგან ჯერაც ბუნდოვანია, აუნაზღაურდებათ თუ არა სინამდვილეში მეშახტეებს იძულებითი განაცდური. იგი, ასევე, აღნიშნავს, რომ კომპანიამ მუშებს შეუქმნა იძულებითი შრომის პირობები და ათქმევინა, რომ არა აქვს მნიშვნელობა, მშიერი მოკვდებიან თუ შახტში აფეთქდებიან.

"კითხვაზე - ვინ აუნაზღაურებს მეშახტეებს ხელფასს, დღემდე არ არსებობს კონკრეტული პასუხი. ჩვენ გვქონდა კომპანიასთან მოლაპარაკება. ისინი ამბობენ, რომ პირველი ნოემბრიდან აღარ შესწევთ უნარი, გასცენ ხელფასი. 17 ოქტომბერს გავგზავნეთ წერილი მთავრობის სახელზეც, პრემიერ-მინისტს ვთხოვდით, მისი 16 ივნისის განცხადება დაედასტურებია, რომ მეშახტეებს იძულებითი მოცდენის მთელ პერიოდში მიეცემოდათ ხელფასი.

ქვანახშირის მომპოვებელი კომპანიის ბოლო განცხადებამ, რომ ისინი ხელფასს ვეღარ გადაიხდიან, მუშებში შექმნა იძულებითი შრომის გარემო და მათ ათქმევინა, რომ არა აქვს მნიშვნელობა, მშიერი მოკვდებიან თუ შახტში აფეთქდებიან. ამიტომაც დაიწყეს მოთხოვნა, რომ სახელმწიფომ უფლება მისცეს კომპანიას, მოპოვებითი სამუშაოები განაგრძოს.

პროფკავშირი ამას კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით, რადგან ბოლო ტრაგედიის შემდეგ იქ არაფერი შეცვლილა. გერმანული კომპანია კი, რომელიც უნდა ჩამოსულიყო და შახტში რისკები შეეფასებინა, მხოლოდ 7 სექტემბერს შეარჩიეს და, სამწუხაროდ, დღემდე არ ჩასულან მათი წარმომადგენლები ტყიბულში. აქამდე ზუსტი თარიღიც კი არაა ცნობილი, როდის დაიწყებენ მუშაობას. ჩვენ ვიცით მხოლოდ ის, რომ, მინიმუმ, 5 კვირა იქნება საჭირო დასკვნის დასადებად. დღეიდან რომ გადავთვალოთ, ტყიბულის შახტებში, მინიმუმ, 2 თვე ისევ იქნება იძულებითი მოცდენა", - აღნიშნა "ბიზნეს-რეზონანსთან" დოლაბერიძემ.

მისი თქმით, ნოემბრიდან მუშაობის განახლებაზე მეშახტეთა თანხმობა "საქნახშირის" მანიპულაციის შედეგია.

"მეშახტეები ამბობენ, რომ პირველი ნოემბრიდან განახლდება სამუშაო პროცესი. ეს არის კომპანიის მანიპულაცია. რაკი "საქნახშირში" აცხადებენ, რომ პირველი ნოემბრიდან ხელფასს ვეღარ გადაიხდიან, თუ ნახშირს არ მოიპოვებენ, მუშები შახტებში ჩასვლას აპირებენ, რათა ხელფასის მიღება შეძლონ.

მაქვს ინფორმაცია, რომ პირველ ნოემბრამდე კომპანია აწარმოებს სარემონტო სამუშაოებს, რათა შახტები არ დაზიანდეს. რა იქნება ამის შემდეგ, პასუხისმგებლობას არავინ იღებს. თითქოს რაღაც კულუარული ხმები გამოდის პერიოდულად, რომ მეშახტეებს უხელფასოდ არავინ დატოვებს, მაგრამ რომელიმე პასუხისმგებელ პირს კომპანიიდან ან მთავრობიდან ეს ჯერ არ დაუდასტურებია", - აღნიშნა "ბიზნეს-რეზონანსთან" დოლაბერიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×