სამწუხაროდ, არჩევნებიდან არჩევნებამდე ქვეყნის ეკონომიკური ვითარება არ იცვლება
მარი ჩიტაია
23.10.2018

 საქართველოს ეკონომიკაში წლევანდელი არჩევნები ვერაფერს შეცვლის. რა შედეგითაც უნდა დასრულდეს საარჩევნო პროცესი, ეკონომიკურ განვითარებაზე გავლენას ვერ მოახდენს. სპეციალისტთა შეფასებით, მთავრობას ქვეყნის ეკონომიკაზე ზრუნვისა და განახლების შესაძლებლობა მიეცა 2016 წელს, მაგრამ ეს შანსი ხელიდან გაუშვეს. ამასობაში ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური ფონი დამძიმდა. ამგვარი ვითარება რამდენიმე წლის განმავლობაშიც უცვლელი დარჩება.

"ბიზნეს-რეზონანსი" დაინტერესდა, როგორია ქვეყნის ეკონომიკური ვითარება არჩევნებიდან არჩევნებამდე, რატომ აღმოჩნდა სტაგნაციაში ეკონომიკა ბოლო წლების განმავლობაში და რა შეიძლება შეიცვალოს არჩევნების შემდეგ. როგორც აღმოჩნდა, ეკონომისტების უმეტესობას მიმდინარე პროცესების მიმართ საკმაოდ უარყოფითი დამოკიდებულება აქვს და ვითარების გამოსწორებას არც არჩევნების შემდეგ ელოდება.

სპეციალისტების ინტერესს იწვევს ქვეყნის ფისკალური პოლიტიკა, რა თვალსაზრისითაც მთავრობას სერიოზული პრობლემა აქვს.

სამართლის სფეროს სპეციალისტი ლევან ალაფიშვილი აქცენტს ბიუჯეტთან დაკავშირებულ ხარვეზზე სვამს. ახლაც, ისევე როგორც წინა მთავრობების პირობებში, ეს იქნება პარტიულ პოლიტიკაზე საარჩევნოდ მორგებული საბიუჯეტო მართვა. შესაბამისად, დროც არ არის საკმარისი, რომ მთავრობამ ამ შემადგენლობით რაიმე რეფორმის დაწყებაზე იზრუნოს.

"საინტერესოდ მეჩვენება ხელისუფლების პოზიცია 2 საკითხისადმი: ბიზნესისადმი დამოკიდებულება და მთავრობის ფისკალური, ანუ ხარჯვითი პოლიტიკა. არც ერთი მხრივ საამაყო ნამდვილად არაფერი აქვთ. ხელისუფლება "ღირსეულად" აგრძელებს წინამორბედების დაწყებული საქმეს, შეიძლება ითქვას, "წარმატებითაც" კი და გადასახადის გადამხდელთა ფულს ჯეროვნად მოიხმარს საკუთარი კომფორტისთვის. თანაც, ამავე დროს ჭკუას გვარიგებს და გვიწესებს შეზღუდვებს.

აყველა ბიზნესსუბიექტს მთავრობის ეკონომიკური გუნდისგან განსხვავებული მოსაზრება და პოზიცია აქვს. პოლიტიკური პროგრამების რეალიზაციამდე დარჩენილია წელიწადზე ცოტა მეტი (აქედან უდიდესი ნაწილი საარჩევნო პერიოდს ემთხვევა). ისევე, როგორც წინა მთავრობების პირობებში, ეს იქნება პარტიულ პოლიტიკაზე საარჩევნოდ მორგებული საბიუჯეტო მართვა. შესაბამისად, დროც არ არის საკმარისი, რომ ამ შემადგენლობით ხელისუფლებამ რამე რეფორმის დაწყებაზე იზრუნოს.

2016 მათ ჰქონდათ დრო, როცა არჩევნები მოიგეს. მაშინ უნდა ეზრუნათ სისტემურ ცვლილებაზე, მაგრამ ვერ შეძლეს. ამასობაში დამძიმდა ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური ფონი. ცხადია, ბიზნესიც წუხს გადაჭარბებული, პოპულისტური რეგულაციების დაწესების გამო, ასევე ეროვნული ბანკის ნეიტრალიტეტის დარღვევით", - ამბობს "ბიზნეს-რეზონანსთან" ალაფიშვილი.

წლის ბოლოს ვითარება კიდევ უფრო დამძიმდება, რისი მიზეზიც შეიძლება მთავრობის ხარჯვითი პოლიტიკის ხარვეზი გახდეს.

"ორიოდე დღის წინ გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ მსხვილ პროექტებში თანხა ათვისებული არ არის. შესაბამისად, კომპანიებს ჯარიმების გადახდა უწევთ. ასეთ ფონზე რაიმე ახლის წამოწყების შესაძლებლობას ვერ ვხედავ.

როგორც ჩანს, მთავრობა არ ხარჯავს, რადგან აქვს პესიმისტური მოლოდინი და კურსის კიდევ უფრო გაქცევის ეშინია, მაგრამ ესეც საკუთარ თავს უნდა დააბრალონ. თანმიმდევრული ფისკალური პოლიტიკის შემთხვევაში ეს რისკი არ დადგებოდა. "შემონახული" ფულის მასა წლის ბოლომდე ბაზარზე რომ გავიდეს, მერწმუნეთ, ეკონომიკას დაანგრევს. მთავრობამ საკუთარ თავში უნდა ეძებოს იმ პრობლემის მიზეზები, რაც გვჭირს და რის გამოც ქვეყანა ეკონომიკურად ვერ ვითარდება", - აცხადებს ალაფიშვილი.

