ყველა ბოლოდროინდელი პროტესტის რეალური მიზეზი ლარის გაუფასურება, ინფლაცია და მისგან გამოწვეული ჭარბვალიანობაა
თამარ მუკბანიანი
23.10.2018

 2014 წლიდან მოყოლებული, ლარი 1.76-დან 2.70-მდე გაუფასურდა, რამაც ხალხი გააღარიბა, ბიზნესი დააზარალა, ინფლაცია მაქსიმუმზე აიყვანა. მოსახლეობას უპერსპექტივობის განცდა გაუჩნდა, რაც სხვადახვა დროს სხვადასხვა სახის პროტესტში აისახება. ლარის კურსი არის ის ძირითადი ფაქტორი, რომელმაც ამ ხელისუფლებას ძირი გამოუთხარა.

2014 წლის 20 ნოემბრიდან ლარმა დოლარის მიმართ გაუფასურება დაიწყო. უკვე 2014 წლის 10 დეკემბრის მდგომარეობით, 1 დოლარის ღირებულებამ 1.93 ლარს უწია, რაც იმ დროისათვის ძალიან მაღალ მაჩვენებლად ითვლებოდა. "ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლიდან 6 წლის შემდეგ კი ლარი აშშ დოლარის მიმართ უკვე 2,70-ს შეადგენს.

იმპორტდამოკიდებულ ქვეყანაში ლარის გაუფასურებამ ფასების მკვეთრი ზრდა, ინფლაციური პროცესები და ჭარბვალიანობა გამოიწვია, რამაც მოსახლეობა იმდენად დიდ წნეხში მოაქცია, რომ ემიგრაცია უფრო ინტენსიური გახდა. ადამიანებს საკუთარი ქვეყნიდან წასვლა უწევთ, რაგდან მომავლის იმედი გადაწურული აქვთ.

სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემებით ხსნიან ანალიტიკოსები მზარდ უკმაყოფილებას მოსახლეობაში, რომელიც სხვადასხვა დროს უსამართლობის სახელით გამართულ აქციებზე გამოდის ხელისუფლების წინააღმდეგ. ხალხს ეკონომიკური კეთილდღეობა სურს.

"იუნისეფის" ანგარიშის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 93 პროცენტი სიღარიბეში ან მის ზღვართან ახლოს ცხოვრობს. მარტო ბოლო 2 წელიწადში ღარიბთა არმიას 232 000 ადამიანი შეემატა. საყურადღებოა, რომ ღარიბ-ღატაკთა რიცხვის ზრდა უშუალოდ ლარის დევალვაციის პერიოდს ემთხვევა. სწორედ ეს ანგარიში იქცა კვირიკაშვილისა და მისი გუნდის მთავრობიდან დათხოვნის ოფიციალურ მიზეზად.

ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში ზვიად კანდელაკი მიიჩნევს, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლების მთავარი პრობლემა 2014 წლიდან გაუფასურებული ლარია, რაც მოსახლეობას უპერსპექტივობის განცდას უჩენს. ეს არის მთავარი რამ, რასაც ხელისუფლებამ თავი ვერ გაართვა და თუ ასე გაგრძელდა, გადაიყოლებს კიდეც.

"ინფლაცია, ფასების ზრდა, ჭარბვალიანობა, განკარგვადი შემოსავლის შემცირება, ხარჯის ზრდა და არასტაბილურობის განცდა - ეს არის შედეგი ლარის გაუფასურებისა. მუდმივმა ეკონომიკურმა წნეხმა და ფიქრმა, როგორი იქნება ხვალინდელი დღე, გაზარდა პესიმიზმი და ემიგრაცია ქვეყნიდან, რასაც ისედაც ძალიან ბევრი მოქალაქე მიმართავდა. ადრე თუკი დროებით (3-5 წელი) მიდიოდნენ, ახლა უკვე ეს ტენდენციაც შეცვლილია, რადგან მოსახლეობას არ აქვს იმის განცდა, რომ ხვალინდელი დღე უკეთესი იქნება. ამის ნიშანწყალს ვერ ხედავენ, ამიტომაც მიდიან ოჯახებით - მათი უმეტესობა სამუდამოდ. უკეთეს შემთხვევაში კი ღრმა სიბერემდე არ გეგმავენ დაბრუნებას.

