"თიბისი ბანკმა" FMO -სთან 103 მლნ ლარის ოდენობის სასესხო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ხუთწლიანი სასესხო პროდუქტი ძირითადად მოხმარდება ახალგაზრდა მეწარმეების დაფინანსებას, რომლებიც მართავენ მცირე და საშუალო საწარმოებს საქართველოში, ასევე ახალგაზრდა ფიზიკური პირების უზრუნველყოფას იპოთეკური სესხებით. FMO-ს მიერ ლარის რესურსის მობილიზება მოხდება საქართველოს საფონდო ბირჟაზე ფასიანი ქაღალდების საჯარო განთავსების გზით. ამის შესახებ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე "თიბისი ბანკის" და FMO-ს გენერალურმა დირექტორებმა ისაუბრეს.
როგორც "თიბისი ბანკში" განმარტავენ, აღნიშნული რესურსი ბანკს საშუალებას მისცემს, აქტიურად განაგრძოს მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსება საქართველოში.
"თიბისი ბანკის" გენერალურ დირექტორ ვახტანგ ბუცხრიკიძის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ ეს თანხა მოხმარდება ახალგაზრდა მეწარმეების დაფინანსებას და შიდა მეურნეობების განვითარებას, რაც ქართული ეკონომიკის მომავალია.
მისი თქმით, სესხის ფარგლებში გამოყოფილი თანხა მომავალი წლიდან თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში საწარმოების განვითარებას მოხმარდება.
"გვეამაყება წარმატებული ურთიერთობის დამყარება აქწ-სთან, "თიბისი ბანკის" გრძელვადიან პარტნიორთან. ჩვენს ურთიერთობას 2006 წელს ჩაეყარა საფუძველი და ამ 12 წლის განმავლობაში FMO-მ 350 მლნ აშშ დოლარზე მეტი ოდენობით დააფინანსა მცირე და საშუალო ბიზნესები ადგილობრივ ვალუტაში დენომინირებული და სუბორდინირებული სესხის სახით. დაფინანსების მიღება ადგილობრივ ვალუტაში უკიდურესად მნიშვნელოვანია მთლიანი ფინანსური სექტორისათვის, რადგან ეს ჩვენ საშუალებას გვაძლევს, ადგილობრივ ვალუტაში გავცეთ ისეთი სესხები, რომლებიც სულ უფრო და უფრო მოთხოვნადია კლიენტების მხრიდან. ეს, თავის მხრივ, ხელს უწყობს "თიბისი ბანკის" პოზიციის გაძლიერებას მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის სეგმენტის დაფინანსების თვალსაზრისით. ეს ტრანზაქცია მეტყველებს ორივე ინსტიტუტის მზაობაზე, განაგრძონ თანამშრომლობა და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ წინ ნაყოფიერი თანამშრომლობის კიდევ მრავალი წელი გველის. ამასთანავე, ობლიგაციების საჯარო განთავსება კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს კაპიტალის ბაზრის განვითარებას საქართველოში", - აღნიშნა ვახტან ბუცხრიკიძემ.
ნიდერლანდების განვითარების ბანკი გამოხატავს მზადყოფნას, რომ ხელი შეუწყოს საქართველოს მთავრობას მთლიან შიდა პროდუქტში მცირე და საშუალო ბიზნესის წილის გაზრდაში, ასევე მხარი დაუჭიროს საქართველოში ალტერნატიული საბანკო და საფინანსო ინსტიტუტების განვითარებას, რათა კაპიტალზე წვდომა მაქსიმალურად გამარტივდეს.
FMO-ს გენერალურ დირექტორ პიტერ ვან მიერლოს განცხადებით, ნიდერლანდების განვითარების ბანკი აგრძელებს თანამშრომლობას "თიბისი ბანკთან" და მთავარი პრიორიტეტია, რომ ნდობა გაღრმავდეს მომავალშიც. "მეამაყება, რომ ვაგრძელებთ გრძელვადიან და წარმატებულ ურთიერთობას "თიბისი ბანკთან" საქართველოში. ეს ახალი ტრანზაქცია "თიბისი ბანკს" საშუალებას მისცემს, შეამციროს უთანასწორობის მასშტაბები და ხელი შეუწყოს ფინანსურ ჩართულობას, განსაკუთრებით ახალბედა მეწარმეების მხრიდან, იმის გათვალისწინებით, რომ მათთვის უკვე ხელმისაწვდომი გახდება ფინანსური მომსახურება. ეს ტრანზაქცია მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოში სამუშაო ადგილების შექმნაში", - განაცხადა პიტერ ვან მიერლომ.
მისი შეფასებით, საქართველოს ეკონომიკური ზრდისა და განვითარების დიდი პოტენციალი აქვს.
"საქართველოს ეკონომიკა 1991 წლიდან ვითარდება. რა თქმა უნდა, არის შეფერხება და პრობლემაც, მაგრამ განვითარების პროცესი გრძელდება, რაც გვაძლევს ოპტიმიზმს, რომ ქვეყანას სამომავლოდ დიდი პოტენციალი აქვს. ის არის მაგალითი, როგორ გარდაიქმნას პატარა ქვეყნის ეკონომიკა გლობალურ ეკონომიკად. ეს პროცესი საქართველოს გარეშეც მიმდინარეობს, თუმცა მასში ქვეყნის ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამ ეტაპზე ხელმოწერილი ხელშეკრულება იძლევა შესაძლებლობას, რომ ობლიგაციები ლარში საქართველოს საფონდო ბირჟაზე განთავსდეს", - აღნიშნა მან.
FMO (ნიდერლანდების განვითარების საფინანსო კომპანია) ხელს უწყობს კერძო სექტორის მდგრად განვითარებას ახალ და განვითარებად ბაზრებზე და ძირითადად ფოკუსირებულია სამ სექტორზე, რომლებსაც მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლია, ზოგადად, ქვეყნის განვითარებაზე: ფინანსური ინსტიტუტები, ენერგეტიკა და აგრობიზნესი, საკვები და წყალი. 9.2 მილიარდი ევროს ოდენობის საინვესტიციო პორტფელით, FMO ერთ-ერთი ყველაზე დიდი ევროპული ორმხრივი ბანკია, რომელიც კერძო სექტორის დაფინანსებაზეა ორიენტირებული. დეტალური ინფორმაცია იხილეთ საიტზე: www.fmo.nl.