რაც შეეხება სოციალურ პროექტებს, მისი თქმით, ვითარება არც ამ თვალსაზრისით შეიცვლება, საპენსიო დანამატს თუ არ ჩავთვლით.

"ხელისუფლებამ წინამორბედებისგან კარგად ისწავლა, რომ ამომრჩევლების გულის მოსაგებად სოციალურ პროექტებში ბევრი ფული უნდა დახარჯოს. ახლა მთავრობამ იკისრა ვალდებულება, რომ უახლოესი 2 წლის განმავლობაში პენსია გაზარდოს 20-20 ლარით. დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, სხვა მნიშვნელოვანი პროექტების განხორცილებას არ ველი", - ამბობს ალაფიშვილი.

ქვეყანაში ეკონომიკური რეფორმების გატარების შესაძლებლობას ეკონომისტი რამაზ გერლიანი ჯერჯერობით ვერ ხედავს, თუმცა მნიშვნელოვანია, აქტივების ნაწილი სახელმწიფოდან კერძო საკუთრებაში გადავიდეს, რაც მშპ-ს ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

"ეკონომიკურ პროცესებში გარღვევას არ უნდა ველოდოთ. ამ თვალსაზრისით, ეს არჩევნები ვითარებას ვერ შეცვლის, რამდენადაც ეკონომიკური კურსი არ იცვლება. მნიშვნელოვანი ბერკეტები მთავრობის ხელში რჩება და ქვეყნის პრეზიდენტის ფუნქცია ამ მხრივ შეზღუდულია.

პოსტაბჭოურ ქვეყანაში აქტივების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ სახელმწიფოს ხელშია, რაც ნიშნავს, რომ რეფორმები ბოლომდე არ გატარებულა. მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წელი ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით უკეთესია, საქართველოს ტიპის ქვეყნისთვის ესეც მცირეა. დღეს მშპ-ს ზრდის მაჩვენებელი ახლოა იმ ქვეყნების მაჩვენებელთან, რომლებსაც ინტენსიური ეკონომიკური ზრდა აქვთ. ამიტომ ძალიან სწრაფად არის საჭირო ეკონომიკურ პროცესებში ჩარევა და რეფორმების გატარება.

ეკონომიკური რეფორმა გასატარებელია იმის მიუხედავად, როგორი იქნება არჩევნების შედეგი. ჩვენ თუ გვინდა, რომ ეკონომიკური ვითარება შეიცვალოს, ძალიან ძლიერი ცვლილებაა საჭიროა. პირველ რიგში, ეს უნდა იყოს კერძო საკუთრების ბოლომდე ფორმირება, რაც გაზრდის იაფ ფულზე ხელმისაწვდომობას და საკრედიტო ტვირთს მოხსნის.

დღეს მოქალაქეების ხელში აქტივების 35%-ია, დანარჩენს სახელმწიფო ფლობს. უდავოა, რომ ამ საკითხის მოგვარება ქართულ ეკონომიკას დამატებით სტიმულს მისცემს", - ამბობს "ბიზნეს-რეზონანსთან" გერლიანი.

სპეციალისტების აზრით, არჩევნების შემდეგ ქვეყნის პრიორიტეტი უნდა გახდეს სიღარიბის დაძლევა, რაც საქართველოსთვის ყველაზე დიდი გამოწვევაა, სხვა პრობლემებთან ერთად.

ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი ვარაუდობს, რომ მთავრობის სხვა დაპირებები დავიწყებას მიეცა და ახლა პრიორიტეტი სწორედ უმუშევრობის შემცირება უნდა გახდეს.

"საპრეზიდენტო არჩევნები სახელმწიფო მოწყობის მიმართულებით ნაკლებადაა მნიშვნელოვანი. პრეზიდენტს ისედაც არანაირი ფუნქცია არა აქვს და სამომავლოდ მოვალეობა კიდევ უფრო შეუმცირდება. ფაქტობრივად, მას, შეწყალების უფლების გარდა, თითქმის არაფერი რჩება და, შესაბამისად, ამ არჩევნებს ეკონომიკურ პროცესებზე გავლენა არ ექნება. ალბათ უფრო საპარლამენტო არჩევნებიდან უნდა დავიწყოთ ათვლა, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ პარლამენტის ამ გუნდმა უკვე დაივიწყა, რა დაპირებებითაც მოვიდა. ბევრი პროექტი დავიწყებას მიეცა და დღეს სხვა სტრატეგია აქვს ხელისუფლებას. შეიცვალა მთავრობის შემადგენლობაც და აბსოლუტურად განსხვავებული ხედვაა.

ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა იყოს სიღარიბის დაძლევა და უმუშევრობის შემცირება. ამას აჩვენებს ყველა გამოკითხვა. პრობლემების ჩამონათვალში უმუშევრობა-სიღარიბემ პირველ ადგილზე გადაინაცვლა და ტერიტორიული მთლიანობა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები გადაფარა. ვფიქრობ, სიღარიბის დაძლევა უნდა გახდეს პრიორიტეტი ნებისმიერი ხელისუფლებისთვის, რომელიც ქვეყნის სათავეში მოვა", - ამბობს "ბიზნეს-რეზონანსთან" ჯანიაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×