პატარ-პატარა ცვლილებებით, პენსიის მცირედი მატებით, სამუშაო ადგილების შექმნის მცდელობით (თუკი ასეთი საერთოდ არსებობს), საშუალო სტატისტიკური ხელფასის ზრდით ხელისუფლება საერთო ფონს ვერ ცვლის. სანამ ქუჩაში გამოსული მოქალაქე დღითი დღე უფრო გაძვირებულ დოლარს ხედავს, ყველა მცდელობა ამაოა, რომ ხალხმა სტაბილურობა იგრძნოს.

2014 წლიდან მთავრობას ყველაფერი უნდა გაეკეთებინა კურსის სიმყარისათვის. გაისად კიდევ უფრო გაუფასურებული ვალუტა გვექნება და, რასაკვირველია, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა უფრო დამძიმდება", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ზვიად კანდელაკმა.

როგორც ეკონომისტი აღნიშნავს, ყველა პროტესტის რეალური მიზეზი, რომელიც ბოლო წელს იყო, ეკონომიკური პრობლემებია.

"ტყუილია მტკიცება, რომ ეს გარე ფაქტორების ბრალია და ვალუტა რეგიონში არსებულმა ვითარებამ გააუფასურა. მაგალითად, მეზობელ სომხეთში დრამს რყევა საერთოდ არ განუცდია.

საქართველოში დაუსრულებელმა დევალვაციამ მოსახლეობის მოჭარბებული აგრესია გამოიწვია. უახლესი ისტორია კარგად აჩვენებს, რომ საქართველოში ადამიანებს რცხვენიათ სიდუხჭირეზე ხმამაღლა საუბარი და ქუჩაშიც არასოდეს გამოდიან სოციალური პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით. თუმცა პრობლემები გროვდება და ბოლო ერთი წლის განმავლობაში სხვადახვა სოციალურ ჯგუფში სხვადასხვა მოთხოვნით ამოხეთქა, ძირითადად უსამართლობისა და ჩაგვრის გასაპროტესტებლად. სინამდვილეში, ხელისუფლება არ მიიღებდა საპროტესტო აქციებს, ლარი და ფასები რომ სტაბილური იყოს. უაღრესად დაწნეხილია ხალხი და ამიტომ ბობოქრობს", - აცხადებს კანდელაკი "ბიზნეს-რეზონანსთან".

ფინანსისტი ვახტანგ ხომიზურაშვილი იმ მიზეზებზე საუბრობს, რომელთა შედეგადაც ლარის ტოტალური გაუფასურება დაიწყო და მოსახლეობის გაღატაკება მოჰყვა.

"ლარის გაუფასურება, რაც დიდ აჟიოტაჟს იწვევს, არის შედეგი, ფუნდამენტური მიზეზების სიმპტომი კი ყურადღების მიღმა რჩება. მთავარი ინვესტიციების დეფიციტია ეკონომიკის რეალურ სექტორში. დღეს ყველაფრს ინვესტიციად მოიხსენიებენ, მათ შორის სესხებსაც კი, რაც სრული აბსურდია. საქართველოში არ არის შექმნილი პირობები, რომ რეალურად კაპიტალის შემოდინება დაიწყოს.

ინფლაცია ნორმალური მოვლენაა, როცა ვითარდება ეკონომიკა, რადგან ეკონომიკას სჭირდება ფულადი მასა, მაგრამ როცა ეკონომიკური განვითარება დაბალია, ამ პირობებში ინფლაციური პროცესები ძალიან უარყოფითად აისახება ეკონომიკაზე და მოსახლეობაზე.

ტყუილია ყველა მცდელობა გაუმჯობესებისა, სანამ მთავრობა არ შექმნის წინაპირობებს, რომელიც რეალური სექტორის ინვესტირებას წაახალისებს და შექმნის გარანტიებს, რომ დაცული იყოს. უნდა განვითარდეს ფასიანი ქაღალდების ბაზარი. სხვა გზა, უბრალოდ, არ არსებობს.

პირდაპირ უნდა ითქვას, რომ "ოცნების" გუნდს არც რესურსი აქვს და არც ნება ვითარების უკეთესობისკენ შესაცვლელად. იგივე შეიძლება ითქვას საქართველოს ეროვნულ ბანკზე", - აღნიშნა "ბიზნეს-რეზონანსთან" ხომიზურაშვილმა.

ამასობაში 2014 წლიდან დღემდე უკიდურესი სიღარიბე გაიზარდა 2,9%-ით, ხოლო ზოგადი სიღარიბე - 3,3%-ით. ქვეყანა კრიზისიდან ვერაფრით გამოდის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×